ლისის ტბის მიმდებარედ, აგარაკების დასახლებაში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, შორენა თაყაიშვილის მორიგი ნამუშევარია. პროექტის საერთო ფართობი 180 მ2-ია და ის ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის. საპროექტო დავალება გულისხმობდა ფუნქციურად გამართული, კარგად ზონირებული, სასიამოვნო და კომფორტული სივრცეების შექმნას. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო დამკვეთის ინტერესებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებაც. აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებელი საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ დიდი გულშემატკივარია. ვინაიდან ზებრა ამ კლუბის ე.წ თილისმაა, აღნიშნულმა ელემენტმა ინტერიერში საინტერესო როლი შეასრულა და სივრცის მთავარი ხასიათი განსაზღვრა.
პირველი სართული დიდი მისაღებისგან, იზოლირებული სამზარეულოსა და დამხმარე ოთახებისგან შედგება, მეორე სართულზე კი ძირითადად, საძინებელი ზონებია განთავსებული. ინტერიერის მთავარი დეტალი კიბეა, რომლის საფეხურები კერამოგრანიტის ფილებითაა მოპირკეთებული, მოაჯირები კი მინისაა, რაც ამ ელემენტს სიმსუბუქეს სძენს. მეორე სართულზე ხის რიტმულად განლაგებული ვერტიკალები კიბის ღიობსა და ჰოლს შორის ერთგვარ გამყოფს ქმნის და ამ ნაწილს მიმზიდველობას მატებს.
ბეტონის ჭერის გარკვეული ნაწილი ხის ფაქტურის მქონე კომპოზიტური მასალით დამუშავდა, რამაც გარკვეული სითბო და სიმყუდროვე შეიტანა ინტერიერში. განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის დეკორატიული სადენით დაქსელილი ჭერის განათება და წერტილოვანი სანათები, რომლებიც კონკრეტულ ადგილს გამოკვეთს და სივრცეს მომხიბვლელობას მატებს. პირველი სართულის იატაკზე 120/120 სმ-ის კერამოგრანიტის ფილებია დაგებული, რაც სხვადასხვა ზონებს აერთიანებს.
მისაღები ოთახი შემოსასვლელი სივრცისგან მინის ვიტრაჟებით გამოიყოფა. ამ ორ ზონას შორის არსებული კედელი ორმაგი ფასადისაა და ხის პანელებითაა მოპირკეთებული. ოთახის დომინანტური ელემენტი ბუხარია, რომელსაც მრავალფუნქციური დატვირთვა აქვს. ბუხარი, შეშის შესანახი ღიობები და ტელევიზორის კედელი გაერთიანებულია და დეკორატიული განათებითაა გაფორმებული, რაც მას ფუნქციურ ელემენტთან ერთად, ესთეტიკურად მიმზიდველ ობიექტად აქცევს.
ინტერიერში, ძირითადად, ნაცრისფერი და თეთრი ფერებია გამოყენებული, რასაც დიდი მოცულობის აგურისფერი კუთხის დივანი აბალანსებს. დეკორატიული, ცისფერი ზებრას პრინტის მქონე ბალიშები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და სივრცეს ახალისებს. ზებრას გამოსახულება, რომელიც საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსთან“ ასოცირდება, ინტერიერში მთავარ როლს ასრულებს და მის გამოსახულებას, გარდა ბალიშებისა, კედელზეც ვხვდებით.
მისაღებში მდგარი ე.წ. ბუდე საქანელები მოსასვენებელ კუთხეს ამშვენებს და მაცხოვრებლებისთვის დასვენებისა და განტვირთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს.
სამზარეულო სადა და მინიმალისტურია, მასში შავ-თეთრი ტონები სჭარბობს. ნეიტრალური ფერთა პალიტრით კლასიკური სტილი მიიღება, რაც ამ ზონას დახვეწილობასა და ელეგანტურობას მატებს.
მეორე სართულის კედლები ოჯახის პატარა წევრების ნახატებითაა მორთული, რის გამოც სახლში სასიამოვნო და მხიარული ატმოსფერო იქმნება.
საძინებელშიც სადა, ნეიტრალური ფერები დომინირებს. მშვიდი და მყუდრო სივრცე კი მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ გარემოს განაპირობებს.
დიზაინერის გადაწყვეტილებით, სველი წერტილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მეტი მრავალფეროვნებისთვის, სამივე ოთახში სხვადასხვა ფერის ფილები შეირჩა. პირველ მათგანში — ვერცხლისფერი ფილისა და ლურჯი კედლების საინტერესო სინთეზს ვხვდებით, რომელიც დიზაინობიექტებითაა გალამაზებული. მეორე სააბაზანოში — მთავარ ხასიათს ცისფერი ფერი განსაზღვრავს, რომელიც საინტერესოდ ეხამება ხის იატაკს. მესამე ზონა კი ღია ტონებით ხასიათდება და შედარებით სადა და ნეიტრალურია.
შორენა თაყაიშვილის ნამუშევარი განსხვავებული, საინტერესო დიზაინის მქონე მიმზიდველი საცხოვრებელი სახლია, რომელშიც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული დამკვეთის ინტერესები და ცხოვრების სტილი. პროექტის შექმნის პროცესში შთაგონების წყაროდ საფეხბურთო კლუბის თილისმა იქცა, რამაც ინტერიერის ხასიათიც განსაზღვრა. სივრცეში ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება სადა და მკვეთი ფერები და საკმაოდ კომფორტული, მყუდრო გარემო იქმნება, რაც სახლში შესვლისთანავე იგრძნობა.
პროექტის ავტორი: შორენა თაყაიშვილი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Takaishvili Interiors
იატაკის საფარი: „ბასა კერამიკა“
აბაზანის ფილები: „ბასა კერამიკა“
შემრევები: „VitrA Georgia“
კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“
განათება: „ახალი ნათება“