ეს მშვენიერი სახლი თბილისთან ახლოს, ე.წ. კაკლების დასახლებაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 450 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტი თანამედროვე კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ის პირველივე ნახვით იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას.
პირველ სართულზე გვხვდება დიდი ზომის მთავარი ოთახი, რომელიც მოიცავს სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღების გაერთიანებულ ზონებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ფიგურირებს ფიზიკური ტიხრები, სივრცეები ვიზუალურად არის გამიჯნული ერთმანეთისგან და თითოეული ზონა იდეალურად ასრულებს საკუთარ ფუნქციას.
პირველი სართულის მთავარ ღირსებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აქ გვხვდება დიდი ზომის პანორამული ფანჯრები და იატაკიდან ჭერამდე ფორმატის შუშის გასაგორებელი კარები, რომელთა მეშვეობით, ფაქტობრივად, წაშლილია ზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, რაც ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით კომფორტულია.
შემოსასვლელი ზონა მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მასშტაბური ზომები და ხის დახვეწილი პანელებით მოპირკეთებული კედლები საკმაოდ გამორჩეულ ხასიათს სძენს სივრცეს. ყურადღებას იქცევს კიბის უჯრედი, რომელიც ინტერიერში ერთ-ერთ მთავარ აქცენტად გვევლინება.
აქვეა მცირე სამუშაო ზონაც, რომელშიც ასევე ხის ფაქტურა დომინირებს. ღია თაროების სისტემა, საწერი მაგიდა და მოსასვენებელი ტახტი ერთობლიობაში ძალიან დახვეწილ კომპოზიციას ქმნის და მეპატრონეებს იდეალურ სამუშაო განწყობას უქმნის.
სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეს მთავარი საძინებელი წარმოადგენს. ყურადღებას იქცევს საწოლი, რომელიც ისეა ინტეგრირებული კედელთან, რომ ერთგვარად მის გაგრძელებას წარმოადგენს.
აქვეა საუცხოო ვინტაჟური სტილის აბაზანა, რომელიც შავ-თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი. სველი წერტილი საკმაოდ დიდი ზომის არის და აქ გვხვდება ერთმანეთისგან გამოყოფილი საშხაპე, სააბაზანო და ჰიგიენური ზონები, რომლებიც დამშვენებულია ცოცხალი მცენარეებითა და საინტერესო დიზაინ ობიექტებით.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე