ნინი ოგანი პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. მისი მოღვაწეობა ამ სფეროში შემთხვევითი არ არის, ის არქიტექტორის ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან აქვს შეხება ამ პროფესიასთან.
“მამაჩემი არქიტექტორია და პატარაობიდანვე მომწონდა მისი საქმიანობა, მას ყოველთვის ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტები ჰქონდა და მეც, რა თქმა უნდა, მინდოდა მას დავმსგავსებოდი,” – გვიამბობს ნინი
დასახული მიზნის მისაღწევად ნინიმ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და სწავლის დამთავრებისთანავე შეუდგა მუშაობას. ორი წლის წინ კი მან მამასთან ერთად დააარსა კომპანია დოტ სტუდიო და მას შემდეგ ერთად ახორციელებენ პროექტებს.
სახლი, რომელშიც ნინი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მცხეთაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 350 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტის შექმნაზე ნინიმ საკუთარ მამასთან, რუბო ოგანესიანთან ერთად იმუშავა და როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ეს არც ისე მარტივი პროცესი აღმოჩნდა.
“არქიტექტორისთვის ძალიან რთულია საკუთარი სახლის აშენება, რადგან მან ძალიან ბევრი იცის, ბევრი აზრი უტრიალებს თავში. ჩვენ შემთხვევაში ამას ემატებოდა მეორე არქიტექტორის ფაქტორიც (მამაჩემის სახით) და ამის გამო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამად ღირდა. ახლა ვართ სრულ იდილიაში იმ მხრივ, რომ ყოველი მონაკვეთი გვაკმაყოფილებს, როგორც არქიტექტურის, ასევე ინტერიერის,” – ნინი ოგანი
სახლს საკმაოდ მსუბუქი გეგმარება გააჩნია. პირველ სართულზე გვხვდება სტუდიოს ტიპის დიდი ოთახი და კაბინეტი. მეორე სართულზე საძინებლებია განთავსებული, ხოლო მესამე სართული ტერასას ეთმობა.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კომფორტისა და სილამაზის შექმნა. ჩემი აზრით, ეს შერწყმაა ყველაზე მთავარი დავალებაა ნებისმიერი არქიტექტორისთვის და ინტერიერის დიზაინერისთვის. კომფორტი ხშირად იბრძვის სილამაზესთან, და პროფესიონალის მთავარი ამოცანაა, დააპროექტოს ისე, რომ კომფორტი აღმოჩნდეს ლამაზი, ხოლო სილამაზე – კომფორტული.”
როგორც ნინი გვიამბობს, ინტერიერის დიზაინზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ეტაპი იყო. საკუთარ სახლში მან შეძლო ყველა ჩანაფიქრის რეალიზება და ბევრი არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება.
“საკმაოდ ბევრი კამათი გვიწევდა ხელოსნებთან, ვინაიდა მათგან ხშირად ვისმენდით, რომ „ეს ესე არ იმუშავებს“, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გამოვიდა ყველაფერი. საღებავებს ჩვენით ვაზავებდით სასურველი ფერის მისაღებად ყოველ ოთახში. ვითვალისწინებდით, რომ ბევრი ნახატი დაიკიდებოდა და ყველა კედლის ფერი უნდა ყოფილიყო სწორედ შერჩეული, რათა ნამუშევარი არ დაკარგულიყო მის ფონზე. ასევე ბევრს ვფიქრობდით განათებასა და აქსესუარებზე, რაც ქმნის სიმყუდროვეს. მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული ამ პროცესში. დედაჩემი დეკორის თვალსაზრისით ბოლო შტრიხებს ამატებს ხოლმე ამა თუ იმ კომპოზიციაში. ასეთი ოჯახური გუნდით შევქმენით დიზაინი. ინტერიერში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დეტალებს, უფრო ზუსტად კი ინსტალაციებს. ყოველ კუთხეს ვქმნით ისე, რომ მისი სურათის გადაღება მოგინდეს.”
აღნიშნულ პროექტში მრავლად გვხვდება მეპატრონეების ხელით შექმნილი ნივთები, მაგალითად, მაგიდის სუფრა უკანა ეზოში, ფერადი ვიტრაჟები ეზოში და ტერასაზე, ხის დეკორატიული ტოტები, რომლებიც ინტერიერის შესაბამისად არის შეღებილი. ნინის მამის მიერ შესრულებული თევზის ინსტალაცია საერთო ოთახში.
“ეს ის ნივთებია, რომლებიც ქმნიან ინტერიერის დიზაინს, რომლის შეცვლა და გადაადგილება შეიძლება იმისთვის, რომ სხვანაირად მოგეჩვენოს გარემო და შეცვალო მისი ხასიათი. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ზუსტად ის გარემო, რომელიც ჩავიფიქრეთ.”
“ზოგადად, ყველა ჩემი საკუთარი სახლის ინტერიერი არის განსხვავებული, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი მთავარი რამ – ნახატები. უამრავი ნახატი გვაქვს და შესაბამისად, მათ გარეშე ჩემი სახლის კედლები ვერ წარმომიდგენია. ძირითადად ვტვირთავთ მთლიან კედლებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც ხანგრძლივი პროცესია, რადგან სწორედ უნდა შექმნა კომპოზიცია და სტილისტურად დაალაგო ისე, რომ ერთმანეთთან არ იყოს კონფლიქტში არც ერთი ნახატი. ეს არის ყველაზე მთავარი აქცენტი ჩემს ინტერიერში. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც შემოდის ჩემს სახლში, მაშინვე ხედავს, რომ მოხვდა ხელოვანების ოჯახში. ეს აურა ძალიან მომწონს და ყოველთვის მისკენ მივისწრაფვი. ვფიქრობ, ადამიანს ცხოვრებაში უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ერთი წუთით მაინც გადავიდეს ფანტაზიებში, ფიქრებში, სადღაც სხვა პარალელებში…. ხელოვნება კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს,” – ნინი ოგანი
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე