in

ვიზუალური ხელოვნებისა და ლანდშაფტის სიყვარულით შექმნილი სახლი-გალერეა წავკისი ველში – დედიკა ბულიას ინტერიერი

სახლი-გალერეა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეის, Dedicace gallery-ს დამფუძნებელს, დედიკა ბულიას ეკუთვნის, წავკისის ველზე მდებარეობს და მისი ფართობი 240 კვადრატული მეტრია. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გალერეის გარდა, დედიკა ბულიას საკუთრებას წარმოადგენს ირაკლი აბაშიძისა და ივანე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი-გალერეებიც, რომლებიც კონცეფციებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

დედიკას ინტერიერის დიზაინთან კავშირი არ აქვს, თუმცა საკუთარი გამოფენების კომპოზიციებს თავად ქმნის. როგორც გვიამბობს, მიწა მან 2007 წელს შეიძინა, როდესაც „წავკისი ველის“ განაშენიანება დაიწყო.

„მყიდველთა უმრავლესობას თბილისის ხედით სურდა ნაკვეთის შეძენა, რადგან სამების ტაძარი ჩანდა. მე კი, პირიქით – სამების ეკლესიას მივიჩნევ ერთადერთ შენობად, რომელიც დედაქალაქის ლანდშაფტში არ ჯდება და კატეგორიულად არ მსურდა სახლი ქალაქის ხედით“, – გვიყვება ის.

მიწა ზამთარში შეიძინა, მაშინ, როდესაც ამ ადგილას მხოლოდ ტრიალი მინდორი იყო. აქ წელიწადის თითოეული დრო განსხვავებულად ლამაზია. რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, ის უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რადგან კომპანიის ხელმძღვანელები ხშირად იცვლებოდნენ და “ველის” კონცეფციაც, შესაბამისად, გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვდა.

თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მწვანე ღობეები, რაც მიწის მესაკუთრეებს ძალიან ხიბლავდათ, თუმცა საბოლოო მასალად ბეტონი შეირჩა. დედიკა ბულიამ ბეტონის ადგილი ღია სივრცედ დატოვა და მხოლოდ ალუმინის ტროსებით შემოსაზღვრა მიწის ნაკვეთი. ამით ხედი მაქსიმალურად ყურებადი გახდა და გარე სივრცესა და მიწის ნაკვეთს შორის ვიზუალური ზღვარი ფაქტობრივად წაიშალა.

„არსებული პროექტი გიზო ფრანგიშვილს ეკუთვნის, რომელიც სახლზე 2007 წლიდან მუშაობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბრტყელი გადახურვის პრაქტიკა და კიბე ვიტრაჟთან არ იყო მარტივი გასაკეთებელი. თუმცა არქიტექტურული ჯგუფი, Material Hunters დაასრულებს.  ინტერიერის დიზაინერი ბაია ნიკოლაიშვილია. ჩემ მიერ  დაშვებული რამდენიმე შეცდომის შემდეგ გადავწყვიტე, საქმე პროფესიონალებისთვის მიმენდო. საერთოდ, ვთვლი, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს და ყველამ რომ დიზაინერობა შეითავსა, არ მგონია სწორი“, – იხსენებს დედიკა ბულია.

პროექტი ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული ოთახიდან კარგად ჩანს გარე სივრცე, რაც მასთან უწყვეტი კონტაქტის შესაძლებლობას იძლევა. პროფესიონალ დიზაინერთან მუშაობის შედეგად გალერეამ დასრულებული სახე მიიღო. სახლის განათებაზე გიორგი მაღრაძემ იმუშავა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ეზოს მცენარეების განლაგება წინასწარ დაიგეგმა და გაიხარა დასავლეთ საქართველოს მცენარეებმაც, მათ შორის გვიდომ, მუშმალამ და ლუგუსტრუმმა.

შიდა სივრცე ორ სართულს აერთიანებს. პირველ სართულზე მისაღების ნაწილია, სადაც ნაცრისფერი ფერები ჭარბობს და მინიმალისტური სტილი დომინირებს. კედლები, შეძლებისდაგვარად, მინის მასალითაა ჩანაცვლებული, რაც ხედებით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა. ამ ნაწილში ვხვდებით საინტერესო ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სივრცეს სრულიად გამორჩეულ ხასიათს სძენს.

სამზარეულო სადა სტილშია გადაწყვეტილი და მთავარ ტონად თეთრი ფერია გამოყენებული. იატაკის საფარის სახით კერამიკული ფილები გვხვდება. ხელოვნების ნიმუშები ამ ზონაშიც ფიგურირებს, რაც საინტერესო კონტრასტს ქმნის სამზარეულოს ღია ფერებთან მიმართებაში.

საძინებლები მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და როგორც დედიკამ გვითხრა, დასრულებული არ არის, ამიტომ სახლის ამ ნაწილში მხოლოდ საწოლსა და სავარძლებს ვხვდებით, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებთან ერთად. კედელი მთლიანად შუშით არის ჩანაცვლებული და ველის ლანდშაფტსა და სოფელ წავკისის საოცარ ხედებს გადაჰყურებს.

როგორც სივრცის მეპატრონე გვიამბობს, “დედიკას გალერეის” მომავალი პროექტები დაუკავშირდება ლანდშაფტსა და გარემოს ხელოვნებას. აღნიშნული სივრცე ამზადებს საფუძველს ვიზუალური ხელოვნებისა და ეკოლოგიის სინთეზური პროექტებისთვის. საქართველოში სულ რამდენიმე თანამედროვე ხელოვნების ცენტრია, რომლებიც ქალაქგარეთ, ღია ლანდშაფტების კონტექსტშია ჩართული და თავისუფალ სივრცეებზე გათვლილი სახელოვნებო ფორმების შესაძლებლობებს გულისხმობს. “დედიკას გალერეა” საგამოფენო სივრცის გარდა, რომელიც „თეთრი კუბის“ კლასიკური მოდელის საექსპოზიციო ინეტერიერს წარმოადგენს, პროექტებს განახორციელებს გალერეის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. პრიორიტეტული იქნება სკულპტურული ფორმები და გარე სივრცის ინსტალაციები, ასევე პროექტები, რომლებიც გარემოს გაფრთხილებასა და მასზე ზრუნვას მხატვრული ფორმებით გადმოსცემენ.

პროექტის ავტორი: გიზო ფრანგიშვილი

ინტერიერის დიზაინი: ბაია ნიკოლაიშვილი

განათება: გიორგი მაღრაძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

აბაზანის გამწოვი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

„Mosaics“-ის შოურუმს იტალიური ავეჯის ხაზი შეემატა