სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, 2022 წელს აშენდა ახალ ზელანდიაში და მისი საერთო ფართობი 133 კვადრატული მეტრია. მის მფლობელებს სურდათ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გარშემორტყმული იქნებოდა სიმწვანითა და გასაოცარი ხედებით. შედეგად, არქიტექტორებმა შექმნეს პროექტი, რომელიც აერთიანებს ღია სივრცეებს, ავსებს ინტერიერს მზის ბუნებრივი შუქით და საშუალებას აძლევს სახლის მფლობელებს, რომ მაქსიმალური კავშირი ჰქონდეთ გარშემო არსებულ ლანდშაფტთან.
ციცაბო, ამაღლებული ადგილი მნახველებს ულამაზეს ხედს სთავაზობს მაუჰიტიპანას ყურეზე და დაფარულია Pōhutukawa-ს სახელით ცნობილი ხეებით, რომლებიც ქმნიან დომინანტურ მწვანე ელფერებს ექსტერიერში. სახლის წინა ნაწილი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული და უწყვეტად მიეწოდება მზის სხივები. საძინებლები და აბაზანა მოთავსებულია მეორე სართულზე, ხოლო ქვედა სართული ნახევრად მინით არის ნაშენი და აერთიანებს მისაღებსა და სამზარეულოს.
სახლის ორ სართულზე გადანაწილება უზრუნველყოფს საცხოვრებელი ზონების ფუნქციურად დაყოფას. პირველი სართულის უკანა ნაწილი მოქცეულია მიწაში, მის უკან კი საკმარისი ადგილია, საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულოს გასაფართოებლადაც. შენობა დგას ექვს ფოლადის სვეტზე და მოპირკეთებულია კედრის მასალით.
ხის ჟალუზები უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის შეგრძნებას და მეორე სართულს მკვეთრად განასხვავებს პირველისგან, რომელიც მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალეა.
არქიტექტურული სტუდია: MacKayCurtis
ფოტოები: Simon Wilson
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”