მარიკა წულუკიძის პროფესიული გამოცდილება მარკეტინგის სფეროს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ კი მან ანტრეპრენერის როლიც მოირგო და დღეს ის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სტარტაპის, “შენიას” თანადამფუძნებელია. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, იგი პირველად ინტერიერის დიზაინით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა. სწორედ ამ გამოცდილების მიღების შემდეგ მარიკამ ყველა მისი სახლის ინტერიერი თავად შექმნა.
“დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე, მარკეტერობას ინტერიერის დიზაინს ვამჯობინებდი, თუმცა, ჩემი ოცნება, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ახდა. უფროსმა შვილმა გადაწყვიტა ამ პროფესიას დაუფლებოდა და ის ინტერიერის დიზაინერია,” – გვიამბობს მარიკა
სახლი, რომელშიც დღეს ჩვენი რესპონდენტი გვმასპინძლობს, ანანურში მდებარეობს და ის მისმა მეპატრონემ 4 წლის წინ შეიძინა. როგორც ის გვიამბობს, მანამდე აგარაკი არ ჰქონდათ და ყოველ ზაფხულს ქირაობდნენ სახლს, რომელიც თბილისური სიცხისგან თავშესაფარს წარმოადგენდა. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი იყო, ამას გარდა კი სხვის სახლში ცხოვრება კომფორტის სრულ შეგრძნებას არ იძლეოდა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ მარიკამ საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა.
“როცა ნანატრ შვებულებაში გადიხარ და გინდა სრულფასოვანი დასვენება, გარემო და ინტერიერი ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ერთ დღეს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და დავიწყე აგარაკების ძიების არც თუ ისე მარტივი პროცესი. ჯერ განცხადებებით ვცდილობდი მომეძებნა, მერე ადგილზე, სხვადასხვა ლოკაციებზე ჩავდიოდი. ვეძებდი ადგილს თბილისთან ახლოს, საიდანაც ყოველდღიურად შევძლებდი სამსახურში სიარულს. აუცილებლად მჭირდებოდა გრილი გარემო, რომ ზაფხულში აუტანელი სიცხისგან დისკომფორტი არ შეგვქმნოდა. ასევე მთავარ მოთხოვნებს შორის იყო ბევრი სიმწვანე, სივრცე და ხედი. ერთი ნახვით სიყვარულის პირველად ამ აგარაკის დათვალიერებისას დავიჯერე. ღობე, სახლის ფორმა, ხედები ბუმბერაზ მთებზე, ტყე, გაშლილი ეზო მუხის და ცაცხვის ხეებით – დავინახე თუ არა ეს ყველაფერი ვთქვი: ეს ჩემი სახლია!”
ასე შეიძინა მარიკამ სახლი დუშეთის რაიონში, რომლის ფართობი 105 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თავდაპირველად შენობა იყო ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. მას არ ჰქონდა აივანი, შიდა სივრცე კი არ იყო გადატიხრული. არ არსებობდა შესასვლელი სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში შესული სტუმარი პირდაპირ კიბის საფეხურზე უნდა აღმოჩენილიყო. აქედან გაჩნდა ტამბურისა და აივნის მიშენების იდეა. ამას გარდა, საერთო სივრცისგან გამოიყო სამზარეულოს კუთხე, ხოლო ზედა სართული გადაიტიხრა.
ვინაიდან ამ სახლში მეპატრონეები მეტ დროს გაზაფხულზე და ზაფხულში ატარებენ, კედლის ფერების ტონალობაც სათანადოდაა შერჩეული – ნათელი და ცოტა პასტელური ყვითელი ქვედა სართულზე, ხოლო საძინებლებში – ცისფერი.
