დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ არასტანდარტული დიზაინის პროექტს, რომელიც ინდოეთში მდებარეობს და არქიტექტურული კომპანია DOT-ის ნამუშევარს წარმოადგენს. მისი საერთო ფართობი 650 მ²-ია და თამამი, განსხვავებული დიზაინ გადაწყვეტებით ხასიათდება.
საცხოვრებელი ღია გეგმარების მქონე, გახსნილი სივრცეებით იპყრობს მნახველის ყურადღებას და ინდუსტრიული ელემენტების გამოყენებით, ეფექტურ დიზაინს უზრუნველყოფს. ინტერიერი ბუნებრივი მასალებით — ბეტონით, ხითა და ლითონის ფაქტურით არის მოპირკეთებული და ძირითადად მონოქრომული ფერთა პალიტრით იქმნება.
ინდუსტრიული ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ღია, ნათელი სივრცეები თავისუფლების შეგრძნებას იწვევს და სახლის მოცულობას გამოკვეთს. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ზონა არასტანდარტული გეგმარებითაც გამოირჩევა და სახლის განსხვავებულ, ორიგინალურ იერსახეზე მეტყველებს.
ზონირება სივრცეში მასიური ბეტონის სვეტებით მიიღწევა, რომლებიც გაბედულ არქიტექტურულ ჩანაფიქრს უსვამს ხაზს და ერთი შეხედვით უხეში ფაქტურით ინტერიერში ორგანულად ინტეგრირდება. დომინანტურ ბეტონის მასალას, რომელიც როგორც კედლებზე, ასევე სვეტებსა და ჭერზეც პირვანდელი სახით გვხვდება, კონტრასტულად ერწყმის იატაკზე ტერაცოს შავი ფერის ფილა. ამ მკაცრი, უხეში ფაქტურების დასაბალანსებლად გამოყენებულია სადა ფერის ავეჯი და ღია ტონალობის ტექსტილი. სითბოსა და სიმყუდროვის მისანიჭებლად კი ინტერიერში გვხვდება ხის კარები და კედლის პანელები, რომლებიც რამდენიმე კედელს სრულად ფარავს.
თამამ გადაწყვეტებს უსვამს ხაზს საინტერესო დიზაინის ავეჯი და მათი მინიმალისტური გამოყენება, რაც სიცარიელის შთაბეჭდილებას ტოვებს და სიმსუბუქის ეფექტს ქმნის.
მისაღებ ოთახში, ვიტრაჟებთან და ბეტონის კონსტრუქციებს შორის მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე, სადაც მცირე ზომის მაგიდისა და ნაზი ტექსტურის ხალიჩის გარშემო თეთრი ტახტი და ღვინისფერი სავარძელია განთავსებული, რომელიც ფერად შტრიხებს სძენს ოთახს.
მნიშვნელოვანი დატვირთვა ეძლევა თიხისა თუ კერამიკის სკულპტურულ ნამუშევრებსა და ლარნაკებს, რომლებიც მთავარ დეკორატიულ ობიექტებს წარმოადგენს და ინტერიერის ხასიათს გამოკვეთს.
ერთ-ერთი მომრგვალებული ფორმის ბეტონის კონსტრუქციის მიღმა ღია გეგმარების მქონე სამზარეულოა მოწყობილი, რომელიც ინტერიერის ძირითად ტონებს იმეორებს — დომინანტურ ნაცრისფერ ფაქტურას, რომელიც ბეტონის მასალის ორგანულ გაგრძელებას წარმოადგენს, კონტრასტის სახით წითელი კარადები ერწყმის.
სასადილო ზონა ძირითადი სივრცისგან ბეტონისა და ხის ტიხრებით არის გამოყოფილი, თუმცა ნახევრად ღია გეგმარების პრინციპი ამ ოთახშიც შენარჩუნებულია. ინტერიერში იატაკის ტერაცოს შავ ფილებს ამავე ფერის ლითონის მასიური, თუმცა მინიმალისტური დიზაინის მაგიდა ესადაგება, რომელიც ასევე შავი ფერის თანამედროვე სტილის სკამებით არის გაფორმებული. მუქი ტონალობის დასაბალანსებლად კი ხის პანელები და ნახატია გამოყენებული.
ერთ-ერთ თამამ და ორიგინალურ დიზაინ გადაწყვეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ საძინებლის გამყოფი შიდა კარი, რომელიც მასიური, ღერძზე მბრუნავი რამდენიმე პანელისგან შედგება და საინტერესო დეკორატიულ ელემენტს ქმნის. ხის მასალა კი ბეტონის კედლებს ოდნავ ამსუბუქებს და ოთახს სიმყუდროვეს მატებს.
საძინებლების ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია და სახლის საერთო ესთეტიკას იმეორებს. მასიურ რბილ საწოლს ღია ფერის ტექსტილი ამშვენებს, ერთიანობის შესანარჩუნებლად კი სათავსოები თითქმის არ გვხვდება. საგარდერობე ზონებიც ბეტონის კედლის მიღმა, იზოლირებულ სივრცეშია მოქცეული.
სახლში ტერასა მოსასვენებელ, განსატვირთ ზონად არის გამოყენებული და სრულად კეთილმოწყობილია. ექსტერიერშიც აქტიურად გვხვდება ბეტონი, რომელიც მრავალფეროვანი ცოცხალი მცენარეებითა და გამწვანებით ნეიტრალდება და ტროპიკულ ატმოსფეროს ქმნის.
ინდოეთში მდებარე სახლი მნახველის ყურადღებას იპყრობს თავისი უცხო, თამამი გადაწყვეტებითა და არასტანდარტული გეგმარებით. ბუნებრივი მასალების აქტიური გამოყენებითა და ბეტონის დომინაციით სივრცეს ცივი, უხეში სახე ეძლევა, რომელიც ხის ფაქტურის, ღია ფერის ავეჯისა და ნაზი ტექსტილის გამოყენებით შედარებით ბალანსდება. ინტერიერსა თუ ექსტერიერში სიცოცხლის შესატანად კი გამოყენებულია ბუნებრივი გამწვანება.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2
პროექტის ავტორი: DOT