სკანდინავიურ ინტერიერში თეთრი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფერია, თუმცა, არსებობს მისი რამდენიმე შესანიშნავი ალტერნატივა, რომლებიც ამ სტილს საუცხოოდ ერწყმის. დღეს სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.
- ცისფერი
ცისფრის ცივი ელფერები წარმატებით გამოიყენება სკანდინავიური სტილის ინტერიერში. უფრო მეტიც, ტონის ინტენსივობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მას სწორი ფერი შეუხამოთ. ცისფერი ჰარმონიულად ერწყმის ხის ტექსტურას, რომელიც ამ სტილისთვის დამახასიათებელი მთავარი მასალაა. თუ ცისფრის სიცივე გაშინებთ, მასთან შესახამებლად უფრო თბილი ტონი შეარჩიეთ, მაგალითად, კრემისფერი. შედეგად ნეიტრალურ კომბინაციას მიიღებთ.
- ნაცრისფერი
ნაცრისფერი სკანდინავიური სტილის ერთ-ერთი ძირითადი ტონია. მას მრავალი ვარიაცია აქვს, რომელთაგან ზოგიერთი ცივია, ზოგიერთი კი — თბილი. თუ მყუდრო სივრცის შექმნა გსურთ, ყვითელი ან წითელი ნახევარტონის შემცველი ელფერი შეარჩიეთ, ხოლო თუ სკანდინავიური სიცივის მოყვარული ხართ, ფოლადი ცისფერს შეუხამეთ და ნაცრისფრის ცივი ელფერები გამოიყენეთ.
- ჭაობისფერი
არცთუ ისე მომხიბვლელი სახელის მიუხედავად, ჭაობისფერი თანამედროვე ინტერიერის აქტუალური ფერია. ესაა კომპლექსური, ბუნებრივი ნაცრისფერ-მწვანე ელფერი, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ხეს, კრემისფერ პალიტრასა და მდიდარ ყავისფერს. ჭაობისფერი ხაზს უსვამს ტექსტურისა და დეკორის ბუნებრიობას, რის გამოც ამ სტილის ინტერიერში ხშირად გამოიყენება. იგი საუკეთესოდ გამოიყურება კარგად განათებულ ოთახში. თუ ფანჯრები ჩრდილოეთისკენაა მიმართული, ჭაობისფერს უფრო ნათელი ტონები შეუხამეთ,მაგალითად, ყვითელი.
- კრემისფერი
კრემისფერი მრავალმხრივი ნეიტრალური ტონია, რომელიც კარგად ერწყმის ფერების ფართო სპექტრს. მისი გამოყენებით თეთრის ჩანაცვლებას თავისუფლად შეძლებთ. კრემისფერი უფრო თბილ გარემოს ქმნის, რის გამოც იდეალური არჩევანია მყუდრო და პრაქტიკული ინტერიერის შესაქმნელად. იგი შეიძლება ფონადაც გამოიყენოთ. სკანდინავიური სტილისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია მონოქრომული ინტერიერი, რომელშიც ნათელი ფაქტურის მქონე ტექსტილი, ავეჯი და მოპირკეთება ჭარბობს.
- მწვანე
მწვანე თანაბრად უხდება ცივ (ნაცრისფერ, ცისფერ) და თბილ ტონებს (კრემისფერს, ყავისფერს). სკანდინავიურ სტილში მას ძირითადად აქცენტების შესაქმნელად იყენებენ. თუ პალიტრის მთავარ ელემენტად მწვანეს შეარჩევთ, უპირატესობა ბუნებრივი ხის ავეჯსა და მსუბუქ ფერებს მიანიჭეთ.
- ყავისფერი
მართალია, იშვიათად, თუმცა სკანდინავიურ სტილში მაინც გვხვდება ყავისფერი. ის გამოიყენება ტექსტილში, ავეჯსა და დეკორატიულ ელემენტებში. სკანდინავიური ინტერიერისთვის დამახასიათებელია ფერთა ბუნებრივი პალიტრა, რომელშიც ყავისფერიც შედის, თუმცა, მისი გამოყენებისას გირჩევთ, ზომიერება დაიცვათ, რათა ოთახი ბნელი არ გამოვიდეს. გახსოვდეთ, რომ ამ სტილის მთავარი იდეა ჰაეროვანი სივრცის შექმნაა, რომელშიც ღია ფერები ჭარბობს.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი