ნინო ნოზაძის ახალი პროექტი კახეთში, სოფელ კისისხევში მდებარეობს. საცხოვრებელი სახლის ფართობი 350 მ2-ია, ხოლო ეზო 3000 მ2-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სახლი თავად დიზაინერს ეკუთვნის, პროექტზე მუშაობის მთავარი მიზანი კი ქალაქგარეთ, ბუნების სიახლოვეს, სიმშვიდეში ცხოვრების შესაძლებლობა იყო.
პროექტში აქტიურადაა გამოყენებული ბუნებრივი მასალები. კერძოდ, ფასადი მოპირკეთებულია ნაძვით, ხოლო ინტერიერში აქტიურად გვხვდება: ხე, კერძოდ ფანერა და მეორადი ფიჭვი, უჟანგავი მეტალი და ბეტონი. ავეჯი კი წლების განმავლობაში შეგროვებული ახალი და ვინტაჟური მოდელებით არის დაკომპლექტებული.
პროექტის ექსტერიერი ისეთივე საინტერესოა, როგორც შიდა ნაწილი. ხაზგასასმელია, რომ საცხოვრებლის არქიტექტურული პროექტის იდეა თავად ნინო ნოზაძეს ეკუთვნის, რომლის განხორციელებაშიც მას არქიტექტორი, ნინო მარგველაშვილი დაეხმარა. სახლი ერთსართულიანია და ჰორიზონტალურად არის განვითარებული. ხოლო ხის ფაქტურა ჰარმონიულად ერწყმის გარე სამყაროს და ბუნებასთან ორგანულ კავშირს ამყარებს. ღია აივანზე სასადილო და მოსასვენებელი სივრცეა განთავსებული, ხოლო ეზოში ღია აუზი და რუჯის მისაღები ზონაა მოწყობილი.
ფასადს ამშვენებს დიდი ვიტრაჟები, რომლებიც ბუნებრივი სინათლის წყაროს ქმნის შიდა სივრცეში და ოთახებს სინათლით ავსებს.
მისაღებ ოთახში, რომელსაც საკმაოდ დიდი სივრცე უჭირავს, მოსასვენებელი, სასადილო და სამზარეულო ზონებია მოწყობილი. კედლები გაჯით არის გალესილი და უცვლელად, დეკორის სახით არის დატოვებული, ხოლო იატაკზე გამოყენებულია ბეტონი. იმის გამო, რომ კედლები სადა და ნეიტრალურია, მთავარი აქცენტი ავეჯზე, განათებასა და დეკორატიულ ელემენტებზე კეთდება.
მოსასვენებელ კუთხეში ფერადი ტახტი, ვინტაჟური ტყავის სავარძლები და საინტერესო ფორმის ვინტაჟური ბუხარი გვხვდება, რომელიც მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტია. აქცენტირებულ დეტალებად გვევლინება დეკორატიული განათებაც, რომელიც, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ნაწილებს გამოკვეთს, დამატებით ესთეტიკურ შტრიხებს სძენს ოთახს. ხოლო სიმყუდროვე ფერადი ხალიჩით, სხვადასხვა სტილის ნახატებითა და პოსტერებით მიიღწევა.
ოთახის მეორე მხარეს მოწყობილია სამზარეულო, რომელიც უჟანგავი ფოლადის ფაქტურისაა, სამზარეულოს წინსაფარი კი “Dzek”-ის ბრენდის ყავისფერი, მცირე ზომის ფილებით არის მოპირკეთებული. უჟანგავი ფოლადისაა ღია თარო და სამზარეულოს კუნძულიც, რაც ერთიანობის განცდას სძენს ამ ზონას და ოთახის დანარჩენ ნაწილებთან კონტრასტულ აქცენტებს ქმნის.
სივრცის ცენტრალურ ადგილას მოთავსებულია მასიური, მეორადი ფიჭვის ხისგან დამზადებული მაგიდა, რომელიც Eero Saarinen-ის მიერ შექმნილი სკამებით (“The Tulip”) არის გაფორმებული. ეს ელემენტი საოცარ ელეგანტურობას და დახვეწილობას მატებს საცხოვრებელს და სახლის სხვადასხვა ფუნქციურ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ამასთანავე, მზის შუქით განათებულ სივრცეს ბუნებრივი გამწვანება აცოცხლებს და ახალისებს, შედეგად კი მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება.
მთავარ საძინებელში კედლებისა და იატაკის იერსახე შენარჩუნებულია, რის გამოც საცხოვრებლის მთავარი განწყობა გრძელდება. ინტერიერი საკმაოდ სადა და მსუბუქია, თუმცა მთავარი ყურადღება ვინტაჟურ ავეჯზე და თანამედროვე სტილის განათებაზე მახვილდება, რომელიც საინტერესო ფორმებით გამოირჩევა. ოთახში მცირე დეტალებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც საბოლოოდ, ოთახის ინდივიდუალურ სტილს განაპირობებს – მაგალითად, მინის ფაქტურის ტუმბო, მრგვალი ფორმის მაგიდის სანათები, კედელზე ჭრელი ტექსტილი, ვინტაჟური ბამბუკის მაგიდა და სკამი. ოთახი გარე სივრცეს დიდი ვიტრაჟული, მოძრავი კარით უკავშირდება და ექსტერიერთან ერთგვარ კავშირს ამყარებს.
სხვა საძინებელი ოთახებიც ერთ სტილისტიკას იმეორებს, თუმცა ინდივიდუალური შტრიხები ავეჯით, ტექსტილითა და განათებით არის შექმნილი. ქაღალდის მრგვალი ფორმის სანათი, რომელიც დომინანტურ როლს იკავებს, ყველა მათგანშია განთავსებული. ხოლო საწოლის ტექსტილი, კედლის ფარდაგი და ავეჯი განსხვავებულია.
მაგალითად, ერთ-ერთ მათგანში გამოყენებულია ხის ტუმბოები, მეორეში ლურჯი ფერის, მეტალის ფაქტურის მოდელები, ხოლო მესამე ოთახში ვარდისფერი სკამები გვხვდება. თითოეულ ოთახში სახასიათო სტილის განათებებია თავმოყრილი, რომლებიც სპეციფიკურ იერსახესა და განწყობას სძენს სივრცეს.
ნინო ნოზაძის ახალი პროექტი იდეალურ სივრცეს ქმნის ბუნების სიახლოვეს ცხოვრებისა და ქალაქგარეთ დასვენებისთვის. როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი ბუნებრივი მასალებით არის მოპირკეთებული. სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს ვინტაჟური ავეჯი, თანამედროვე სტილის განათება, უხვი ბუნებრივი სინათლე, აქსესუარები და მცენარეები ანიჭებს. ყველა ოთახი ერთმანეთს სტილისტურად უკავშირდება, თუმცა საინტერესო ჩანართებით, თითოეული ფუნქციური ზონა გამორჩეულ ხასიათსა და განწყობას იძენს.
პროექტის ავტორი: ნინო ნოზაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Nino Nozadze Interior Design
არქიტექტორი: ნინო მარგველაშვილი