in ,

მინიმალიზმისა და ინოვაციების სინთეზით შექმნილი კერძო სახლი კიკეთში — “Casa mia in Georgia”-ს პროექტი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ გიორგი გოგოლაძის  რიგით მე-4 პროექტს, რომელიც კიკეთში მდებარეობს. გიორგი სამშენებლო სფეროში 2019 წლიდან არის ჩართული და დაინტერესებულია როგორც არქიტექტურული ნაწილით, ასევე ინტერიერის დიზაინითაც. აღნიშნული ობიექტის საცხოვრებელი ზონის ფართობი 465 მ2-ს, ტერასა კი 262 მ2-ს მოიცავს. ნაგებობის არქიტექტურულ ნაწილზე არქიტექტორმა მერაბ გუჯეჯიანმა იმუშავა, ხოლო ინტერიერის დიზაინ პროექტი ნიკა გოგოლაშვილს ეკუთვნის.

აღნიშნული ტერიტორია მეპატრონემ 2023 წელს შეიძინა და წინასწარ არსებული პროექტის მიხედვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, დაიგო გზა, მოეწყო გაზის გაყვანილობა და განათება, რამაც საცხოვრებელთან მისასვლელი სივრცე გაალამაზა და საპარკინგე ადგილი შექმნა.

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, პროექტი მოიცავს მისაღებსა და სასადილო სივრცეებს; იზოლირებულ სამზარეულოს; 4 საძინებელს ინდივიდუალური სველი წერტილებითა და საგარდერობო ოთახებით; სამუშაო კაბინეტს; ტექნიკურ, დამხმარე და სამრეცხაო ოთახებს და სხვადასხვა ტიპის ტერასას.

პროექტი საინტერესოა იმით, რომ ის საკმაოდ ინოვაციური და თამამი დიზაინ გადაწყვეტებით ხასიათდება როგორც არქიტექტურული კუთხით, ასევე ინტერიერის მხრივ. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ე.წ. ბრტყელი გადახურვა და ნაგებობის ჰორიზონტალური განვითარება, რომელიც სახლს თანამედროვე იერს სძენს და არასტანდარტულ ხასიათს ანიჭებს. ამავდროულად, პროექტში დიდი, მასიური ვიტრაჟები გვხვდება, რაც მიმდებარე ლანდშაფტის გათვალისწინებით, საკმაოდ მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

საცხოვრებელში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ გამწვანებას, რომელიც როგორც ეზოში, ასევე ნაგებობის ირგვლივაა მოწყობილი. ამასთანავე, სახურავზე არსებული პატარა ბაღი პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და არქიტექტურის ბუნებასთან კავშირს აძლიერებს.

ინტერიერი სადა, ნეიტრალურ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მინიმალისტურადაა გაფორმებული. აქ დომინანტურ როლს ბეტონი და ხის მასალა ასრულებს.  შიდა სივრცე უნიკალური დეტალებით და თამამი გადაწყვეტილებებით ხასიათდება. მაგალითად, ინტერიერი გაფორმებულია თავად პროექტის ავტორების დიზაინით შექმნილი ჭაღებით, რომლებიც დავით ომანაძემ დაამზადა.

ამას გარდა, საცხოვრებელს გააჩნია ჭკვიანი სახლისა და მეტეოსადგურის სისტემა, რაც ქართულ რეალობაში საკმაოდ იშვიათია. ჭკვიანი სახლის სისტემები მაცხოვრებლებს საგრძნობლად უმარტივებს ცხოვრებას და მათ ყოველდღიურობას ბევრად მოსახერხებელს, კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. რაც შეეხება მეტეოსადგურს, ის ლოკალური ამინდის პროგნოზის, საგანგაშო შეტყობინებების გაგზავნის, ჰაერის დაბინძურების დონისა და მზის რადიაციისა და ენერგიის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

დერეფანში განთავსებულია ვრცელი ტევადი ხის კარადა. ოთახშორისი კარები კი ხის ფაქტურითაა დამუშავებული, რაც ბეტონს ანეიტრალებს და საცხოვრებელს მყუდროებას სძენს.

ვრცელი მისაღები ოთახი დაყოფილია ორ ნაწილად, მოსასვენებელ და სასადილო კუთხედ. სივრცე გადატვირთული არაა და მხოლოდ ფუნქციური და აუცილებელი ნივთებითაა დაკომპლექტებული. დეკორატიულ ფუნქციას კი მრავლად გამოყენებული ხელოვნური განათება ითავსებს. ჭარბ ბეტონის ფაქტურას ერთგვარად აბალანსებს მისაღებში დამონტაჟებული ბუხარი, რომელსაც ესთეტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. თამამ დიზაინ ელემენტად შეიძლება მივიჩნიოთ შიდა სივრცეში დარგული ბუნებრივი მცენარეებიც, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ექსტერიერისა და ინტერიერის ერთიანობას.

სასადილო მაგიდა ვიტრაჟთან ახლოს მდებარეობს, რაც ამ ზონას ბუნებრივი სინათლით ავსებს და მაცხოვრებლებსა თუ სტუმრებს ლანდშაფტით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.  აქაც მთავარი ესთეტიკური დატვირთვა  საინტერესო დიზაინის დეკორატიულ სანათებს ენიჭება.

ფერადი ელემენტებით ხასიათდება სამუშაო სივრცე, სადაც ფერადი ავეჯი და დეკორატიული ბალიშები გვხვდება. თავად ოთახი კი ამ შემთხვევაშიც სადა და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი.

ვრცელი სივრცეები ეთმობა საძინებელ ოთახებსაც, რომლებიც  ბეტონით არის მოპირკეთებული. ინტერიერების გასახალისებლად ამ ზონებში ხის ავეჯი და ფერადი ტექსტილია შემოტანილი. საძინებლებში ასევე განსაკუთრებით თვალშისაცემია კედელზე გაკეთებული დეკორატიული ელემენტი, რომელიც თეთრ ბურთებს მოგვაგონებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ საძილე ზონას საკუთარი საგარდერობო და სააბაზანო სივრცე აქვს, რაც მეტად კომფორტულსა და ფუნქციურს ხდის მათ.

ინტიმურობისა და სიმყუდროვის შესაქმნელად ორ სველ წერტილში მუქი ფერები და შავი აქცენტებია გამოყენებული, ხოლო დანარჩენ სააბაზანოებში ტერაცოს ფილები  და ნარინჯისფერი აქცენტები გვხვდება, ოთახები კი ისეა მოწყობილი, რომ ჰიგიენურ ზონებთან ერთად, ტევადი სათავსოებიც არის გათვალისწინებული.

პროექტში გათვალისწინებულია დამოუკიდებელი სამრეცხაო ოთახიც, რომელიც Miele-ს ტექნიკითაა დაკომპლექტებული და ქმნის იდეალურ სივრცეს შიდა-სამეურნეო საქმიანობისთვის.

სახლის გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს ტერასა, სადაც გარე სამზარეულო და მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი, რაც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ექსტერიერში დროის სასიამოვნოდ გატარებისა და ბუნებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.

სახლი კიკეთში გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტებითა და გაბედული დიზაინ თუ არქიტექტურული ელემენტებით. არასტანდარტული გადახურვა, მინიმალისტური სტილი და საკულტო დიზაინ ობიექტების ერთობლიობა ქმნის განსხვავებულ გარემოს, რომელიც მკვეთრად გამოირჩევა ადგილობრივ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სახლი გასაყიდად არის გამოტანილი და მასზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  ბმულზე.

პროექტის ავტორი: გიორგი გოგოლაძე  

არქიტექტურა: მერაბ გუჯეჯიანი

ინტერიერის დიზაინი: ნიკა გოგოლაშვილი

გამოყენებული მასალები: 

ავეჯი: „MOTIF“

შემრევები – „Bagno Design Tbilisi“

აბაზანის ფილები – „ვენეტო დიზაინი“; „Belle Maison“

აბაზანები – “Villeroy & Boch”

იატაკის საფარი – „ვენეტო დიზაინი“

საყოფაცხოვრებო ტექნიკა – „Miele Georgia“

განათება – „FLOS“

ჭკვიანი სახლის სისტემა და მეტეოსადგური: Sensors & Smart Technologies

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

„პრაიმ სტუდიო“ — სრული არქიტექტურული მომსახურება და სანებართვო სერვისების უზრუნველყოფა ერთ სივრცეში

5 სასარგებლო რჩევა კედლის დეკორის შესაქმნელად