in

საინტერესო აქცენტებით გაჯერებული ბინა მადრიდში

Banner M2
Banner M2

ეს მომცრო ბინა მადრიდის ცენტრში, 1927 წელს აშენებულ შენობაში მდებარეობს. სახლი არტ ნუვოს მიმდევარი ესპანელი ოსტატის, ლუის ფერრეროს აშენებულია. მიუხედავად ამისა, ბინის ინტერიერის გაფორმებისას, ლოკალური სტუდია „Estudio Reciente“-ის არქიტექტორებმა სულ სხვა სტილი აირჩიეს და ბინა ავანგარდული ფერადი მოდერნიზმის შედევრად აქციეს.

შთაგონებად ვილა „Sonneveld House“ (როტერდამი, 1993 წ.) შეარჩიეს. უკანასკნელის ფუნქციური ინტერიერიდან „EstudioReciente“-ის არქიტექტორებმა ლაიმისა და ღვინის უჩვეულო ელფერები გადმოიტანეს, ასევე მოდერნისტული პალიტრის ძირითადი ფერები – ყვითელი და ლურჯი გამოიყენეს.

ბინის მომცრო ფართი არქიტექტორებმა გააერთიანეს და მხოლოდ საძინებლისა და სააბაზანოს იზოლირება მოახდინეს. ამავე დროს, სივრცის ზონირებისთვის რამდენიმე წარმატებული გადაწყვეტილება გამოიყენეს. ასე გაჩნდა მისაღებსა და სასადილოს შორის (რომელიც სივრცის კუთხეშია განთავსებული) უხილავ ბაწარზე ჩამოკიდებული ტექსტილის ფარდა. სამზარეულო ნაწილობრივ პრაქტიკული კარადით გატიხრეს, რომელშიც მაცივარი, გაზქურა და ბუფეტი მოთავსდა. კარადის უკანა მხარე მინიმალისტური სარკის პანელით დაფარეს, რომელიც სივრცეს ვიზუალურად აფართოვებს და ფანჯრიდან შემოსული სინათლის ნაკადს აორმაგებს.

რთული ფერთა გამა ინტერიერს ქარიზმატულობას მატებს. იატაკი და კედლები არქიტექტორებმა ლაიმის ფერის ფითხით დაფარეს, რომელიც ბორდოსფერ ფილასთან და სამზარეულოს კარადების ფასადებთან ბმაში უჩვეულოდ გამოიყურება. მისაღების პასტელურ ტონში მკვეთრი ფერები მოულოდნელად იჭრება: დრამატული გარდინა, რომელიც  თითქოს „ტვინ პიქსის“ წითელი ოთახიდან გადმოიტანეს, ლითონის ყვითელი საყრდენები, სკამები და ლურჯი მაგიდა. ამ ფერთა სიჭრელით პროექტი არ სრულდება: სააბაზანო თბილ ცისფერ ტონშია გაფორმებული, კარადებიანი შემოსასვლელის ზონა კი ზურმუხტისფერია.

საძინებელში ავტორებმა არა მხოლოდ სხვადასხვა ტონალობის ელფერი, არამედ ფაქტურებიც „დააჯახეს“ ერთმანეთს. აქ ხავერდის ცისფერი ხალიჩა, ლაიმის გლუვი კედლები, ყურძნისფერი რბილი გეომეტრიული ტუმბოები, კედლებზე შავ-თეთრი გრაფიკა და ტექსტურირებული, მდოგვისფერი თეთრეული ერთიან ანსამბლს ქმნის.

ნატურალურ ტონებში გადაწყვეტილი ვილა ტოსკანაში

მინიმალისტური ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – ანა ნიკიტინა-ქსნელაშვილის ინტერიერი