სახლი კახეთში, ვარდისუბანში 2016 წელს აშენდა. მეპატრონეებს სურდათ ადგილობრივი, ტრადიციული მასალისა და ელემენტების გამოყენებით შეექმნათ უფრო თანამედროვე სივრცე, რომელიც გააერთიანებდა ღვინის მარანსა და საცხოვებელ სახლს. პირველ სართულზე, რომელიც ნახევრად მიწაშია, მარანია მოწყობილი თავისი ქვევრებით, ზედა სართულზე კი გახსნილი საერთო სივრცეა სამზარეულოთი და 4 საძინებელით. სახლის მყუდრო სხვენიც ათვისებულია და მოიცავს საძინებლესა და მოსასვენებელ სივრცეს. ოჯახი 10 წელზე მეტია აწარმოებს ღვინოს (Jakeli Wines) და მათთვის არც მარნის კულტურა იყო უცხო და არც კახეთი, მიუხედავად ამისა, გაუშენებელ ტერიტორიაზე მსგავსი დიზაინით სახლის აშენება, არც თუ ისე მარტივი გამოწვევა იყო. სახლი მოპირკეთებულია ქვით და აგურით, რომლის ინსპირაციაც ტრადიციული კახური სახლები გახდა.
“რამოდენიმე თვე გაგრძლედა ჩვენი მარნისთვის შესაფერისი ადგილის ძიება. მოვიარეთ კახეთის სხვადასხვა სოფლები, ვნახეთ ულაზესი სახლები, მაგრამ როდესაც ფეხი დავდგით ამ ადგილას და გავხედეთ ხედს, მივხვდით, რომ სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ჩვენი მარანი. ხედი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ შენობის კონსტრუქცია სწორედ მის გარშემო ავაწყვეთ და 80 %-ის შუშით შემინვა გადავწყვიტეთ. მიზანი იყო ის, რომ სახლის ნებისმიერი წერტილიდან კავკასიონის ხედი და გარემოს სხვა ელემენტებიც მკაფიოდ გამოჩენილიყო.
მარანი, დაპროექტებულია სრული ტრადიციული და საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით, სადაც განთავსებულია 14 ქვევრი, რაც შეეხება მეორე სართულს აქ ჩვენს თავს სრული თავისუფლება მივეცით და არ შევიბოჭეთ ერთი კონკრეტული მიმართულებით, პირიქით, შევქმენით სრულიად ეკლექტური გარემო, სადაც უპირველესად ვიზრუნეთ კომფორტზე. მთვარი ოთახი არის 100 კვ. მეტრი, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ღია სივრცე, გადავწყვიტეთ მისი ბუნებრივად დაყოფა და ოთახის ოთხივე კუთხეს მივანიჭეთ სრულიდ განსხვავებული სახე.
საბოლოო ჯამში შევეცადეთ შეგვექმნა გარემო, სადაც ნებისმიერი მოსული სტუმარი შეძლებდა თავისი კუთხის პოვნას.” – ზაზა ჯაყელი, კომპანია “ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები” დამფუძნებელი.