მარიკასთვის ეს პროექტი პირველი გამოცდილება არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, ის სარემონტო სამუშაოებს საკმაოდ მარტივად გაუმკლავდა და ეს პროცესი ზუსტად 71 დღეში დაასრულა. თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, მთავარი სირთულე სამუშაოების დისტანციურად მონიტორინგში მდგომარეობდა, რაც ხარისხის კონტროლს ართულებდა. მაგრამ მიუხედავად ამ დიდი გამოწვევისა, პროექტი მაინც დათქმულ ვადებში განახორციელა და 2018 წლის 2 აგვისტოს ოჯახმა ახალმოსახლეობაც აღნიშნა.
“ამ სახლში გატარებული პირველი ღამე ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ერთი შემთხვევის გამო: როდესაც დადგა ის “ნანატრი დღე”, დავიქირავეთ დიდი სატვირთო მანქანა, შემოვაწყვეთ მასზე ჩვენი ბარგი და დავგეგმეთ, რომ ახალ დღეს ახალ სახლში შევხვდებოდით. გასაკვირი არ არის, რომ გადასვლის პროცესი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, მთელი დღე ვალაგებდით ნივთებს ახალ აგარაკზე და დღის ბოლოს უკვე ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ ბუნებრივია, ერთი სული გვქონდა, საწოლები აგვეწყო და ცოტა დაგვესვენა. თუმცა, ჩვენი სატვირთო მანქანა, რომელსაც საწოლები მოჰქონდა, არსად ჩანდა. ამას დაემატა ისიც, რომ მძღოლს ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. როდესაც ღამის 12 საათს გადასცდა, მივხვდით, რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა. ბავშვები გასაბერ მატრასზე მოვათავსეთ, უფროსები კი იატაკზე ვაპირებდით დაძინებას და სწორედ ამ დროს ტელეფონმაც დარეკა. აღმოჩნდა, რომ თურმე, სატვირთო მანქანა გზაში გაფუჭდა და ჩვენამდე ვერ მოდიოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენით წამოგვეღო მატრასები. ჩავაკითხეთ მძღოლს, ავიღეთ ჩვენი ნივთები და მოვდივართ კმაყოფილები, გვგონია რომ გადავრჩით! მაგრამ ცოტა ხანში მოხდა ისე, რომ გზაში ჩვენი ავტომობილიც გაფუჭდა. შესაბამისად, ახალი საძინებლის ნაცვლად, განთიადს მანქანაში შევხვდით. ამ ისტორიის გახსენებაზე დღემდე გულიანად მეცინება.”
რაც შეეხება სახლის გეგმარებას, ის შემდეგნაირია: ქვედა დონეზე, ერთიან სივრცეში, განთავსებულია მისაღები, სასადილო და სამზარეულო კუთხე. აქვეა სველი წერტილიც. ზედა სართულზე კი სამი საძინებელი და ერთი ღია სივრცეა, რომელიც ძირითადად ბავშვების სათამაშო ადგილს წარმოადგენს. სახლს ასევე გააჩნია აგარაკისთვის ერთ-ერთი აუცილებელი სივრცე – სათავსო/საკუჭნაო ოთახი, რომელიც შენობის უკან არის განთავსებული.
“ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა აგარაკი “სოფლის სტილში” (Country Style) და მოხდა ისე, რომ საქართველოში მივაგენი მსგავსი ფორმის სახლს. უკვე გამოყენებული მასალები – ხე და კრამიტი, დიდი ვიტრაჟული კარი ხედით მთებზე, დახრილი სახურავი მეორე სართულზე და პატარა ზომის ფანჯრები (აქ ჩვენთან სამერცხლეებს ეძახიან) – ეს ყველაფერი შევინარჩუნე”.
“ჩემი სახლი არის მყუდრო და კომფორტული. ცოტა ხნის წინ მეგობრები იყვნენ სტუმრად და ერთ-ერთმა მითხრა, „ეს როგორი პეპისეული სახლი გაქვსო“. ალბათ ასეცაა, არის მასში რაღაც ჯადოსნურიც და შთამაგონებელიც,” – მარიკა წულუკიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე