in

ნეოკლასიკური სტილის სახლი დიღომში — ანი მაჭავარიანის ნამუშევარი

დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომლის საერთო ფართობი 350 მ2-ია, ინტერიერის დიზაინერის, ანი მაჭავარიანის მიერ შეიქმნა. სახლი ნეოკლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც საინტერესო ელემენტებით ხასიათდება.

ანი მაჭავარიანი

პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ ობიექტზე მუშაობისას წინასწარ განსაზღვრული კონცეფცია არ ჰქონია და თითოეული დეტალი დამკვეთთან თანამშრომლობითა და ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა, სადაც დიზაინერის ხედვა და მაცხოვრებლის სურვილები ერთმანეთს სრულად დაემთხვა. შესაბამისად, პროექტი მეპატრონის ინტერესების გათვალისწინებით შესრულდა.

ინტერიერი ბუნებრივი მასალებით არის მოპირკეთებული. სივრცეში გვხვდება ხე, ქვა, ეკოლოგიურად სუფთა საღებავები, ტექსტილი და სარემონტო მასალები.

პროექტში გამოყენებულია თეთრი, კრემისფერი და სპილოს ძვლის ფერი ტონალობები და ხისა და ბუკლეს ავეჯი. დიდი აქცენტი კეთდება ბუნებრივ მცენარეებზე და ელექტრო ბუხარზე, რომელიც სასიამოვნო აქცენტებს ქმნის, ხის სვეტები და დეკორატიული განათება კი სახლს უფრო ეფექტურსა და მიმზიდველს ხდის.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა სამზარეულოსა და მისაღების გამიჯვნა იყო ისე, რომ ფართი და სინათლე შენარჩუნებულიყო. საბოლოოდ, პროექტის ავტორის გადაწყვეტილებით, დაპროექტდა გამყოფი ტიხარი შუშის, თუჯისა და მეტალის მასალებით, რომელმაც საინტერესო შტრიხი შეიტანა სივრცეში.

ნეოკლასიკური სტილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი, სადა ფერთა გამა გვხვდება მისაღებ ოთახში, სადაც მუქი ყავისფერი შტრიხები ორგანულად ერწყმის თეთრ, სპილოსძვლისფერ პალიტრას. ყურადღებას იქცევს იატაკის საფარი, რომელზეც ფილებს ღია ხისფერი პარკეტი ჰარმონიულად ანაცვლებს. კლასიკური ესთეტიკა კედელზე დატანილი მოლდინგებითა და სადა, დახვეწილი ავეჯით მიიღწევა, რომელშიც ეგზოტიკურ შტრიხებს ბუნებრივი გამწვანება ქმნის.

მისაღებ ზონაში მოწყობილია მცირე სასადილო კუთხე თეთრი მაგიდითა და რბილი ტექსტურის შავი სკამებით, რაც ასევე, ნეოკლასიკურ სტილს უსვამს ხაზს. მაგიდასთან მდგარი კარადა კი თანამედროვე და კლასიკური დიზაინის აქსესუარებით არის გაფორმებული. აღსანიშნავია ჭერის დეკორატიული განათება და სასადილო მაგიდის თავზე მიმზიდველი სანათი, რომელიც სივრცეს უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს.

სამზარეულო მისაღები სივრცის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც მოძრავი შუშის ტიხრის გამო, მასთან კავშირს არ კარგავს. ამ ზონაშიც კედლები მოლდინგებით არის გაფორმებული და კონტრასტის სახით მუქი ყავისფერი ავეჯია შემოტანილი. პრაქტიკულთან ერთად, დეკორატიული ელემენტია ელექტრო ბუხარი, რომელიც მისაღებსა და სამზარეულოს ერთდროულად ეკუთვნის.

ოთახს ხიბლს მატებს დიდი თეთრი სამზარეულოს კუნძულიც, რომელსაც ჰარმონიულად უკავშირდება სასადილო მაგიდა. შესაბამისად, ეს ზონა საკმაოდ ფუნქციური და პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

სახლში გამორჩეულ ადგილს იკავებს განსხვავებული კონცეფციის მქონე სარდაფიც. ოთახში გასართობი ზონაა მოწყობილი, სადაც კინოთეატრია განთავსებული, რომელიც თანამედროვე მარნის ფუნქციასაც ითავსებს. სივრცეში გვხვდება მოზრდილი სასადილო ზონა, მცირე ზომის სამზარეულოთი და სასმელების შესანახი სათავსო, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციურ როლთან ერთად, საინტერესო დეკორატიულ დატვირთვასაც ითავსებს.

ოთახის მეორე ნაწილში მოწყობილია მცირე ზომის კინოთეატრი, მასიური კომფორტული ავეჯითა და ტელევიზორის ეკრანით, რაც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს.

ნეოკლასიკურ სტილში შესრულებული ანი მაჭავარიანის პროექტი ნათელი, მიმზიდველი და საინტერესოა. სახლში თითოეული ზონა მაცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ სურვილებსა და მოთხოვნებზეა მორგებული, რაც კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს. სადა, ნეიტრალური ფერებითა კლასიკური შტრიხებით საინტერესო სივრცე იქმნება, რომელიც მაცხოვრებლებისთვის ერთდროულად მყუდრო თავშესაფარი და დროის მხიარულად გასატარებელი ადგილია.

პროექტის ავტორი: ანი მაჭავარიანი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Am interior design studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი

მინიმალისტური საძინებელი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

23 წლის გამოცდილება და ცნობილი საერთაშორისო ბრენდების რეგიონული გაყიდვების მენეჯერი — ინტერვიუ ნინო ლეგაშვილთან