თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სულ უფრო აქტუალური ხდება იზოლირებული საგარდერობო ოთახის კონცეფცია. არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ცალკე არსებულ საგარდერობო სივრცეს დიდი მასშტაბები სჭირდება. სინამდვილეში, სწორი გეგმარების შემთხვევაში, გარდერობის ოთახის მოწყობა კორპუსის მცირე ზომის ბინებშიც არის შესაძლებელი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში გარდერობი ითავსებს კარადების, ტუმბოების, კომოდების, საკიდებისა და სხვა ტიპის სათავსოების ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ საძინებელი ოთახის სივრცე გათავისუფლებულია ზედმეტი ავეჯისა და ტანსაცმლის “გორებისგან”.
სათავსოების მოწყობის ეს მეთოდი დიდი ხანია, სარგებლობს პოპულარობით დასავლურ კულტურებში, თუმცა დღესდღეობით იზოლირებული საგარდერობო ოთახები ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამ სტატიაში ჩვენ სწორედ ამ ტიპის პროექტებს მოვუყარეთ თავი და მათ სიამოვნებით გიზიარებთ.
ბინა შარტავას ქუჩაზე
ეს საგარდერობო ოთახი საკმაოდ კარგად ეხმიანება ბინის საერთო ინტერიერს და ის თანამედროვე კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ გვხვდება შუშის გამჭვირვალე ფასადები ტონირების ეფექტით, რაც მათ მიღმა არსებულ ნივთებს ბევრად ესთეტიკურ სახეს სძენს.
ბინა ვაკეში
ამ შემთხვევაში საგარდერობო ოთახი საძინებელი ზონისგან შუშის ტიხრით არის გამოყოფილი და ამ გზით მასში შენარჩუნებულია სივრცის შეგრძნება და ბუნებრივი განათების სიუხვე.
ბინა კრწანისში
ამ პროექტში საგარდერობო ოთახი აბაზანასთან არის გაერთიანებული, რაც საკმაოდ ორიგინალურ დიზაინ გადაწყვეტას წარმოადგენს. აღნიშნული სივრცის მთავარ ღირსებას იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯარა წარმოადგენს, რაც ოთახს ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს.
ბინა ჭავჭავაძის გამზირზე
ამ შემთხვევაში სახეზეა ორდონიანი საძინებელი, რომლის მეორე დონე საგარდერობო სივრცეს წარმოადგენს. აქ გვხვდება მოსაწესრიგებელი კუთხე კონსოლითა და სარკით, რომელიც სათავსოებისგან გასაგორებელი კარით არის გამოყოფილი.
სახლი კიკეთში
აღნიშნული საგარდერობო ოთახი საკმაოდ დიდი ზომის არის და მასში ორი კედელი თაროებისა და საკიდების სისტემითაა დატვირთული. ცენტრალურ კედელზე გვხვდება სარკე, ხოლო სივრცის შუაგული პუფს უჭირავს, რაც საკმაოდ მოხერხებული ავეჯის ელემენტია ნებისმიერ საგარდერობო ოთახში.
ბინა ფიქრის გორაზე
ამ ბინაში ორი სხვადასხვა ტიპის საგარდერობო სივრცე გვხვდება. ერთი მათგანი გამჭვრვალეა და ის ვიტრაჟული ტიხრითაა გამოყოფილი საძინებლისგან, მეორე კი სრულად იზოლირებულია და დამოუკიდებელ სივრცეს წარმოადგენს.
ბინა დიღმის მასივში
ამ პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად ბინის მცირე ზომისა (სულ რაღაც 33 კვადრატული მეტრი), მისმა მეპატრონემ შეძლო მასში დამოუკიდებელი საგარდერობო ოთახის მოწყობა.
კერძო სახლი კრწანისში
ამ საგარდერობო ოთახში არა მხოლოდ სივრცის ფუნქციურობა და სათავსო სისტემების იდეალური გეგმარება იქცევს ყურადღებას, ის აგრეთვე საკმაოდ საინტერესო ვიზუალური კუთხითაც ხასიათდება. სივრცეში დომინირებს ხის ფაქტურა, რომელსაც იდეალურახ ეხამება ულამაზესი ცისფერი შტრიხები.
სახლი ბურკიაშვილის ქუჩაზე
ამ შემთხვევაში საგარდერობო სივრცე საძინებლისგან რატანის ელემენტების მქონე დასაკეცი კარითაა გამოყოფილი. სათავსოების სისტემა მუქ ტონშია შესრულებული, რაც თეთრ საძინებელთან მიმართებაში საუცხოო კონტრასტს ქმნის.