სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, მექსიკაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 210 კვადრატული მეტრია. პროექტზე მუშაობა 2023 წელს დასრულდა. შენობა განთავსებულია მართკუთხა ნაკვეთზე, კულიაკანის ტერიტორიაზე. იგი ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება სხვა შენობებს, სამხრეთით – გზას, ხოლო აღმოსავლეთით – ხეებით შემოსილ საცალფეხო ბილიკს, რომელიც საცხოვრებლის ნაწილია. საერთო ჯამში, პროექტს L-ის ფორმის განლაგება აქვს, მოიცავს დიდ ბაღს და არაჩვეულებრივ მწვანე ხედს.
სახლი დაყოფილია ორ ბლოკად, თითოეული არის მართკუთხა ფორმის და მოქმედებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. პირველი განკუთვნილია სტუმრებისთვის, აქვს დიდი ავტოფარეხი და სოციალური სივრცეები, ხოლო მეორე მოიცავს ორ საძინებელს, მისაღებ ოთახს, სასადილო ოთახსა და სამზარეულოს. უზრუნველყოფილია ისიც, რომ მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ჰქონდეთ უწყვეტი ურთიერთობა ბაღთან და ქალაქის ხედებთან.
დიდი ბაღის ნაწილია დახვეწილი ტერასა და აუზი. ორივე მათგანი მდებარეობს პროექტის ცენტრში, უერთდება ბაღს და პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს უქმნის.
ბეტონის ფერები ქვის ნაცრისფერ ჩრდილებთან ერთად ქმნის ცივ, თანამედროვე ატმოსფეროს, რომელიც შეხამებულია სიმწვანესთან და თბილი ფერის ავეჯთან. ბუნებრივი განათების უხვი რაოდენობა კი უაღრესად მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.
არქიტექტურული სტუდია: Hermann Tamayo Arquitectos, Pedro Gaxiola Estudio
ფოტოები: Luz Imelda Castillo
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”