დღევანდელ სტატიაში ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარე სახლს გაგაცნობთ, რომელიც ანა ლომთაძესა და მის ოჯახს ეკუთვნის. ობიექტის საცხოვრებელი ფართი 140 მ2, საზაფხულო სივრცე კი 70 მ2-ია, რომელიც გეგმარებითა და დიზაინ გადაწყვეტილებით მაცხოვრებლების ყველა საჭირო პირობასა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ანას ინტერიერთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, ის სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობს, სამოყვარულო დონეზე ამ დარგით გატაცებულია და საკუთარი სახლის დიზაინიც თავად შექმნა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, სახლის შეძენისას გადამწყვეტი ფაქტორი მისი მდებარეობა და კომპაქტური, ხელსაყრელი ფართობი აღმოჩნდა. ანა ამბობს, რომ წლების წინ ოჯახთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდა, რომელიც ბინაში გადასვლის შემდეგ გაყიდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ საკუთარ სახლში ცხოვრება ამჯობინა და იდეალური საცხოვრებელი სწორედ ლისის ტბის მიმდებარედ იპოვა.
„სახლი ჩემთვის განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან ის ძალიან დიდი ზომის არ არის, მცირე ეზო აქვს და შესაბამისად, სტანდარტული კერძო სახლებისგან განსხვავებით, მის მოვლასა და დალაგებას ხანგრძლივი დრო და ენერგია არ სჭირდება, ამიტომ მსუბუქი მოსავლელია. ამას გარდა, ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს: ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე დასასვენებლად ეზო იდეალური ადგილია, ასევე სტუმრების მისაღებადაც საჭირო სივრცე და გარემოა შექმნილი“, — ანა ლომთაძე.
რემონტის მიმდინარეობისას პირვანდელი გეგმარება არ შეცვლილა, მხოლოდ მეორე სართულზე, ორი საძინებლის ნაცვლად, ერთის გადატიხვრის ხარჯზე, სამი საძინებელი მოეწყო — ერთი მთავარი, ორი კი ბავშვებისთვის. საბოლოოდ, სახლი მოიცავს გაერთიანებულ მისაღებ და სასადილო ზონას, სამზარეულოს, სამ აბაზანას და სამ საძინებელ ოთახს.
ინტერიერი მსუბუქ, თეთრ ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი, სადაც ფერები ავეჯის, აქსესუარებისა და დეკორის სახით შემოდის. მეპატრონეს სურდა, სივრცე ფრანგული და სკანდინავიური ესთეტიკის ელემენტებით შეექმნა, ამიტომ მთავარი აქცენტი თეთრ ფერზე, დახვეწილ ავეჯსა და მინიმალისტურ, სადა ფორმებზე გაკეთდა.
საერთო ოთახში, რომელშიც სამი განსხვავებული ფუნქციური ზონაა დაპროექტებული, სივრცეების გასამიჯნად იატაკის საფარი და ავეჯია გამოყენებული. სამზარეულოს ნაწილი თეთრი ფილებითაა მოპირკეთებული, რაც კონტრასტულ აქცენტს ქმნის ღია ხისფერ იატაკთან.
სამზარეულო სრულად თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მას ყავისფერი რბილი სკამები აბალანსებს. სამზარეულოს კუნძული და ავეჯი კვარცის მასალით არის შესრულებული, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით კომპანია „ხელობამ“ დაამზადა. სამზარეულოს წინსაფარზე კი კერამო-გრანიტის ფილაა გამოყენებული, რომელიც დომინანტურ თეთრ ფერს მცირედით ახალისებს. მთელს კედელზე გვხვდება ჩაშენებული კარადები, რაც სივრცის ერთიანობას უსვამს ხაზს და მის მინიმალისტურ ესთეტიკას განაპირობებს.
მოსასვენებელ კუთხეში ნაცრისფერი, მასიური ტახტი და ტყავის მატერიის სავარძლები გვხვდება, რაც ყავისფერი ავეჯის ელემენტებთან — სასადილო და სამზარეულოს სკამებთან ერთგვარ კავშირს ამყარებს. მარმარილოს ჟურნალის მაგიდა, ძველი სახლიდან არის წამოღებული, რომელმაც რესტავრაციის შემდგომ ახალი სიცოცხლე შეიძინა. მისაღებში სიმყუდროვის შესაქმნელად დეკორატიული განათებაა გამოყენებული. ინტერიერის გასალამაზებლად კი ტელევიზორის მაგიდაზე განსხვავებული აქსესუარები და დეკორატიული ელემენტებია განთავსებული.
სასადილო ზონა თანამედროვე სტილის მაგიდითა და კლასიკური დიზაინის სკამებით იწონებს თავს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ანტიკვარული ჭაღი, რომელიც რესტავრაციის შედეგად განახლდა და კლასიკური, ფრანგული სტილისტიკა შესძინა სივრცეს.
მთავარ საძინებელშიც თეთრი პალიტრა მეორდება, რომელშიც მსუბუქად შემოდის ნაცრისფერი და ღია ცისფერი ტონები. ამიტომ ტექსტილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მთავარ დეკორატიულ ელემენტსაც სწორედ ის წარმოადგენს.
გამორჩეული ფუნქციური და დიზაინ დეტალია ტევადი გარდერობი, რომელზეც მინებია დატანილი, რაც ოთახს ვიზუალურად ზრდის და მას სახასიათო ესთეტიკას ანიჭებს.
მთავარ საძინებელთან დაპროექტებულია სააბაზანო ოთახიც, რომელიც ღია ფერის კერამო-გრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული. ფართის სიმცირის მიუხედავად, სივრცეში დაპროექტებულია ჩაშენებული აბაზანაც. საერთო ჯამში, ოთახში მშვიდი ატმოსფერო იქმნება.
საბავშვო ოთახშიც სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და სიმარტივე იგრძნობა. ღია პასტელური ფერები, ავეჯის სადა, დახვეწილი ფორმები, რბილი ხალიჩა, რომელსაც ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს და სხვადასხვა სათამაშო თუ აქსესუარი საბავშვო ოთახს ფუნქციურ, მოსახერხებელ და სასიამოვნო გარემოდ აქცევს.
ტერასაზე სასადილო მაგიდა და რბილი ავეჯია განთავსებული, რაც სუფთა ჰაერზე მოსახერხებელ პირობებს ქმნის განტვირთვისა და დასვენებისთვის, ასევე საყვარელ ადამიანებთან ერთად გასართობად და სასიამოვნო საღამოების მოსაწყობად.
ანა ლომთაძის საცხოვრებელი ლისის მიმდებარედ ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს ოჯახის სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრებისთვის. სადა, ნეიტრალურ ტონალობაში გადაწყვეტილი ინტერიერი, კლასიკური და მინიმალისტური შტრიხებით ჰარმონიულ სივრცეს ქმნის, რომელიც სრულად ერგება ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნებს და სურვილის შემთხვევაში, სივრცის ცვლილებისა და განახლების შესაძლებლობას იძლევა.
გამოყენებული მასალები:
სამზარეულოს ავეჯი: „ხელობა“
ავეჯი: „კომფორტერი“, „INTERIORISMO“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“
განათება: „Mysa“, „Brand R“
შემრევები: „VitrA Georgia“