in

კერძო სახლი კოჯორში – ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

სიმწვანეში ჩაფლული სახლი, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, კოჯრის ერთ-ერთ ფერდობზე მდებარეობს, საიდანაც მთაწმინდის ულამაზესი ხედი იშლება. საცხოვრებლის საერთო ფართობი 560 კვ.მ.-ია. იგი დიზაინერ ნატალია დავითაშვილის ნამუშევარია. დამკვეთს რამდენიმე სურვილი ჰქონდა, კერძოდ: გეგმარებისა და დიზაინის დამუშავება, ეზოში საფეხმავლო და სამანქანო შემოსასვლელების მოწყობა, ღობისა და მოაჯირის დიზაინის შემუშავება, ექსტერიერის მოპირკეთება, ღიობების დაზუსტება. სამუშაოს თითოეული ეტაპი წინასწარ დაგეგმილი პროექტისა და კონცეფციის სრული დაცვით წარიმართა. მეპატრონის სურვილის გათვალისწინებით, დიზაინში ბუნებრივი მასალა ჭარბობს.

ნატალია დავითაშვილის თქმით, პროექტზე მუშაობისას ყოველთვის ცდილობს, რაიმე ისეთი აღმოაჩინოს, რომელსაც შემდეგ მთელი კონცეფცია დაეყრდნობა. კოჯრის სახლის გეგმარებისას აღმოჩნდა, რომ მთავარი საძინებლისთვის განკუთვნილი ფართი იმდენად პატარა იყო, რომ საგარდერობოსა და აბაზანის სრულფასოვნად მოწყობის საშუალებას არ იძლეოდა. ამავე დროს, მთავარ სართულზე არ არსებობდა დამხმარე სივრცე, რაც მომავალში პრობლემებს შექმნიდა. იშვიათად გამოყენებადი ტერასის ხარჯზე, არქიტექტურული პროექტი შეიცვალა, რის შედეგადაც, ინტერიერის ფართი გაიზარდა. ამან, თავის მხრივ, განსაზღვრა სამანქანე და საფეხმავლო გზები და საძინებლის გადახურვა ღია ავტოფარეხად აქცია. საბოლოოდ, ცვლილებებმა სახლის მთელი კონცეფცია განაპირობა.

 

პროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ დიზაინის განსავითარებლად მნიშვნელოვანია სწორი გეგმარების შემუშავება, რათა სივრცე, ესთეტიკურად დახვეწილთან ერთად, მოსახერხებელიც იყოს. აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას დამკვეთისა და დიზაინერის ხედვა სრულად დაემთხვა ერთმანეთს, რადგან ორივე მხარისთვის დიზაინი და ფუნქციურობა თანაბრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

სახლი საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, მისი არქიტექტურული გადაწყვეტა კი საკმაოდ კომპლექსურია. ამ გარემოებამ ინტერიერზე მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო გახადა. შენობა სამდონიანი სტრუქტურაა, რომელიც ლანდშაფტურად ითვისებს ქანობს. ქვედა დონეზე განვითარებული მთავარი საცხოვრებელი სივრცის ერთი მხარე მთლიანად ვიტრაჟულია. იგი ტერასას უკავშირდება, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

სახლში განლაგებულია შემოსასვლელი სივრცე, სადაც კიბის უჯრედია განთავსებული, სამი საძინებელი, რომელთაც დამოუკიდებელი სველი წერტილები აქვს და მთავარ საძინებელთან არსებული საგარდერობო ზონა. მთავარ სართულზე მდებარეობს სამუშაო ოთახი, დანარჩენი სივრცე კი, რომელიც სრულად გახსნილია, აერთიანებს მოსასვენებელ ოთახს ბუხრის ელემენტით, სასადილოსა და სამზარეულოს. საცხოვრებელში ასევე განთავსებულია ტექნიკური ოთახები, ჰიგიენური კუთხე სტუმრებისთვის, საუნა და მარანი. სახლის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილია ზედა ტერასა, რომელზეც პატარა ბაღია მოწყობილი.

ინტერიერში მწვანე, ლურჯი და ღია ყავისფერი ტონალობები ჭარბობს, რომლებიც ხის ელემენტებთან სინთეზით საოცრად ჰარმონიულ, ბუნებრივ გარემოს ქმნის.

