დღევანდელ სტატიაში ცნობილი ფსიქოლოგის, ქოუჩისა და „AEV ACADEMY“-ის დამფუძნებლის, ინგა ბლესსის (ინგურუს) მცხეთაში მდებარე სახლს გაგაცნობთ, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა.
ჩვენს რესპონდენტს ძალიან უყვარს ხატვა, თიხაზე მუშაობა და სხვადასხვა აქსესუარისა თუ დეკორის დამზადება. მას ამ მიმართულებით პროფესიული განათლება არ მიუღია, თუმცა ფლორისტიკისა და გამოსახულების შექმნის კურსები აქვს გავლილი და კომპოზიციის სპეციფიკასა და ფერთა შეხამების კანონებს კარგად იცნობს, რასაც საყვარელი საქმიანობის პროცესშიც იყენებს.
როგორც ინგა გვიყვება, სახლი 2010 წელს შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ცუდ მდგომარეობაში იყო, ადგილმდებარეობითა და ირგვლივ არსებული ბუნებით მაშინვე მოიხიბლა, რამაც სახლის ყიდვისკენ უბიძგა: „თავდაპირველად შენობა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო. პირველი სართული სარდაფად ქცეულიყო, მეორეზე კი ჭიის ნაჭამი ფანჯრები და ძველისძველი რემონტი დაგვხვდა. მიუხედავად ამისა, ადგილმდებარეობა ისე მოგვეწონა, უკან აღარ დავიხიეთ. სახლი შემაღლებულ ადგილზე, ტყის პირას მდებარეობს.”
მაცხოვრებლებისთვის რემონტის მთავარი გამოწვევა ქვით ნაშენი კედლები აღმოჩნდა, რომელთა გასწორება, გახვრეტა და მათზე რაიმეს მიმაგრება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სარემონტო სამუშაოების დროს გარკვეულწილად შეიცვალა გეგმარებაც. მაგალითად, ავტოფარეხის ადგილზე შემოსასვლელი სივრცე მოეწყო, გარე კიბე შიდა სივრცეში განთავსდა, სახლში კი მეორე აბაზანა დაემატა.
ინტერიერის დიზაინზე თავად ინგამ იზრუნა. ის წლების განმავლობაში აგროვებდა მისთვის მიმზიდველი ინტერიერების ნიმუშებსა და ილუსტრაციებს, რაც საკუთარი სახლის მოწყობისას გამოიყენა. „სახლის ინტერიერზე თავად ვიმუშავე. რამდენიმე იდეა მქონდა, რადგან წლების განმავლობაში ვაგროვებდი ჟურნალებიდან ამოჭრილ ინტერიერებს. სწორედ მათ მიხედვით შეიქმნა დიზაინის კონცეფციაც“.
შემოსასვლელი სივრცე ღია ფერებშია გადაწყვეტილი. აქ განსაკუთრებული დატვირთვა აქსესუარებსა და ორიგინალურ დიზაინობიექტებზე კეთდება, რომლებიც მთელს კედელზე გვხვდება. გამორჩეული ელემენტია კიბე და უჩვეულო დიზაინის მოაჯირი, რომელიც შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის და სივრცეს ინდივიდუალურ შტრიხებს სძენს.
სამზარეულო ფერადი, მკვეთრი ტონებით ხასიათდება. ოთახში დომინანტური ფერი წითელია, რომელსაც თეთრი სამზარეულოს ავეჯი აბალანსებს. სივრცე მრავალფეროვანი ობიექტებითაა დატვირთული – ნახატები, აქსესუარები და დეკორაცია ინტერიერს ამდიდრებს და მას უფრო საინტერესოს ხდის.
სასადილო ზონაში განთავსებული დიდი, ძველი „ქუთაისური“ მაგიდა, მაცხოვრებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი ზედაპირი ფილებითაა მოპირკეთებული, რის გამოც საკმაოდ ის მტკიცე და მდგრადია. აღსანიშნავია ორიგინალური ფორმის სანათიც, რომელიც ქართული ანბანის დეკორაციითაა გაფორმებული.
სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კაბინეტია, რომელიც ყველა სტუმარს აღაფრთოვანებს. მისი მიმზიდველობის მთავარი ელემენტი უჩვეულო დიზაინის ჭერია, რომელიც თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციითაა გაკეთებული და ფიცრებითაა მოპირკეთებული. ამ საინტერესო ნამუშევრის ესკიზი ინგას მეგობარს, პროფესიონალ დიზაინერსა და ხატვის მასწავლებელს — ნინო მირიანაშვილს ეკუთვნის. ოთახში მუსიკალურ საკრავებსაც ვხვდებით — დასარტყამი ინსტრუმენტები და ფორტეპიანო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
მოსასვენებელ ზონაში ერთმანეთს ორიგინალურად ეხამება მუქი მწვანე და შავი ფერები. ოქროსფერი დეტალებით, სანათებითა და აქსესუარებით კი მშვიდი, მყუდრო გარემო მიიღება.
ყურადღებას იქცევს აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი სააბაზანოც, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი, თბილი და ადვილად მოსავლელია. აგურის კედელსა და არქაულ დეტალებს სიძველის ეფექტი და სახასიათო ესთეტიკა შემოაქვს სივრცეში.
სახლს ულამაზესი, ორიგინალურად გაფორმებული ბაღი ამშვენებს. გარე სივრცეში მოწყობილია მოსასვენებელი კუთხეც, რომელიც ფერადი და ხალისიანია. ავეჯი მიმზიდველი, უჩვეულო ფორმებით ხასიათდება, დეკორაცია კი მომხიბვლელი და ორიგინალურია.
ინგა ბლესსის ინტერიერი საინტერესო და მრავალმხრივია. თითოეული ოთახი ერთმანეთისგან განსხვავებული და ახალი აღმოჩენებით აღსავსეა. სახლი ორიგინალური, მომხიბვლელი დიზაინობიექტებითაა მორთული, რაც მას ავთენტურსა და უნიკალურს ხდის. განსხვავებული დეტალები, ფაქტურები და ფერები საინტერესოდ ეხამება ერთმანეთს და ჰარმონიულ სივრცეს ქმნის, რომელიც მაცხოვრებლებს მყუდროებითა და სასიამოვნო განწყობით ავსებს.