ნუკრი კეკელია პროფესიით არქიტექტორია. ის დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ბინას თბილისის ძველ უბანში, რომელსაც უნდა ჰქონოდა იტალიური ეზო და სხვენი. ეს უკანასკნელი აუცილებელი კომპონენტი იყო შერჩევის პროცესში, ვინაიდან სხვენის ხარჯზე მიღებული მაღალი ჭერი სივრცეს ვიზუალურად მეტად მიმზიდველს ხდის და ამას გარდა, ის პროექტირებისას ბევრი საინტერესო დეტალის მოფიქრების საშუალებას იძლევა.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ამ ტიპის ბინა ნუკრიმ 2019 წელს აღმოაჩინა და ის მაშინვე შეიძინა, მაგრამ, სწორედ ამ პერიოდში მსოფლიოში უკვე პანდემია მძვინვარებდა და შესაბამისად, სარემონტო სამუშაოების წარმოება COVID19-ით გამოწვეული შეზღუდვების პარალელურად მოუხდათ. თუმცა, როგორც ბინის მეპატრონე იხსენებს, მიუხედავად ბევრი სირთულისა, აღნიშნულ პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო.
“ბინა იყო “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში. თუმცა, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, “თეთრი კარკასი” ჯერ დავიყვანეთ “შავ კარკასამდე”, ხოლო შემდეგ ნულიდან დავიწყეთ პროექტის განხორციელება. ვინაიდან შენობა არის ძალიან ძველი და მასში არის გამოყენებული საკმაოდ ბევრი ხის დეტალი, რაც სწრაფად აალებადია, მივიღეთ უსაფრთხოების ზომები – დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, სრულად შეიცვალა გაყვანილობა, იზოლაცია და ა.შ. მთავარი სირთულე პროექტის განხორციელების დროს იყო ის, რომ პანდემიის გამო დაიკეტა ყველა სამშენებლო მაღაზია და ძალიან რთული იყო ყველა იმ მასალის მოძიება, რაც საჭირო იყო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე დიდ სირთულეს წარმოადგენდა იტალიური ეზოს კიბის უჯრედი, რომელზეც ძალიან რთულია გაბარიტული სამშენებლო მასალების ატანა და სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა.
თუმცა, გარდა სირთულეებისა, იყო სახალისო მომენტებიც. ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი ხელოსანი მახსენდება, რომელსაც ხის იატაკის მოსაწყობად ლურსმნები სჭირდებოდა. ვინაიდან იმ დროს სამშენებლო მაღაზიები დაკეტილი იყო და ტრანსპორტით გადაადგილებაც შეზღუდული იყო, ვთხოვე, რომ საჭირო რაოდენობა “მეტობით” დაეთვალა, რათა ხელმეორედ ყიდვა არ დამჭირვებოდა. ამის შემდეგ ხელოსანმა 10 კგ ლურსმნის მიტანა დამავალა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მოთხოვნილ 10 კილოგრამს 13 კგ ლურსმანი დააკლდა. ალბათ, უცნაურია, რომ ეს ისტორია ღიმილით მახსენდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა ასე დათვლილი ლურსმნების რაოდენობა, თანაც “მეტობით”,- იხსენებს ნუკრი
ბინა თავიდანვე გათვლილი იყო გასაქირავებლად. სწორედ ამიტომ, პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო სივრცე, რომელშიც იქნებოდა სასტუმროს ტიპის კომფორტი და ამავდროულად, საკუთარი სახლის სიმყუდროვე. სწორედ ამ მიზნით, ბინაში შეიცვალა თავდაპირველი გეგმარება და პროექტის ავტორებმა ის ქალაქში ხანმოკლე დროით მყოფი სტუმრების საჭიროებებს მოარგეს.
“ინტერიერის შექმნის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბინა თავისი მაღალი ჭერითა და უცნაური ფორმით, იძლეოდა ბევრი იდეის განხორციელების საშუალებას. ვფიქრობ, ყველა ის ჩანაფიქრი, რაც დავისახეთ პროექტირების დროს, კარგად განვახორციელეთ. მეტიც, ძველის დაშლის პროცესში ახალი იდეებიც გაჩნდა, რომლებიც ბინას ძალიან კარგად მოერგო.”
აღნიშნული ბინა ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი და მის შესახებ დამატებითი დეტალების გაცნობა კომპანია Wehost-ის ვებგვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი.
რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge
პროექტის ავტორი: ნუკრი კეკელია
არქიტექტურული სტუდია: Projector Studio
ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი