სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, მდებარეობს სოსო და კოტე წერეთლების ქუჩაზე. ეს არის შენობა, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ არის აშენებული. შესაბამისად, მას ბევრი ბინადარი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი მიხეილ ვორონცოვის ნოტარიუსი იყო. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ამ შენობაში ერთ დროს პატარა ბანკიც ყოფილა.
დღეს კი ეს ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ეკუთვნის, რომელმაც იგი 5 წლის წინ შეიძინა. თავდაპირველად წყვილს სურდა, რომ სივრცე ტურისტებზე გასაქირავებლად გამოეყენებინათ, თუმცა, რემონტის შემდეგ მათ ამ ბინაში გადმოსვლა გადაწყვიტეს.
“ჩემი ოჯახი ამავე სადარბაზოში ცხოვრობდა. ჩვენს სართულზე სულ ორი ბინაა, რაც სადარბაზოს კიდევ უფრო მყუდროსა და ექსკლუზიურს ხდის. როდესაც მეზობელმა ოჯახმა გადაწყვიტა ამ ბინის გაყიდვა, ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა და ვიფიქრეთ, რომ ეს შანსი არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 2016 წლისთვის უკვე გაგებული გვქონდა, რომ ახალი აღმაშენებლის განახლების პროექტი იგეგმებოდა, რაც ჩვენს უბანს მეტ ტურისტულ პოტენციალს შესძენდა,”- გვიამბობს სახლის მეპატრონე
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უნიკალური სადარბაზო, რომელშიც შენარჩუნებულია ძველი დიზაინი: მოხატული კედლებით, ჭერითა და მარმარილოს კიბით. გარდა ამისა, ის მხოლოდ მეორე სართულს ემსახურება, რაც მთელს სართულს იზოლირებულს ხდის.
სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესში ბინის მეპატრონეებმა საკუთარ თავზე გამოცადეს ძველებური სახლის გარემონტების ხიბლიც და პრობლემებიც. წყვილის მთავარი გამოწვევა იყო ბალანსის დაცვა – ერთი მხრივ, მათ უნდა შეენარჩუნებინათ სახლის ძველებური სახე და ამასთანავე ინტერიერში უნდა შემოეტანათ თანამედროვე ელემენტები.
როგორც მეპატრონეები გვამბობენ, სახლის შეძენის მომენტში სივრცეს ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული ძველებური მუხის იატაკი და მარმარილოს ელემენტები შესასვლელში, თუმცა ძალიან დაზიანებული იყო შუშაბანდის ძველი ხის ფანჯრები და დერეფნის ძველი ფილები. ასევე მისაღებ ოთახში არსებულ ბუხარს დაკარგული ჰქონდა პირვანდელი სახე. რენოვაციის პროცესში შენარჩუნდა და მოპირკეთდა ბუხარი, რესტავრაცია ჩაუტარდა მუხის იატაკს, შენარჩუნდა მაღალი ფანჯრები და ხის შიდა კარები.
რაც შეეხება გეგმარებას, სახლს შეძენის დროს უკვე ჰქონდა შეცვლილი მისი პირვანდელი წყობა. სველი წერტილები განაწილებული იყო არასტანდარტული, თვითნებური განლაგებით, რაც როგორც სივრცის, ისე ფუნქციური კუთხით ბევრ დისკომფორტს ქმნიდა. ბინის ყოფილი მფლობელების მიერ გაუქმებული იყო დიდი სააბაზანო და ის საძინებელ ოთახად იყო გადაკეთებული. ახალმა მეპატრონეებმა კი გადაწყვიტეს, სველი წერტილები პირვანდელ ადგილზე დაებრუნებინათ, რამაც მათ საშუალება მისცათ, გაეფართოებინათ სამზარეულოსა და სააბაზანოს სივრცეები. ამისთვის საჭირო გახდა ფანჯრების სრულად შეცვლა, ცენტრალური გათბობის გაყვანა, შუშაბანდის ძველი, განადგურებული ფილების შეცვლა. ერთადერთი, რაც რემონტის დროს ხელუხლებელი დარჩა, იყო კედლები, ძველებური ჭერი და პარკეტი.
“ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი იყო შეგვენარჩუნებინა კულტურული მემკვიდრეობის ხასიათი, დაგვეცვა თანამედროვე ელემენტების ბალანსი და რაც მთავარია, საცხოვრებელი ყოფილიყო ფუნქციურად კომფორტული. ამ ყველაფერში დაგვეხმარა სამზარეულოსა და სველი წერტილების გადაადგილება და გაფართოება,” – გვიყვებიან სახლის მეპატრონეები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ცოლ-ქმარმა ყურადღება გაამახვილა, იყო დიდი მისაღების სწორად დაგეგმარება. ამ ოთახის მიმართ წყვილს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: პირველ რიგში, ეფექტურად უნდა გამოყენებულიყო ბუხრის სივრცე, რადგან ეს ბინის მეპატრონეების საყვარელ ადგილს წარმოდგენდა და აქ უნდა მოწყობილიყო კომფორტული გარემო სტუმრების მისაღებად და დასასვენებლად.
მეორე მოთხოვნა, რაც მისაღებ ოთახს უკავშირდებოდა, იყო კომფორტული სამუშაო კუთხის შექმნა. ვინაიდან წყვილი სახლიდან მუშაობს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცეში კარგი სამუშაო მაგიდის არსებობა. შესაბამისად, დღეს მისაღები ოთახი ორ ფუნქციას ითავსებს: ეს არის ე.წ. საერთო სამუშაო სივრცეც (Coworking space) და ასევე ადგილი დიდი სუფრებისა და შეკრებებისთვის.
რაც შეეხება სამზარეულოს, ბინის მეპატრონეებმა მასში არსებული სასადილო ზონა კაფეს სტილში მოაწყვეს და აქ კომფორტული სავარძლები და პატარა მაგიდა განათავსეს. როგორც სახლის ბინადრები აღნიშნავენ, სწორედ ეს კუთხე გახდა ყველა სტუმრისთვის საყვარელი სივრცე სახლში და ამას გარდა, ამ კუთხეს წყვილი სამუშაოდაც ძალიან ეფექტურად იყენებს.
“საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ მივიღეთ ძველებური სახლი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მისი ავთენტური სახე და ამავდროულად, გააჩნია თანამედროვე ელემენტები. მაღალი ჭერი, თეთრი კედლები და დიდი შუშაბანდი იძლევა დიდი სივრცისა და სინათლის შეგრძნებას. ლოკაცია კი ქმნის ძალიან მშვიდ და მყუდრო განწყობას”, – გვიამბობენ ბინის მეპატრონეები.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე