in

კერძო სახლი ახალდაბაში – MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი

კერძო სახლი, რომლის ფართობი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ახალდაბაში მდებარეობს და მასზე არქიტქტურულმა სტუდიამ MUA Architecture & Placemaking იმუშავა. 

შენობა წარმოადგენს ორ სართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს აუზით.

ლანდშაფტის და ტერიტორიის ანალიზის შემდეგ, მიზნად დავისახეთ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული არიქტეტურის შექმნა. ერთი მხრივ, დამკვეთის სურვილებისა და საჭიროებების დიზაინში ინტერგირებით, და მეორე მხრივ, მათი პროგრამული განაწილებით, ჩამოვაყალიბეთ არქიტექტურული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შინაარსისა და ფუნქციის სინერგიას.

რთული რელიეფის გათვალისწინებით, ფუნქციები პროგრამულად სამ ბლოკად გადანაწილდა. ბლოკების მიმართულება, ორიენტაციისა და ლანდშაფტის გარდა, ფუნქციების ურთიერთკავშირმაც განსაზღვრა. ბლოკების მიმართულების ცვლილების შედეგად გაჩნდა ლანდშაფტთან ნახევრად გახნილი სივრცეები,” – MUA Architecture & Placemaking-ის გუნდი

ამგვარად, შენობა შედგება სამი ბლოკისგან, რომლებიც შიდა საფეხურებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ქმნის ერთ მთლიანობას. დონეთა სხვაობების გამო, რომელიც ლანდშაფტის მრუდს იმეორებს, რელიეფის ცვლილება მინიმალურია. შენობის არქიტექტურა ორგანულია და დროსთან ერთად ერწყმის გარემოს. ინტერიერიდან ხედები გზის მხარეს, ხევის მიმართულებით იშლება.

საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს, მოწყობილია საფეხმავლო შემოსასვლელი, რომელშიც რამდენიმე საფეხურის გავლით ვხვდებით. აქვეა ორანჟერეაც. აღნიშნული სივრციდან ხდება გადასვლა დღის ზონაში, საიდანაც ვხვდებით საძინებლების სივრცეში, რომლებიც ორ სართულზეა განთავსებული.

საერთო ოთახის სახურავზე მოწყობილია ტერასა და აუზი, რომელთანაც ორი კავშირია მოწყობილი. ერთისაძინებლის ზონის მეორე სართულიდან, ხოლო მეორე ეზოში მოწყობილი გარე კიბის მეშვეობით.

გარე პერიმეტრის უხეშფაქტურიანი ბეტონის ფასადი მზიდი კონსტრუქციის როლსაც ასრულებს. ღიობებში მოწყობილი კარფანჯრის მასალა მწვანე ფერის ალუმინია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შენობის კედელზე არსებული ხვიარა მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობს ნაგებობის ლანდშაფტთან ინტეგრირებას და არქიტექტურის ჰარმონიულ კავშირს ბუნებასთან. 

პროექტის ავტორი: MUA Architecture & Placemaking

გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა, სალომე კაცაძე, თეონა რეხვიაშვილი, დაჩი ჭეჟია, ელენე ედიშერაშვილი, ბექა მელაძე. 

კონსულტანტები: კონსტრუქციები – Q engineering, საინჟნრო პროექტი – შპს თერმოინდუსტრია, მშენებელი – BK Construstion, სარემონტო სამუშაოები – პაატა მოდებაძე, ლანდშაფტის დიზიაინი – ლალაჟი, განათების დიზაინი – ლაითსტუდიო

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

იაპონური სახლი ლოს-ანჯელესში – OWIU-ს პროექტი