საძინებელი არის სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც აუცილებელია კომფორტი და სიმყუდროვე. ამ ოთახში განსხვავებული აქცენტების შემოტანამ შეიძლება ის ძალიან დახვეწილ და თანამედროვე ადგილად აქციოს. განსაკუთრებული მიდგომები აამაღლებენ ოთახის საერთო ესთეტიკას და სივრცეში ჰარმონიას შეიტანენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ მოერიდოთ თამამ გადაწყვეტილებებსა და გაბედულ ექსპერიმენტებს, რის ხარჯზეც ინტერიერში ასახავთ თქვენს პირად სტილსა და მიმზიდველ გარემოს. დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე ქართულ პროექტს გაგიზიარებთ, რომლებშიც ინტერიერის დიზაინერებმა არასტანდარტული და საინტერესო მიდგომები გამოიყენეს.
ბინა ვაკეში
ამ ბინის საძინებელი ღია ფერებშია გადაწყვეტილი და სადა, მსუბუქი დიზაინით ხასიათდება. კედლები თეთრი ფერისაა, თუმცა ერთი-ერთ მათგანზე აქცენტის სახით, ფლამინგოს პრინტით გაფორმებული შპალერი გვხვდება, რომელიც ვარდისფერ საწოლს, ხალიჩასა და გარდერობს ჰარმონიულად ეხამება. შპალერი სივრცეში გამორჩეულ და განსხვავებულ შეგრძნებას აღძრავს, რომელსაც მშვიდი და მყუდრო კონტრასტი შემოაქვს.
სახლი მთაწმინდაზე
ამ სახლის საძინებელი ერთდროულად ფერადი და მყუდროა. მთავარი აქცენტი ზოლებიან, წითელ და ვარდისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ საწოლზე კეთდება, რაც ოთახს ახალისებს და მის ინდივიდუალურ ხასიათს გამოკვეთს. საწოლს შესანიშნავად ეხამება თბილ ფერებში გადაწყვეტილი ავეჯი და დეტალები, რომლებიც სივრცეში ერთიან და ჰარმონიულ განწყობას ქმნიან.
ბინა წყნეთის გზატკეცილზე
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საძინებელში დომინანტურ როლს მუქი კედლები და ფერთა პალიტრა თამაშობს, რომელთა ფონზეც განსაკუთრებით საინტერესო ჩანს მკვეთრი ფერის ნახატები. სხვადასხვა ფერთა კომბინაცია ერთმანეთთან შესანიშნავად არის დაბალანსებული, რის ხარჯზეც ოთახში არ იქმნება ქაოსისა და უწესრიგობის შეგრძნება. ნახატებს სივრცეში ძალიან დახვეწილი კონტრასტები და მრავალფეროვანი ელემენტები შემოაქვთ.
ბინა ჭავჭავაძეზე
ეს საძინებელი ნაზი, დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინით ხასიათდება. აღსანიშნავია საწოლის დიზაინი, რომელიც ფორმის გარდა, ტექსტილითა და ფერით გამოირჩევა. მასში გამოყენებული მუქი ვარდისფერი აქცენტები, რაც საოცარ მიმზიდველობასა და ეფექტს სძენს საძილე ზონას და ოთახში გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის. საგარდერობო ოთახის კონცეფცია კი ვარდისფერ ტონში გადაწყდა, რაც საინტერესო კონტრასტს ქმნის საძინებლის ინტერიერთან.
დუპლექსი ქობულეთის ქუჩაზე
ბინის დაპროექტებისას მთავარი გამოწვევა ოთახების გადანაწილება აღმოჩნდა, საბოლოოდ კი არჩეულ იქნა სტრატეგია, რომლის თანახმად, საერთო სივრცის ფართი საძინებლების ხარჯზე გაიზარდა და შესაბამისად, პრივატული ზონები შედარებით მცირე ზომის გამოვიდა. სწორედ ამიტომ, საძინებელი და სააბაზანო ერთმანეთთან გაერთიანდა და მთლიანობაში ძალიან გამორჩეული და განსხვავებული სივრცე შეიქმნა.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2