სახლი,რომელიც ანუკა სვანაძეს ეკუთვნის, ბაგებში, მწვანეში ჩაფლულ, მშვიდ ეზოში დგას. ასეთი ლამაზი და მყუდრო სწორედ მისი დამსახურებით გამოვიდა. ანუკა სარემონტო სამუშაოებშიც აქტიურად იყო ჩართული და ინტერიერის დიზაინშიც. როგორც გვიამბობს, მისთვის არც რემონტის პროცესია დამღლელი და მითუმეტეს, არც ინტერიერზე მუშაობა. მეტიც, ინტერიერის დიზაინი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმეა.
პროფესიით დიპლომატმა სწორად აქ, ინტერიერების შექმნაში იპოვა საკუთარი ნამდვილი მოწოდება.
სახლში შესვლისთანავე თვალში ულამაზესი ფერის კედლის კარადა გვხვდება, რომელიც რთულია, თქვა რა ფერია. კატალოგებში მას ალბათ აქვს მინიჭებული თავისი ნომერი, მაგრამ ჩვენთვის ის მდგოვისფრის და ზეთისხილისფრის უნაზესი ნაზავია, თითქოს მხოლოდ ამ კარადისთვის შექმნილი და გამოგონილი.
როგორც ანუკა გვიამბობს, საკუთარი სახლის გარდა, კიდევ რამდენიმე მეგობრის სახლის ინტერიერის დიზაინზე უმუშავია. ახლა ფიქრობს ტექნიკურად უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს ეს საქმე.
მისაღები ოთახი ვრცელი და ნათელია. ერთი კედელი მთლიანად დათმობილი აქვს ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა კორნელი სანაძე, კარლო კაჭარავა, ქეთი დავლიანიძე…
ამ ოთახის მთავარი მშვენება ანუკას კოპმანია „Oggetti“-ში, თავისივე დამზადებული ხის მასიური მაგიდა და მის თავზე დაკიდული ჭერის დიდი, ფორთოხლისფერი სანათია. სწორედ ეს ორი ნივთი ქმნის ამ ოთახის ხასიათს. დანარჩენი დეტალები კი მათ ორგანულად და ჰარმონიულად ესადაგება.
მისაღებს აივანი ესაზღვრება, სადაც ჯდომას არაფერი სჯობს. აქ ალბათ ზამთრის ცივ დღეებშიც ისეთივე სასიამოვნოა ყოფნა, როგორც გაზაფხულის თბილი საღამოების, ან ზაფხულის ცხელი ღამეების დროს.
მისაღები სამზარეულოსგან შემინული მოძრავი კარითაა გამოყოფილი, რომელიც პრაქტიკულად, სულ ღიაა.
სამზარეულო მინიმალისტურადაა გადაწყვეტილი, თუმცა იმდენი ლამაზი და საინტერესო აქსესუარი გვხვდება, მაშინვე განსკუთრებული ცნობისმოყვარეობა გიპყრობს და გინდა ყველაფერი დაათვალიერო, ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მიიღო – საიდან მოვიდა და რა წარმომავლობისაა. აქვე შეხვდებით სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ჭიქებს, რომლებიც ანუკას მაღაზია „DUKA“-დანაა, სადაც ბევრი ასეთი სილამაზის შეძენაა შესაძლებელი.
აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა დიზაინისა, ამ სახლში უხვად იპოვით ნივთებს, რომლებიც ასევე ანუკას დამზადებულია. ფაქტობრივად, ავეჯის 90 პროცენტი მის მიერაა შექმნილი. მაგალითად, სარკე და საწოლი მის საძინებელში.
სახლში კიდევ ორი საძინებელია. პირველი მათგანი ანუკას ქალიშვილს ეკუთვნის. აქ კედლები თეთრია, თუმცა არა ქათქათა. ჭერის სანათიდან, რომელიც გეგონება, რომ ბევრი სიფრიფანა ფენისგანაა აწყობილი, რბილი სინათლე იღვრება.
მწვანე მაგიდა და ჭრელი სკამი საოცარ ელფერს ანიჭებს აქაურობას, მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე უნიკალური და ყველაზე ჯადოსნური ამ ოთახში მაინც ტანსაცმლის ბაცი ვარდისფერი, შემინული კარადაა, შიდა ფარდებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოთახს ორივე მხრიდან ფანჯარა აქვს. ღამე კარადის მინა ჭერის სანათს ირეკლავს, როგორც ალტერნატიულ, თეთრ მზეს. ოთახიც ამიტომაა ასეთი ნათელი, სუფთა და ჰაეროვანი. აღსანიშნავია, რომ საწოლიც და ეს ულამაზესი კარადაც ანუკას დიზაინითაა შექმნილი.
რაც შეეხება სააბაზანო ზონებს, ერთი მათგანი, რომელიც ანუკას საძინებელს ესაზღვრება, მუქი მწვანე ფილებითაა მოპირკეთებული. წითელი კარადა ძალიან ორგანულად იკავებს ადგილს ამ ინტერიერში.
მეორე სააბაზანოს კედლები დაბინდული შავია. პირსაბანის ნარინჯისფერი სადგამი და სადგამზე მოთავსებული იისფერი ზღაპრული კაცუნა (რომელზეც ხელის დაბანის დროს მოხსნილი ბეჭდების დაკიდება შეიძლება), საოცარ, მოდურ და გემოვნებიან დუეტს ქმნის.
ამ სახლში ყველაფერი ერთმანეთს უხდება. არაფერია ზედმეტი. კარგად ნაფიქრი, კარგად შერჩეული და შეხამებული დეტალები გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს. ყველგან, ყველა ოთახში, მიუხედავად ბევრი წვრილ-წვრილი აქსესუარისა, დატოვებულია სივრცე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახლი სუნთქავს.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 წელია, რაც ამ სახლში ცხოვრობს, ის უკვე ძალიან მშობლიური გახდა ანუკასთვის. ეს გასაკვირი არცაა – აქ ყველაფერში მისი ხელი ურევია. როგორც თავად ამბობს, ამ სახლს “სული აქვს”. ეს განცდაც ალბათ აქედან მოდის.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2