in ,

#სადვიცხოვრო: ფრიდა კალოს “La Casa Azul”-ის თბილისური გარდასახვა ვერცხლის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

“Casa Frida” გამორჩეული ინტერიერის მქონე სახლია, რომელიც შოთა ანდრიაძეს ეკუთვნის. ის არც პროფესიონალი დიზაინერია და არც სპეციალური განათლება აქვს მიღებული ამ მხრივ, ვინაიდან პროფესიით ბიზნეს ანალიტიკოსია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტექნიკურ უნარებთან ერთად, მას ფერების აღქმის გასაოცარი ნიჭიც აქვს. ამაში მის მიერ შესრულებული პროექტი გვარწმუნებს, რომელიც კრწანისის რაიონში მდებარეობს.

შოთა ანდრიაძე

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა თავდაპირველად, 1950-იანი წლების დასაწყისში, შოთა ანდრიაძის ბაბუას და ბებიას ეკუთვნოდა. მანამდე წყვილი მელიქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები იყვნენ და ვინაიდან ორივე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე ვეკუას სახელობის 42-ე მათემატიკურ სკოლაში, სურდათ საცხოვრებელიც სამუშაო ადგილის მახლობლად ჰქონოდათ. ასე დაიწყო ამ სივრცის ისტორია.

როგორც შოთა გვიამბობს, 1950 წლიდან დღემდე სახლმა მრავალჯერ შეიცვალა იერსახე, მოხდა მისი გაფართოება მომიჯნავე ფართების შესყიდვის საშუალებით, მრავალჯერ ჩატარდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. რაც შეეხება ბოლო ეტაპის სამუშაოებს, ამ პროცესს თავად შოთა ჩაუდგა სათავეში, როგორც ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენელი.

“ეს ყველაფერი მეტწილად განპირობებული იყო საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმზიდველობის ზრდით. გადავწყვიტე ოჯახის სახლის მთლიანი ფართის დაყოფა და სამი ტურისტული განთავსების საშუალების ფორმატის აპარტამენტის შექმნა. შესაბამისად, საჭირო გახდა მცირედი სარეკონსტრუქციო და სრული სარემონტო სამუშაოების ჩატარება”, – გვიამბობს შოთა

რენოვაციის პროცესში ბინის ახალგაზრდა მეპატრონემ ერთი მთლიანი ფართის სამ სხვადასხვა ფართად დაყოფა მოახდინა. შედეგად კი მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად, სივრცეები პირვანდელი არქიტექტურული წყობის კონდიციაში დაბრუნდა. თავდაპირველად ორი ბინის პროექტი განახორციელა, რომლებიც Airbnb პლატფორმაზე სამი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობენ. „Casa Friada” კი რიგით მესამე აპარტამენტია, რომელიც შოთამ სულ ახლახან დაასრულა.

“სირთულეებს ძირითადად საწყის ეტაპზე , პირველი აპარტამენტის სარემონტო სამუშაოების პროცესისას ვაწყდებოდი. ვიყავი ყოვლად გამოუცდელი და არ ვფლობდი არანაირ ინფორმაციას ამ მიმართულებით. თუმცა, მეორე აპარტამენტის სარემონტო სამუშაოების პროცესში, უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებული აღმოვჩნდი როგორც სხვადასხვა ტიპის სარემონტო მასალების კუთხით, ასევე განსხვავებული სამუშაოს შესრულების ტექნიკებში. ამას გარდა, გამოვიმუშავე არაკეთილსინდისიერი თუ არაპროფესიონალი ხელოსნის საწყის ეტაპზევე ამოცნობის უნარიც და შესაბამისად, მესამე აპარტამენტი ყველაზე სწრაფად და ნაკლები ძალისხმევისა თუ სტრესის გარეშე დავასრულე”.

როგორც შოთა აღნიშნავს, ტურისტული აპარტამენტების შექმნის პროცესმა მას დაანახა, რომ როდესაც კონკრეტული კონცეფციის/იდეის გარშემო იწყებ ძალისხმევის გაწევას, საბოლოო შედეგი ბევრად საინტერესო და ესთეტიკურად გამართული გამოდის. აქედან გამომდინარე, „Casa Friada”-ზე მუშაობისას მან თავიდანვე დაიწყო კონცეფციაზე ფიქრი, რომელიც აღნიშნული ფართის არქიტექტურულ მახასიათებლებს იდეალურად უნდა შერწყმოდა.

“მსურდა, შემენარჩუნებინა ჩვენი ძველი თბილისური ბინის ინტერიერის ელემენტები. საბედნიეროდ, სრულიად შემთხვევით წავაწყდი youtube მიმოხილვას, რომელიც XX საუკუნის გამოჩენილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს მექსიკური სახლის “La Casa Azul”-ის შესახებ იყო გადაღებული. მიმოხილვის ყურება დასრულებული არ მქონდა, როდესაც დარწმუნებით ვიცოდი უკვე, რომ ამ აპარტამენტსაც „La Casa Azul”-ის მახასიათებლები უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, მიზნად დავისახე, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი ფრიდას მექსიკური სახლის ინტერიერის ელემენტებთან და ფერებთან. მწვანე, ლურჯი, ყვითელი, სტაფილოსფერი – ეს ფერები დომინანტური იყო ფრიდას „ლურჯ სახლში“. შესაბამისად, ავეჯის, ტექსტილის, ჭურჭლისა, თუ დეკორაციის ელემენტებს ამ ფერების მიხედვით ვარჩევდი,”- ამბობს შოთა ანდრიაძე

საბოლოო ჯამში, ინტერიერი მისი ავტორის ჩანაფიქრის შესაბამისი გამოვიდა: ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისური სახლისა და ფრიდას მექსიკური ინტერიერის ელემენტები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბინაში არსებული ძველი ფორტეპიანო. ის იმდენად დაზიანებული იყო, რომ თავდაპირველად შოთამ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. თუმცა, ვინაიდან ფორტეპიანოს გადატანა საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა, ბინის მეპატრონემ ის მეგობრის დახმარებით განაახლა და სამზარეულოს ინტერიერის ნაწილად აქცია.

“განსაკუთრებულად გამოვყოფდი საძინებელს, უზარმაზარი ფანჯრებით, მუხის პარკეტით, 4 მეტრი სიმაღლის მქონე ჭერითა და დეკორატიული კედლებით. ყველაზე მეტად ეს ოთახი მიყვარს. თუმცა, მას შემდეგ რაც მისაღები ოთახისთვის ფრიდა კალოს მხატვრული, სარკიანი საწოლის იდენტური საწოლი დავამზადებინე (ეს იყო საწოლი, რომელშიც რეაბილიტაციის პერიოდში ის მწოლიარე მდგომარეობაში საკუთარ პორტრეტებს ქმნიდა), ვფიქრობ, ეს ზონაც განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს ჩემში”, – შოთა ანდრიაძე

აღნიშნული ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული დეტალების ხილვა შესაძლებელია Airbnb ბმულის მეშვეობით.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი 

ტური სინდი კროუფორდისა და ჯორჯ ქლუნის სახლებში

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ჰაერცვლაზე – “ნამაი სტანდარტი” გირჩევთ