ტატო ნორაკიძე პროფესიით მარკეტერია 13 წლიანი გამოცდილებით. დღესდღეობით ის რამდენიმე ქართული და უცხოური ბრენდის კონსულტანტი და ასევე ციფრული მარკეტინგის ლექტორია. მისი მეუღლე, მადონა ბაკურაძე Porsche-სა და Mazda-ს საოპერაციო დირექტორი და ლექტორია მენეჯმენტის მიმართულებით. წყვილს ინტერიერის დიზაინთან ან არქიტექტურასთან არასდროს ჰქონია შეხება პროფესიულ დონეზე, თუმცა როგორც თავად გვიამბობენ, მათთვის ეს სფერო საკმაოდ საინტერესო იყო ყოველთვის.
როდესაც საქმე საკუთარი სახლის მშენებლობაზე მიდგა, ტატომ და მადონამ გადაწყვიტეს, ამ ყველაფერს საკუთარი ძალებით შესჭიდებოდნენ და მიზნად დაისახეს ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც იქნებოდა ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური დეტალებით დატვირთული.
წყვილმა ნაკვეთი პანდემიის პერიოდში შეიძინა. მათი მთავარი კრიტერიუმი იყო შესაფერისი მდებარეობა – ტატოს და მადონას სურდათ, ეცხოვრათ აუცილებლად ქალაქთან ახლოს, მარტივად მისადგომ ადგილას, თუმცა შორს ქალაქის ხმაურისა და სმოგისგან.
“პანდემიის დროს ძირითადად სახლიდან გვიწევდა მუშაობა. ეს ყველაფერი კორპუსის ბინაში ორი ბავშვით და 24/7-ზე “Zoom ქოლებით” საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თანაც, სულ მინდოდა საკუთარი სტადიონი (მინდორი) მქონოდა სახლში“, – გვიამბობს ტატო
ასე შეიძინეს მადონამ და ტატომ 750 კვ/მ ფართობის მქონე მიწა ლისზე, თხინვალაში, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.
“გამოცდილება და პროცესი იყო ძალიან უცხო და ახალი, ვინაიდან ბინის რემონტის გარდა, ფაქტობრივად, ამ საქმესთან შეხება მანამდე არ გვქონია. თუმცა ალღო მალევე ავუღეთ და არმატურის ყიდვიდან, გარე ფასადის წებო-ცემენტის მასალის შერჩევამდე მოგვიწია ყველა პროცესში ჩართვა. ალბათ ეს იქნება ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც 1 წლის განმავლობაში ისეთ ტონუსში გვამყოფებდა, რასაც ვერ შეედრება ვერანაირი სპორტ-დარბაზი. კვირის განმავლობაში დილა-საღამოს ასვლა ობიექტზე და მიმდინარე საქმეების გავლა-ჩაბარება, შაბათ-კვირას კი, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით, მანქანაში. შესაბამისად, სირთულე უამრავი იყო, რადგან საქმის მწარმოებლებიც თავად ვიყავით და შესრულებული სამუშაოების ჩამბარებლებიც.”
პროექტირების ნაწილში წყვილს საკუთარი არქიტექტორი მეგობრები – კობა ხვედელიძე და ირინა ლომსაძე დაეხმარნენ. ბევრი ვერსია იქნა განხილული, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, საბოლოოდ, მაინც თავდაპირველი ჩანაფიქრი განახორციელეს და შედეგიც საუცხოო გამოვიდა. ამ მხრივ ტატოს და მადონას აუცილებელი პირობა იყო სახლის შუაში მოქცეული იაპონური ბაღი, მინიმალისტური სტილი ბეტონის ელემენტებით, მაღალი ჭერი და Anfield-ის (Liverpool-ის სტადიონი) გვირაბის სტილში გაფორმებული ფარეხი.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ამ მიმართულებით მადონამ და ტატომ სრულად საკუთარი იდეები განახორციელეს. მართალია, მათ საკუთარი მეგობარი – კობა ხვედელიძე დაეხმარა რამდენიმე დეტალის ფორმირებაში, მაგრამ საერთო ჯამში, დიზაინ პროექტზე დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე იმუშავეს.
“ალბათ 5,000-ზე მეტი სურათი გვქონდა მონიშნული ტელეფონში და ვცდილობდით, “ფაზლივით” საინტერესო და მყუდრო გამოსულიყო საბოლოო შედეგი. გვინდოდა ყოფილიყო ყველასგან განსხვავებული და ისეთი, რომელსაც მარტივად ვერ “დააკოპირებდნენ”. შესაბამისად, ყველა დეტალზე ბევრი ვიფიქრეთ. ჩამრთველებიც კი ამ იდეის ფარგლებში შევარჩიეთ და დავამონტაჟეთ,” – გვიამბობს წყვილი
სახლის მთავარი სავიზიტო ბარათი არის შიდა ბაღი, რომლის ირგვლივაც მოხდა თავად შენობის დაპროექტება. შედეგად, ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედი 800 წლიან ბონსაიზე.
“ჩვენს თავს დავუწესეთ შემდეგი ამოცანა: ყველა ოთახსა და სივრცეში ვირჩევდით ერთ ნივთს და ამ ნივთის ირგვლივ ვაწყობდით მთლიან დიზაინს, მაგალითად: სამზარეულო ავაწყვეთ განსხვავებული გამწოვისა და SMEG_ის წითელი მაცივრის ირგვლივ, მისაღები ოთახი – Qeeboo-სა და Driade-ეს აქსესუარების მიხედვით და ა.შ.”
სახლს საკმაოდ მოსახერხებელი გეგმარება აქვს. პირველი სართული ტერასულია და ის სამ დონეზეა გადანაწილებული, საბოლოო სივრცის ჭერის სიმაღლე 4,20 მეტრია. პირველ სართულზე გვხვდება სამზარუელო, სამრეცხაო ოთახი, სამუშაო სივრცე, გარდერობი, სველი წერტილი და დიდი მისაღები ოთახი, სადაც ძირითადად ბეტონის ფაქტურა ჭარბობს, სხვადასხვა დიზაინ ელემენტები და აქსესუარები კი წყვილმა გამოფენებიდან შეაგროვა და ჩამოიტანა.
მეორე სართულზე 4 მთავარი საძინებელია (Master bedroom), რომლებსაც ორი დიდი ვერანდა ესაზღვრება.
საბოლოო ჯამში, ტატომ და მადონამ მიიღეს ინტერიერი, რომელიც არის საკმაოდ მყუდრო, მაგრამ ამავდროულად მკაცრიც. სივრცეში გამოყენებული სხვადასხვა ორიგინალური დეტალი და აქსესუარი კი სახლს განსხვავებულ და ორიგინალურ შტრიხებს სძენს.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე