სახლი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 220 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. სივრცის ინტერიერის დიზაინზე სტუდია დუემ იმუშავა.
“ეს ადგილი ყველა სეზონზე, მცენარეებშია ჩაფლული, რაც, ბუნებრივია, მაცხოვრებლების განწყობაზე დადებითად მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს დადებითი ენერგია დიზაინის კონცეფციის მთავარ მიმართულებად გვექცია,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები, ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე
სახლს საკმაოდ მოსახერხებელი გეგმარება აქვს და ის მოიცავს სასტუმრო ოთახს, სამზარეულოს, სტუმრებისთვის განკუთვნილ სველ წერტილს, კაბინეტს, 2 საძინებელს საერთო სველი წერტილით და 1 მთავარ საძინებელს სველი წერტილითა და გარდერობის ოთახით.
პროექტში გამოყენებულია პასტელური პალიტრა, რომელსაც დეკორის სახით ფერადი დეტალები აცოცხლებს. სასტუმრო ოთახსა და სამზარეულოში ჭარბობს მწვანე ფერის ტონალობები და ხის ფაქტურები აქცენტების სახით. ეს არის სტუდიოს ტიპის სივრცე, სადაც მოსასვენებელი და სასადილო ზონები ერთმანეთისგან მცირე ტიხრითაა გამოყოფილი, რაც საკმაოდ მოხერხებულია, ვინაიდან აღნიშნული კონსტრუქცია არ კეტავს სივრცეს და სახლში მეტი სიმყუდროვე შემოაქვს.
ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მკვეთრი ჟოლოსფერი დივანი, რომელიც სახლს განსაკუთრებული ენერგიით ავსებს და დიზაინის კონცეფციას იდეალურად პასუხობს.
ინტერიერში ასევე გვხვდება Bertolotto-ს შიდა კარები და Wall & Deco-ს ბრენდის მცენარეების თემატიკის დეკორატიული პანოები, რომლებიც საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ესთეტიკასთან ჰარმონიულად ინტეგრირდება.
“პროექტზე მუშაობის დაწყებისას ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო, გაგვეთვალისწინებინა სახლის მიმდებარე ტერიტორიის ესთეტიკა და ეს ხასიათი ინტერიერშიც გადაგვეთარგმნა. ვფიქრობთ, ყველა ზემოთ ხსენებული დეტალის ერთობლიობით, შევქმენით გარემოთი შთაგონებული, თანამედროვე ინტერიერი და მყუდრო ატმოსფერო, რომელიც ოჯახის ყველა წევრის კომფორტსა თუ სიმშვიდეს ემსახურება,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები
პროექტის ავტორები: ლიკა ლასარეიშვილი / ცოტნე ანდრიაძე
დიზაინ სტუდია: დუე / DUE interior design studio
ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი