in

სიმწვანეში ჩაფლული სახლი კიკეთში — ანანო ქორქიასა და ნიკოლას მასუტის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში ანანო ქორქიას მიმზიდველ სახლს გაგაცნობთ, რომელიც კიკეთში მდებარეობს. ჩვენი რესპონდენტი პროფესიით მარკეტერია, მისი მეუღლე, ნიკოლას მასუტი კი მშენებელ-ინჟინერი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ინტერიერის დიზაინის მიმართულებით პროფესიული ცოდნა არ მიუღია, ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება გააჩნია. მათ ერთობლივად რამდენიმე ბინის დიზაინზე იმუშავეს, რომელშიც, უმეტესად, ნიკოლასი იყო ჩართული, ხოლო ანანო (დამკვეთის როლში), „პაშა ბანკის“ ცენტრებისა და სამუშაო სივრცეების ინტერიერის მოწყობას ხელმძღვანელობდა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, წლების წინ ახალი სახლის ადგილზე კოტეჯი იდგა, სადაც ბავშვობაში არაერთი ბედნიერი ზაფხული გაუტარებია. 2019 წელს ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად სწორედ აქ, კიკეთში გადმოსულიყო, 2020 წელს კი ოპერატიული სამუშაოების შედეგად, ეს გეგმა რეალობად აქციეს.

„პანდემიის გამო შევეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად დაგვესრულებინა სარემონტო პროცესი და 2020 წელს უკვე ახალ სახლში გადმოვედით. პირადად ჩემთვის, ეს ადგილი მხოლოდ ბედნიერებასთან ასოცირდება, მთელი გულით მიყვარს და ძალიან მენატრება ხოლმე, როდესაც აქ არ ვარ“, — გვიამბობს ანანო.

ანანომ და ნიკოლასმა არსებულ ნაკვეთზე სრულად ახალი სახლი ააშენეს, შესაბამისად, მშენებლობის პროცესშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. წყვილმა თავიდანვე იცოდა, როგორი საცხოვრებელი სურდა. პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე კომპანია “დრადამ” იმუშავა.

მეპატრონეები სარემონტო სამუშაოებს თავად ხელმძღვანელობდნენ, ზოგიერთ საქმეს კი საკუთარი ხელით ასრულებდნენ. მაგალითად, ზედა ორი სართული ცოლ-ქმარმა შეღება. ხის სამუშაოების ნაწილიც — მაგიდა, სკამები და სხვა ნივთებიც ნიკოლასმა დაამზადა.

„გამოცდილების შედეგად მივხვდით, რომ თუ რაიმეს გაკეთება თავად შეგიძლია, სჯობს საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რადგან პროცესიც სასიამოვნოა და შედეგიც ბევრად ხარისხიანი და ეფექტური გამოდის. ბუნებრივია, ამაში არ ვგულისხმობ ისეთ საკითხებს, რაშიც არაკომპეტენტურები ვართ“, — აღნიშნავს ანანო.

წყვილმა დიზაინის კონცეფციაც პროფესიონალის დახმარების გარეშე, თავად შეიმუშავა. ინტერიერის შექმნის პროცესში მთავარი მიზანი სასიამოვნო გარემოს მიღება იყო. მეპატრონეებს სურდათ, სივრცე გარემოსთან მაქსიმალურ ჰარმონიაში ყოფილიყო და ირგვლივ არსებულ ბუნებასთან კავშირი არ დაეკარგა. ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კომფორტის უზრუნველყოფა  და საცხოვრებლისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობის დაკმაყოფილება.

მისაღები სივრცე საკმაოდ სადა, დახვეწილი და მყუდროა. ღია ტონალობის კედლები ღია ხის იატაკითაა დაბალანსებული, რომელიც თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ხის მასალა აქტიურად გვხვდება, რაც პროექტს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. ოთახი გადატვირთული არ არის და მცენარეებითაა მორთული. დიდი, ნაცრისფერი, კომფორტული ტახტი კი მოსასვენებლად იდეალური ადგილია. მთლიან კედელზე განთავსებული ფანჯრებიდან დღის შუქი შემოდის და ულამაზესი პეიზაჟი იშლება.

სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა. მუქი ნაცრისფერი ავეჯი თეთრ კედლებსა და ხის იატაკს ჰარმონიულად ესადაგება. სივრცეს განსაკუთრებით უხდება ერთ კედელზე დამონტაჟებული ხის სათავსოები. დიდ როლს თამაშობს წერტილოვანი განათებაც, რომელიც ინტერიერის გარკვეულ ადგილებს გამოკვეთს.

სამუშაო ოთახი ნათელი და მყუდროა. კედლებზე თაროებია მოწყობილი, რომლებიც წიგნებითა და აქსესუარებითაა დატვირთული. პატარა დივანი და სამუშაო მაგიდა კი საკმაოდ კომფორტულ და მოსახერხებელ სივრცეს ქმნის.

სააბაზანო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელშიც მწვანე ფერი დომინირებს და ერთგვარად, ექსტერიერს ერწყმის. ხოლო საძინებლები — მსუბუქი, ნეიტრალური, სადა ინტერიერით ხასიათდება.

როგორც ანანო გვიყვება, სახლში განსაკუთრებულ ადგილს მცენარეები იკავებს: „ჩემთვის ნივთებზე მეტად მცენარეებია მნიშვნელოვანი. აუცილებლად მექნებოდა ბევრად მეტი გამწვანება სახლში, მაგრამ დროის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ ვატარებთ, საქართველოში კი ზაფხულობით ჩამოვდივართ. ამიტომ, მცენარეების გამრავლების პროცესი დროებით შევაჩერე და სამომავლოდ გადავდე“.

რაც შეეხება ლანდშაფტის დიზაინს, ეზოს მოწყობაც ოჯახმა თავად დაგეგმა.

„ერთადერთი ბალახის დათესვაში დაგვჭირდა დახმარება, დანარჩენზე თავად ვიზრუნეთ. ნიკმა ბოსტნეულისთვის ხის კოლოფები გამიკეთა. გვინდა პატარა შუშის სათბურის მოწყობაც. ხეები ეზოში ისედაც უხვად იყო — ძირითადად მუხისა და იფნის, თუმცა, ვფიქრობთ, დამატებით დარგვასაც, რადგან ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეზოს მოპირდაპირე მხარეს მარადმწვანე ტყეა, რის გამოც აქ მუდმივად სუფთა და ჯანსაღი ჰაერია. ხშირადაა ნისლიც… ზამთარში თოვლში ჩაფლული ჩვენი ეზო ულამაზესია, შემოდგომას კი ისეთი ზღაპრული გარემო იქმნება, რომ აქ ყოფნას არაფერი სჯობს. სახლის დიდ ნაწილში მასალად შუშაა გამოყენებული, ამგვარად, ხეების როლი ინტერიერში საკმაოდ დიდია, რადგან სახლის ნებისმიერი ოთახიდან ულამაზესი ხედი იშლება,“ — აღნიშნავს ანანო.

სახლი საკმაოდ ნათელი, გაშლილი, ღია სივრცით ხასიათდება. ნაგებობა ისეა განლაგებული, რომ მას მთელი დღის მანძილზე მზე ადგას, რაც ზამთარში საკმაოდ თბილ ტემპერატურას უზრუნველყოფს. ბუნებრივი განათება ინტერიერს ძალიან მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახლი გასაქირავებლად არის გამოტანილი, რადგან ანანოსა და ნიკოლასს გარკვეული პერიოდი უცხოეთში უწევთ ყოფნა, თუმცა იმედოვნებენ, რომ მომავალ მაცხოვრებლებს ეს ადგილი ისევე შეუყვარდებათ, როგორც თავად მეპატრონეებს.

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: „დანი“

აბაზანის ფილები: „KERAMA MARAZZI“; „გორგია“; „იდეალი“

საღებავი: „დომინო“ — AURA

განათება: „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „ახალი ნათება“

არქიტექტურული სტუდია: “დრადა”

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ელენე ზიბზიბაძე

პასიური სახლი საფრანგეთის მთებში – Quinze Architecture-ის ნამუშევარი

„Casa Vôlt“ — თავშესაფრად ქცეული სახლი არგენტინაში