in

ერთსართულიანი კერძო სახლი ლისის ტბის მიმდებარედ – Dadiani Architects -ის ნამუშევარი

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე დასრულდა Dadiani Architects -ის მიერ დაპროექტებული მორიგი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიის ფერდის განაშენიანების პროცესი სულ რამდენიმე წელია, რაც დაიწყო და უკვე ჩამოყალიბდა როგორც ქალაქისგან დამოუკიდებელ სუბურბანულ გარემოდ. შესაბამისად, Dadiani Architects -ის მთავარი მიზანი იყო, წარმოდგენილი პროექტი ურბანული გარემოსა  და ქალაქგარეთ მდებარე სახლის კონცეფციის სიმბიოზი ყოფილიყო.

“პროექტირების საწყის ეტაპზე ჩვენს მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელშიც მაქსიმალურად იქნებოდა გამოყენებული მიწის ნაკვეთის ხევისპირა მდებარეობის უპირატესობა და შესაბამისად, მივიღებდით სივრცესა და ხედებზე ორიენტირებულ საცხოვრებელ სახლს. ტერიტორიიდან  ჩრდილოეთით ხედი იშლება მყინვარზე, ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხარე გადაჰყურებს მთელ ქალაქს, მათ შორის მთაწმინდის ფერდს,” – პროექტის ავტორი, თორნიკე დადიანი

შენობა წარმოადგენს ერთსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს აუზით და განვითარებულია ორი ძირითადი ღერძის მიმართულებით. მისი საერთო ფართობი 580 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობის ერთი მხარე სრულად აქვს დათმობილი ავტოფარეხს, რომლის კვადრატულობაც თითქმის მთლიანი სახლის ფართობის მესამედია, რაც გამოწვეულია დამკვეთის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე (აქტიურადაა დაკავებული მოტოსპორტით). შენობის მეორეს კი განლაგებულია საცხოვრებელი, საძილე და გასართობი ზონები.

შენობა წარმოადგენს ერთიან, მონოლითურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას. შესაბამისად, მთლიანი ფასადის  მასალად გამოყენებულია წინასწარ მომზადებული ხის ფიცრებით ანაკრებ საყალიბეებში ჩასხმული ბეტონი. ფასადზე გვხვდება ბუნებრივი ხისგან დამზადებული დეკორატიული ცხაურები, რაც ბეტონთან ერთად წარმოადგენს ფასადის ძირითად მასალას. დიდი ზომის ვიტრაჟები უხვად ამარაგებს ინტერიერს დღის შუქით და ასევე საშუალებას გვაძლევს, ინტერიერიდან ვიყოთ მყინვარისა თუ მთელი თბილისის მაყურებლები. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ შენობის ქანობიანი სახურავის სტრუქტურა სრულად არის გამოყენებული ინტერიერში და აქედან გამომდინარე, ინტერიერში ჭერის სიმაღლე მერყეობს 3.20 მეტრიდან 5.80 მეტრამდე.

საცხოვრებელი სახლის უმთავრეს შემადგენელს წარმოადგენს ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევზე გადაკიდებული 12 მეტრი სიგრძის [“infinity”] აუზი და ტერასაში ინტეგრირებული მოსასვენებელი სივრცეები.

არქიტექტორი: თორნიკე დადიანი / Dadiani Architects

კონსტრუქციული პროექტი: კუბიკონი

ფოტო: ოთო გორდელაძე / თორნიკე დადიანი

Villa Domes — საოჯახო სახლი მოლდოვაში

ლამინატი, MDF, შეღებილი და შპონირებული MDF – რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის მასალების შესახებ?