in

იტალიური და ამერიკული მოდერნიზმის სტილით შთაგონებული ინტერიერი კაკლებში

კაკლებში მდებარე სახლი ნინო ნოზაძის ახალი დასრულებული პროექტია, რომელიც მან ეკა ჩიჩუასთან კოლაბორაციით შეასრულა. საცხოვრებელი ნინუცა ივანიშვილს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი, დაახლოებით, 300 მ2-ია.

საპროექტო დავალება გულისხმობდა უკვე არსებული სახლის რეკონსტრუქციას და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას. აღსანიშნავია, რომ არქიტექტორთან ერთად დიზაინერებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი გეგმარებით სამუშაოებში და სივრცის კონცეფციის შემუშავება ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა.

ინტერიერში, უმეტესად, ხის მასალაა გამოყენებული, კედლები კი თეთრადაა შეღებილი, ამიტომ მთავარი აქცენტი ფერად ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებზე კეთდება. დიდ როლს თამაშობს გამწვანებაც, რომელიც სახლს უფრო მიმზიდველსა და შთამბეჭდავს ხდის.

ნინო ნოზაძისთვის პროექტზე მუშაობისას შთაგონების წყარო იტალიური და ამერიკული მოდერნიზმის სტილი იქცა და ამ ორი თემატიკის ელემენტების  გავლენით შეიქმნა დიზაინ კონცეფცია.

მისაღები სივრცე საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. ერთ კუთხეში კომფორტული, დიდი ზომის იასამნისფერი ტახტი გვხვდება, რომელიც  იდეალურად ეხამება ზებრას პრინტის მქონე ალვარ აალტოს სავარძლებს და ერთობლივად მდიდრულ, ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის. დეკორატიულ ფუნქციას ითავსებს კედელში გამოყვანილი ფანჯარაც, რომელიც ეზოს გადაჰყურებს და „ცოცხალი“ სურათის ასოციაციას იწვევს.

მისაღები ოთახის მეორე მხარეს პატარა ბუხარი და მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი, რაც სივრცეს სითბოთი და სიმყუდროვით ავსებს.

მნახველის თვალს იტაცებს გამორჩეული დიზაინის მქონე ფრანკო ალბინის Lb7 კარადა, რომელიც უჩვეულო ფორმებით ხასიათდება და საინტერესო შტრიხები შეაქვს სახლში. ხის პარკეტი თეთრ კედლებს აცოცხლებს და ათბობს. აქსესუარები, დიზაინობიექტები და მცენარეები კი  სახასიათო სტილსა და სასიამოვნო განწყობას განაპირობებს.

ოთახები ხისა და მინის დიდი მოძრავი ტიხრებითაა ერთმანეთისგან გამიჯნული, რის გამოც სივრცის იზოლირება თუ გაერთიანება მარტივად ხდება, რაც სახლს უფრო მოცულობითსა და დიდს აჩენს.

საცხოვრებელში გამორჩეულ ადგილს იკავებს გაერთიანებული სამზარეულო და სასადილო. ეს ადგილი დიდი ვიტრაჟების მეშვეობით მუდმივად ბუნებრივი სინათლითაა განათებული. ისინი როგორც კედელზე, ისე ჭერზე გვხვდება, ამიტომ ოთახი უფრო ნათელი და მიმზიდველია. სივრცეს შთამბეჭდავ ეფექტს სძენს დიდი ბუნებრივი მცენარეებიც, რაც თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ამასთანავე, ოთახი გამწვანებულ ეზოს გადაჰყურებს და ბუნების ელემენტები აქტიურად შემოდის ექსტერიერიდანაც. სადა, დახვეწილი დიზაინის სამზარეულოს ავეჯს ჰარმონიულად ეხამება თანამედროვე სტილის შუშის სასადილო მაგიდა. აქვეა მოწყობილი პატარა მოსასვენებელი კუთხეც თეთრი ტახტითა და სავარძლებით, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.

სასადილო და დასასვენებელი ზონაა განთავსებული გარე სივრცეშიც, სადაც მომხიბვლელი ავეჯი ბუნებრივად ერწყმის ლანდშაფტს და ამ გზით, თითქოს, ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ზღვარი იშლება.

საძინებელში დომინანტური თეთრი ფერი ხის იატაკითაა დაბალანსებული. შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის შუშის ტიხრით გამოყოფილი სააბაზანო, რომელიც ძალიან ელეგანტური და დახვეწილია. ეს ნაწილი ღია ფერის მარმარილოთია  მოპირკეთებული, რომელსაც მუქი ტონალობის მასალა უფრო საინტერესო იერს სძენს, ოქროსფერი ელემენტები კი ამდიდრებს.

მეორე  ჰიგიენური კუთხე უფრო თანამედროვე, თამამი დეტალებით ხასიათდება. მკვეთრი წითელი ფერი შავ-თეთრ ფილებს ეხამება და კონტრასტულ სურათს ქმნის. მინიმალისტური დიზაინის ნივთები კი ოთახს უფრო მოცულობითსა და ჰარმონიულს აჩენს.

ნინო ნოზაძისა და  ეკა ჩიჩუას ერთობლივი პროექტი მრავალფეროვანი, საინტერესო და საოცრად დახვეწილია. მასში თანამედროვე, მინიმალისტური და კლასიკური ელემენტები გემოვნებიანად ერწყმის ერთმანეთს და ელეგანტურ, მდიდრულ იერსახეს ქმნის. დომინანტური ხის მასალა და მცენარეები სახლში ჯანსაღ ატმოსფეროსა და სასიამოვნო განწყობას განსაზღვრავს. დიდი ვიტრაჟები ოთახებს მზის ენერგიითა და ახალი სიცოცხლით ავსებს. მიმზიდველი ავეჯი, აქსესუარები და დეკორატიული ნივთები კი სივრცეს სახასიათო ელფერს სძენს.

პროექტის ავტორი: ნინო ნოზაძე, ეკა ჩიჩუა

ლანდშაფტის დიზაინი: tatuka1

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ დავიცვათ ოთახის მცენარეები ზამთრის ცივ სეზონზე?

მზის ელექტროსადგური მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში – მთავარი უპირატესობები