სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 2023 წელს აშენდა ავსტრალიაში და მისი საერთო ფართობი 280 კვადრატული მეტრია. მისი არქიტექტურა განიხილება როგორც მარტივი და ძლიერი სტრუქტურა, რომელიც იდეალურად ასახავს გარშემო არსებულ ლანდშაფტს. დიზაინი ითვალისწინებს ეზოს, რომელიც ისეა მოქცეული შენობის შიგნით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მზის ბუნებრივი შუქის სახლში მოხვედრა. ცენტრალური ღია სივრცე დაპროექტებულია მაღალი ხეების გარშემო, რაც სასიამოვნო ურთიერთკავშირს ქმნის შენობასა და ბუნებას შორის. ამავე მიზანს ემსახურება მრუდი სახურავის ხაზიც, რომელიც სინქრონულად მიუყვება გარშემო არსებულ ფერდობებს.
მშენებლობისთვის შერჩეულია ეკოლოგიურად სუფთა, მონაცრისფრო მასალა, რომელიც ძირითადად გადაწყვეტილია ნაცრისფერ ტონებში და აქვს თბილი ყავისფერი აქცენტები. ბეტონის კედელი ქმნის სიმტკიცის ეფექტს და მტკიცედ განსაზღვრავს შენობის პერიმეტრს. ეზო, რომელიც შექმნილია როგორც სახლის ვიზუალური გაფართოება, უზრუნველყოფს კავშირს ოთახებს შორისაც.
სახლი ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის. მათ სურდათ ისეთი საცხოვრებელი, სადაც იქნებოდა დიდი სივრცე და მათი შვილები შეძლებდნენ ბუნებასთან ურთიერთობას. ოჯახი გამოირჩევა სოციალური აქტივობებით და ხშირად ატარებს დროს მეგობრებთან, ასე რომ მათი მიზანი იყო კომფორტული ინტერიერი, რომელიც შეინარჩუნებდა ინტიმური და მყუდრო სახლის განცდასაც.
მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლს ჰქონოდა მკაფიო სივრცე, რომელიც გამოიყოფოდა სხვადასხვა აქტივობებისთვის, გართობისთვის და ბავშვებისთვის სათამაშოდ. როდესაც არქიტექტორებმა ეს ადგილი პირველად ნახეს, აქ მხოლოდ ხეები და ფოთლები ჩანდა, რამაც შესაძლებელი გახადა ბუნებაში ინტეგრირებული სახლის ესკიზის შექმნა. ეზო დაპროექტდა სახლის კერძო და საჯარო სივრცეებს შორის კავშირის შესაქმნელად, ხოლო მინის კედლებმა უზრუნველყო მზის სხივების მოზიდვა, რათა გაეთბო ბეტონი უფრო გრილ თვეებში.
თაღოვანი სახურავის კიდე გამიზნული იყო მინის მზისგან დაცვისთვის და სახლის ზონებს შორის სინათლისა და ვიზუალური კავშირის შესანარჩუნებლად. თაღი შეიქმნა ბუნებრივი ხისგან. ცალკე გამოიყო ადგილი აუზისა და გაზონის ტერასისთვისაც. ეზოს სივრცე განვითარდა როგორც დიზაინის მთავარი მამოძრავებელი ცენტრი და საორიენტაციო ზონა.
სახლი ქვის კედლებით არის გარშემორტყმული, რადგან ქვა საკმაოდ ეკონომიური მასალაა. ამ შემთხვევაში, არჩევანი ბეტონის აგურზე გაკეთდა. ნაცრისფერი ტონი კარგად ეხამება ბუჩქნარსა და ბუნებას.
სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მრუდი ფოლადის ზედაპირი, რომელიც ქმნის ეზოს პერიმეტრს. პროექტის წარმატება ნამდვილად ეყრდნობა სივრცეს, რომელმაც არქიტექტორებს შიდა ეზოს შექმნის საშუალება მისცა.
არქიტექტურული სტუდია: Eldridge Anderson Architects
ფოტოები: Ben Hosking
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”