არქიტექტურული სტუდია NS STUDIO 2013 წელს ლუკა ჩაგანავასა და ნინი ჭანტურიას მიერ დაარსდა. სტუდიის მიზანია არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ხარისხიანი, საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრების შექმნა. არქიტექტორები საკუთარი ხასიათის შექმნას და თითოეული ნამუშევრით სწორი კონტექსტის, შინაარსის, აუცილებელი ფუნქციონალურობისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვას ცდილობენ.
სტუდიის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარმოადგენს “სახლი ართანაში”, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია მოქცეული და არაერთ საერთაშორისო გამოცემაშია გაშუქებული. პროექტი სოფელ ართანაში, კავკასიონის მთების ძირში განხორციელდა. სახლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი ხედებია. ამ პროექტში არქიტექტორების მიზანი ექსტერიერისა და ინტერიერის გაერთიანება იყო.
სახლის მთავარი შესასვლელი ამ ერთობის შერწყმის საკვანძო ადგილია. შენობის წინ მწვანე კუნძულია მოწყობილი, გვერდით კი მარნის შენობა. მიწის დანარჩენ ჩრდილოეთ ნაწილში ვენახია გაშენებული.
ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ექსტერიერია, რომელიც სახლში ხის ფანჯრებიდან “შემოდის” და მის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჭერის სიმაღლე, რომლის ყველაზე დაბალი წერტილი 4,5 მეტრს, ხოლო ყველაზე მაღალი – 6,5 მეტრს შეადგენს.
მასიური ხის კარიდან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ სივრცეში ვხვდებით, რომლებსაც კავკასიონის ხედი აერთიანებს.
შეკიდული ბუხარი სასტუმრო ოთახს ორ სხვადასხვა ტიპის დასასვენებელ ზონად ყოფს. ღია მწვანე და ნატურალური მოპირკეთების ფონზე მკვეთრი ფერები, აქცენტირებული განათება და დეკორის განსხვავებული ელემენტი გვხვდება.
ერთსართულიანი სახლი ძველი აგურითა და ხის ელემენტებითაა აშენებული, გადახურვა კი კრამიტით არის შესრულებული. მთავარი მიზანი ნაგებობის არსებულ გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობა იყო.
სამზარეულო მნახველის ყურადღებას ფორმითა და ფასადის ფერით იპყრობს. სტუმარი ბრუტალურ იერს ელოდება, მაგრამ სინამდვილეში, ნატურალურ მასალებთან, ხესთან და ქვასთან შერწყმული თანამედროვე, სწორი და ოვალური ხაზები ხვდება.
სამზარეულო და სასადილო ოთახები შემინულია და ბუნებრივად სხვადასხვა ხედებითაა დეკორირებული. აქ ყურადღების ცენტრში ხის სასადილო მაგიდა, სკამები და თითბრისფერი სამი სანათია მოქცეული.
ფოტოგრაფი: ნიკოლოზ ფანიაშვილი