in

“სახლი ღრუბლებში” – სოფიო ნიკოლაიშვილის ინტერიერი კრწანისში

სოფიო ნიკოლაიშვილი საჯარო სექტორშია დასაქმებული, თუმცა, პარალელურად ის შემოქმედებით საქმიანობასაც ეწევა. როგორც თავად გვიამბობს, მან ხატვა 2019 წელს, კოვიდ პანდემიის დროს დაიწყო და საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც თვითნასწავლ მხატვარსა და დიზაინერს.

ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც 2012 წელს სოფიომ საკუთარი გარემონტებული ბინის გაყიდვა გადაწყვიტა ფინანსური პრობლემების გამო.

ბინის ღირებულება 105 000 დოლარს შეადგენდა, თუმცა, მოხდა ისე, რომ მისით ერთდროულად ორი პირი დაინტერესდა და გადაწყვიტეს თანხის დამატება. საბოლოო ჯამში, ბინა აუქციონის პრინციპით გაიყიდა 112 000 დოლარად,” – გვიამბობს სოფიო

ამის შემდეგ სოფიომ შეიძინა სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, რომელთა გარემონტებასა და დიზაინზე თავად იზრუნა და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დააგროვა. დღეს სწორედ ერთ-ერთ მის პროექტზე გიამბობთ, რომელიც კრწანისში მდებარეობს.

ბინა, რომელიც სოფიომ რამდენიმე ხნის წინ შეიძინა, საკუთარი გემოვნებით მოაწყო და მას “სახლი ღრუბლებში” უწოდა. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ყიდვის პროცესში ფართი გარემონტებული იყო, თუმცა ახალი მეპატრონისთვის არსებული რემონტის ხარისხი არ აღმოჩნდა მისაღები და მან პროექტის სრული დემონტაჟი განახორციელა, შემდგომ კი ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

ბინის საერთო ფართობი 116 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასში გვხვდება სტუდიოს ტიპის გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები ზონა, ორი საძინებელი და ერთი სველი წერტილი. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო ინტეგრირებულია მთავარ ოთახთან, ის კუთხეშია მოქცეული იმ ფორმით, რომ რბილი ავეჯის ზონასთან პირდაპირ კავშირში არ არის და ამ მხრივ არ ქმნის დისკომფორტს.

როდესაც გასაყიდ ბინას ვნახულობ, ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და გამზადებული ვარიანტიც წარმოდგენილი მაქვს. ყველა ჩემს პროექტში ყოველთვის მე ვარ რემონტის ზედამხედველიც და დიზაინერიც. ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, მომავალში მხოლოდ ამ საქმიანობით დავკავდე და საჯარო სამსახურიდან წამოვიდე,” – სოფიო ნიკოლაიშვილი

ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ბუხარი ინტერიერში – რამდენიმე გასათვალისწინებელი ნიუანსი

მარტივი რჩევები შიდა კარის შესარჩევად