გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მდებარე სახლი, რომელიც მოდის ბლოგერ ლენა ლადემანს (Lena Lademann) ეკუთვნის, ინდუსტრიული და ელეგანტური შტრიხებით გამოირჩევა და თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით ხასიათდება.
სახლი ორ სართულად არის დაყოფილი და მნახველის ყურადღებას ღია ნათელი სივრცეებით იპყრობს. ინტერიერის ძირითად ტონად თეთრი ფერია შერჩეული, რომელსაც ხის მასალა და ღია პასტელური ფერის ავეჯი სასიამოვნოდ ერწყმის.
სახლში ნათლად იკითხება ინდუსტრიული დიზაინისთვის დამახასიათებელი ელემენტები — ღია სივრცეები, მეტალის მასალა, ბუნებრივი ფაქტურები — ხე, ტილო და ნეიტრალური ფერთა გამა, რაც სივრცეს ავთენტურ შტრიხებს სძენს.
სახლის გამორჩეული ზონაა მისაღები ოთახი, რომელიც ბუხრის გარშემო ერთიანდება. ბუხარი, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ოთახს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს და ერთგვარად დეკორატიულ როლსაც ასრულებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნაზი ტექსტურის, რბილი, ღია ფერის მომრგვალებული ფორმის ტახტი და სავარძელი, რომელიც თეთრ ხალიჩასა და ამავე ფერის სავარძელს ორგანულად ეხამება და სივრცეს ელეგანტურ აქცენტებს მატებს. დიდ დატვირთვას იძენს ხის მცირე ზომის ავეჯი, რომელიც ოთახს უფრო ფუნქციურს ხდის. სივრცე მინიმალისტურად არის გაფორმებული დიზაინ-ობიექტებით, ნახატებითა და დეკორატიული სანათებით, რაც ნათელ ოთახს დამატებით სინათლეს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი ფუნქციური და ესთეტიკური ელემენტია მეტალისა და ხის ფაქტურის კიბე, რომელიც ორ ძირითად ზონას აკავშირებს ერთმანეთთან. კიბის ნაწილის ქვეშ მოწყობილია მცირე სათავსოც, რომელიც აქსესუარებით მიმზიდველ წერტილს ქმნის სახლში.
სამზარეულოს დიზაინიც ინდუსტრიულ ესთეტიკას ესადაგება. ის მინიმალისტური გადაწყვეტებით გამოირჩევა და მუქ ფერშია წარმოდგენილი. იმის გამო, რომ სამზარეულო მცირე ზომისაა და მხოლოდ ერთი განყოფილებისგან – ქვედა კარადებისგან შედგება, მის გვერდით სათავსოებისთვის ცალკე ზონაა გამოყოფილი.
საძინებელი ღია, მონოქრომული პალიტრით ხასიათდება. მთავარი ყურადღება სწორედ ბუნებრივი ქსოვილის ტექსტილზე მახვილდება, რომელიც, გარდა იმისა, რომ სივრცეს ელეგანტურობას მატებს, მის სიმყუდროვესაც უზრუნველყოფს და კომფორტულ მოსასვენებელ კუთხეს ქმნის. ფუნქციური საძინებლის მისაღებად, ოთახში გამოყოფილია საგარდერობო ზონაც, სადაც ტევადი კარადებია დამონტაჟებული.
სააბაზანოშიც ინტერიერის ელეგანტური ესთეტიკა მეორდება. აქაც მთავარ ტონალობად შერჩეულია ღია ფერები: თეთრი, სპილოსძვლისფერი და კრემისფერი. სივრცეში მოწყობილია აბაზანა, რათა მაცხოვრებელს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება მაქსიმალურად ჰქონდეს. დეკორატიულად კი ოთახი ბუნებრივი მცენარეებითა და ესთეტიკურად მიმზიდველი ლარნაკებით არის გაფორმებული.
პროექტი დახვეწილი დიზაინით ხასიათდება, რომელშიც ინდუსტრიული სტილი, მინიმალისტური აქცენტები და მდიდრული შტრიხები იჩენს თავს. ინტერიერში აქცენტი ბუნებრივ მასალებზე, ღია ფერთა პალიტრასა და თანამედროვე ავეჯზე კეთდება, რაც სივრცის ელეგანტურ და მიმზიდველ იერსახეს უსვამს ხაზს.