სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, თბილისიდან 20 კილომეტრში, მუხათწყაროში მდებარეობს. საცხოვრებელი სივრცის საერთო ფართობი 180 კვადრატულ მეტრს შეადგენს და პროექტზე არქიტექტორმა სალომე გოგიჩაიშვილმა იმუშავა. პროექტს გამორჩეული ადგილმდებარეობა გააჩნია, ის განთავსებულია ხევის პირას, საიდანაც წელიწადის ნებისმიერ დროს საუცხოო ხედები იშლება. სახლის თანამედროვე არქიტექტურა კი ძალიან ჰარმონიულად ერწყმის არსებულ რელიეფს.
“საპროექტო დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ შენობა მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული მიწის ნაკვეთის რელიეფთან. დამკვეთის სურვილი იყო, რომ შეგვექმნა მიწის პირა დონეზე განლაგებული, ერთ სართულიანი თანამედროვე სტილის საცხოვრებელი სახლი, რომლის გეგმარება იქნებოდა თავისუფალი, გახსნილი სივრცეების ერთმანეთში გადასვლითა და გარემოს მიმართ მაქსიმალური კავშირის სურვილით,” – გვიამბობს სალომე გოგიჩაიშვილი
საცხოვრებელი სივრცე მოიცავს სამ საძინებელ ოთახს, მათ შორის ერთ მთავარ საძინებელს (master bedroom), ჰოლს, ორ სველ წერტილს, ტექნიკურ ოთახს, სამუშაო სივრცესა და სტუდიოს ტიპის საერთო/სამზარეულო ოთახს.
“ჩვენი მიზანი იყო, შენობის არქიტექტურა ყოფილიყო თანამედროვე, მკაცრი სწორხაზოვანი ფორმებით, რაც გამოიხატება ექსტერიერში არსებული არქიტექტურული დეტალების, მასალისა და სივრცობრივი გადაწყვეტების ინტერიერში გამეორებაში,” – სალომე გოგიჩაიშვილი
შენობის რკინაბეტონის კონსტრუქცია გამოყენებულია ფასადის მთავარ დამახასიათებელ მასალად, რომელსაც ეზოს მხრიდან დიდი ზომის ალუმინის ვიტრაჟები ყოფს, რაც საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი განათების წყაროა.
როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, გეგმარების შემუშავების პროცესში მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა ოთახს ჰქონოდა ბუნებრივი განათება, საიდანაც გამოჩნდებოდა შესანიშნავი ხედი.
საპროექტო ტერიტორიის რელიეფი საკმაოდ რთული და ქანობიანი იყო, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა რიგი არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, შენობის სახურავი გზის პირა დონეზეა განლაგებული და გამოყენებულია როგორც შენობის ღია ავტოსადგომი, ხოლო საცხოვრებელი სივრცეები განლაგდა ეზოს დონეზე.
“საპროექტო ტერიტორიაზე არსებულმა რელიეფმა, ფაქტობრივად, თავისით გვიკარნახა, თუ რა მასალა უნდა ყოფილიყო დომინანტი. ქანობიანი და რთული რელიეფიდან გამომდინარე, საჭირო იყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გამოყენება, რამაც საბოლოოდ მოგვცა თანამედროვე ერთსართულიანი ბეტონის საცხოვრებელი სახლის ვიზუალი,” – სალომე გოგიჩაიშვილი
სახლის ყველა ოთახს აქვს გასასვლელი გადახურულ ტერასაზე, რომელზეც ალუმინის გასაგორებელი ვიტრაჟები გვხვდება. ტერასის ზედაპირზე გამოყენებულია ხის მასალა, რასაც გარემოში სითბოს ელემენტები შემოაქვს.
საბოლოო ჯამში, აღნიშნულ პროექტში ავტორმა შეძლო დამკვეთის ყველა მთავარი სურვილის რეალობად ქცევა და ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელიც არ არღვევს მიმდებარე ტერიტორიის მთლიანობას და არსებულ ლანდშაფტში ჰარმონიულად ეწერება.
არქიტექტორი: სალომე გოგიჩაიშვილი
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე