ეს სახლი მზის შუქზე მარმარილოსავით ბრწყინავს. წინა მხრიდან ხედავთ რთულად შესამჩნევ კაბინას, მაგრამ შენობის მეორე მხარე ცხადყოფს, რომ აქ რაღაც უჩვეულო მოხდა. თავდაპირველ საცხოვრებელს დაემატა ბრჭყვიალა შუშის გაფართოება, რომელმაც მას განსხვავებული ელფერი შესძინა.
უკვე ას წელზე მეტია, რაც ეს კაბინა ჩეხეთში, ჯიზერას მთებში, მდელოზე დგას. სახლის აშენების შემდეგ მის ირგვლივ მდებარე გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ორმა მსოფლიო ომმა მოიცვა ევროპა, ჩეხეთის რესპუბლიკამ კომუნიზმის ბნელი პერიოდი და რევოლუციის შემდგომი სასტიკი წლები გადაიარა. მას შემდეგ სამყარო უფრო სწრაფი და დაკავშირებული გახდა, მაგრამ ზოგიერთი რამ უცვლელი რჩება.
სახლი მომავლის გათვალისწინებით გარემონტდა, მაგრამ, იმავდროულად, პროექტის ავტორებს არ სურდათ მისი წარსულის ყველა მშვენიერი და ველური ასპექტი უკუეგდოთ. არსებითი იყო, რომ სახლს თავისი არამატერიალური სული არ დაეკარგა. ავტორები ამბობენ: „რაც შეგვეძლო, შევინარჩუნეთ. რაც დარჩა, შევავსეთ ახალი მახასიათებლებით, რომლებიც წარსულთან კონკურენციისკენ არ ისწრაფვიან.“
მსუბუქი, გამჭვირვალე, მინისგან შექმნილი სტრუქტურა, ვიზუალურად აფართოებს მისაღებ ოთახს, რომელიც თანამედროვე სამზარეულოს და უამრავ თავისუფალ სივრცეს აერთიანებს. საკმაოდ უჩვეულო განლაგება და სპილენძის პრიალა ჭერი, რომელიც გარე სივრცეს ირეკლავს, სახლში საუცხოო ატმოსფეროს ქმნის.
ზედა სართული, სადაც ოთხი საძინებელია განთავსებული, დასვენებისთვის არის განკუთვნილი. მინის კედლების მქონე საძინებელი განსაკუთრებით მომხიბვლელად გამოიყურება.
დიდი საბავშვო საძინებელი ასევე არის სათამაშო ოთახი, სადაც შეიძლება ბავშვების აქტივობამ გადაინაცვლოს იმ შემთხვევაში, თუ გარეთ ამისთვის შესაფერისი ამინდი არ არის. დანარჩენი ორი საძინებელი კი ის ოთახებია, სადაც დილით მზის სხივი გაგაღვიძებთ, თქვენ კი იტყვით: „ღმერთო, რა კარგია აქ ძილი!”
სახლის ინტერიერი დახვეწილად არის გაფორმებული. მასში კარგად ჩანს პროექტის ავტორების დამოკიდებულება რენოვაციისადმი. მათ არ სურდათ სახლში გლობალური დიზაინის ელემენტების ძალდატანებით განთავსება. ახალი აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი შედგება ორიგინალური ავეჯისა და აქსესუარებისგან, რომლებიც პროექტის ავტორებმა თავად შექმნეს. ახალ ელემენტებს კი ავსებს ძველი ავეჯი, რომელიც თავად კლიენტების მიერ არის შერჩეული.
კაბინიდან არც თუ ისე შორს დაემატა თითქმის უხილავი საუნა, რომელიც მოთმინებით ელის თხილამურებით სრიალისგან დაღლილ მეპატრონეებს.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”