შიდა და გარე ცხოვრების იდეა ხშირ შემთხვევაში უცხოა. შესაძლოა, კარგ ამინდში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გარეთ ლანჩით ისიამოვნოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გარე სივრცეს მიანიჭოთ ისეთივე სტატუსი, როგორც ინტერიერს. თუმცა, მაიამიში სადაც მზე ანათებს, ცა ცისფერია და გამწვანება უცვლელად აყვავებული, ინტერიერის დიზაინერმა როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი უნდა გაითვალისწინოს. ამ დასკვნამდე სტეფანი ბარბა მენდოზა სწორედ მაშინ მივიდა, როდესაც თავისი ახალგაზრდა კლიენტებისთვის მაიამიში ახალი პროექტი აიღო.
სახლი ახლად აშენებულია – შუა საუკუნეების სტილში და ის მაიამის ზღვის სანაპიროზე Coconut Grove-ის შუაგულში მდებარეობს. სტეფანის მისია ორგვარი იყო: სახლში კომფორტული და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა და ისეთი სქემის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებდა როგორც ქმრის თანამედროვე ესთეტიკის, ასევე ცოლის უფრო კლასიკურ მიდრეკილებებს. „ამ ორი სამყაროს შერწყმა საინტერესო გამოწვევა იყო“ – აღიარებს სტეფანი, მაგრამ რადგანაც შენობის „მკვეთრი და ხაზოვანი“ არქიტექტურის „დათბობას“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მან გადაწყვიტა ამის მისაღწევად ცოლის უფრო ევროპული გემოვნება გამოეყენებინა. ღია დაგეგმარების საცხოვრებელი ფართის ყველაზე შესამჩნევი ელემენტებია უზარმაზარი ავსტრიული ჟალუზების ნაკრები, რომელიც იატაკიდან ჭერამდე აღმართულ ფანჯრებს ამშვენებს. „მინდოდა ოთახში ინტიმურობა და სითბო შემომეტანა“ – ამბობს სტეფანი.
დანარჩენი სივრცის დეკორაცია განტვირთვის შეგრძნებას აღძრავს. კედლების ღია ცისფერი შეფერილობა ახერხებს, რომ ერთდროულად თბილიც და გრილიც იყოს. „ასეთი ლურჯი მაიამის შესანიშნავად შეესაბამება“ – ამბობს სტეფანი. მაიამის ამინდი, ატმოსფერო და მისი პლაჟის მდებარეობა დეკორაციის ბევრ ასპექტს განსაზღვრავს, დაწყებული ფერებით, დასრულებული გამოყენებული ქსოვილებით. „ძირითადად მსუბუქ ქსოვილებს ვიყენებ, რადგან ასეთ თბილ ადგილებში ჩაცმულობიდან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი ფაქტორის გათვალისწინება, რომ კანი დივანს შეეხება“ – განმარტავს სტეფანი.
დიდი ფანჯრებიდან გადაშლილი გარე სივრცე, აუზითა და გარე დასაჯდომი ადგილებით, სახლის ისეთივე ნაწილია, როგორც ინტერიერი. გარე მისაღები ოთახისთვის განსაკუთრებულ განწყობას გამწვანება ქმნის. „ჩვენ გვინდოდა ნამდვილი ტროპიკული შეგრძნება შეგვექმნა“ – განმარტავს სტეფანი, რომელმაც წვლილი ბაღის დიზაინშიც შეიტანა. ეზოში ცალკეა გამოყოფილი სასადილო, მზის აბაზანების და დასასვენებელი სივრცეები, რაც სხვადასხვა ოთახების სერიის განცდას ქმნის.