ნატალია აღნიშნავს, რომ მისთვის კოჯრის პროექტი კერძო სახლზე მუშაობის პირველი გამოცდილებაა, ამიტომაც თითოეული დეტალი განსაკუთრებით უყვარს. როგორც თავად ამბობს, დიზაინის კონცეფცია აგებულია ძველი, დაშლილი ოდების მუხისა და წაბლის ხის მასალაზე. ხის იატაკის გარდა, კედლის პანელების დიზაინიც ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია. იგი სხვადასხვა სივრცეში გვხვდება და განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს – ერთი სასადილო ზონას უსვამს ხაზს, მეორე საძილე ზონას გამოყოფს, კედლის ერთ-ერთი პანელი კიბის გახსნილი საფეხურების ფონად არის გამოყენებული და დამალული კარია ჩამონტაჟებული, რის შედეგადაც ერთიანი ფონი მიიღწევა.

კიბე, ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. დიზაინერის გადაწყვეტილებით, მონოლითის კიბის დემონტაჟმა და ლითონის კონსტრუქციაზე საფეხურების სახით ხის ელემენტების გაჩენამ საკმაოდ საინტერესო გახადა კიბის უჯრედი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიზაინის ყველა ელემენტი საგანგებოდ ამ სახლისთვის შეიქმნა, მისი პროპორციებისა და ფორმების გათვალისწინებით.

შემოსასვლელში, 4 მ. სიმაღლის ღიობში, დამონტაჟებულია მასიური ხის კარი, რომლის ზედა ნაწილში არსებული ფრამუგიდან ტყე მოჩანს. შემოსასვლელშივე გვხვდება ხის ჟალუზებიანი კარადა. დიზაინერი გვიამბობს, რომ ჟალუზების შექმნა – ზუსტი დახრების, პროპორციებისა და დაშორებების აღმოჩენა – საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. პროექტის ავტორისთვის გამორჩეული ადგილია ზედა ტერასა ბაღით და ქვედა დონეზე განთავსებული სივრცე დიდი ვიტრაჟებითა და შთამბეჭდავი ხედით. ყურადღებას იქცევს სამუშაო ზონა მაღალი ჭერითა და მაგიდის უკან მოწყობილი 4 მ. სიმაღლის წიგნის თაროებით.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, სახლის დიზაინი და არქიტექტურა ერთმანეთს იმგვარად უკავშირდება, რომ ინტერიერი ფასადის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს ჰარმონიული სინთეზი საცხოვრებლის მთლიანობას უსვამს ხაზს.

ინტერიერში ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ვხვდებით, რომლებიც კონკრეტულად ამ პროექტისთვის შეიქმნა. კედლები შეღებილია, ხოლო მხოლოდ შემოსასვლელში, დეკორატიული ჩანართის სახით, გამოყენებულია კედლის ქაღალდი.

ნატალია აღნიშნავს, რომ სახლებზე მუშაობა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან სრულიად უცნობი ადამიანი მისთვის ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვან ადგილს, საკუთარ საცხოვრებელს სახლს, განდობს. დიზაინერმა უნდა შეძლოს, რომ მის მიერ შექმნილ პროექტში ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს. დამკვეთისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობის შედეგად, კოჯრის სახლში თავდაპირველი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდა. სახლში შესვლისას ხის სურნელი და სითბო იგრძნობა, რაც რეალობასთან კავშირს გაკარგვინებს და ახალ, სიმშვიდითა და მყუდროებით სავსე სამყაროში გახვედრებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს.

პროექტის ავტორი: ნატალია დავითაშვილი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Interior Design – Natalia Davitashvili

არქიტექტურული კონცეფციის ავტორი: ჰილკე ბლიკერი (Hylke Bleeker)

გამოყენებული მასალა:

სამზარეულოს ავეჯი: „მადერა ჯორჯია
იატაკის საფარი: „დიზელი“
აბაზანა: „დიზელი“
შემრევები: „hansgrohe“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„ბექაური არტი” – მუდმივი განვითარების სურვილით შექმნილი ავეჯი

6 საინტერესო ელფერი, რომლებიც სკანდინავიურ ინტერიერში თეთრის ჩანაცვლებაში დაგეხმარებათ