in

სახლი დომინანტი ლურჯი ფერით ოქროყანაში – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი

პროექტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ოქროყანაში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია და მის ინტერიერზე დიზაინერმა რუსა თუმანიშვილმა იზრუნა. ობიექტზე მუშაობა პანდემიის პერიოდში დროებით შეჩერდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ განახლდა და დღეს ის უკვე დასრულებულია.

სახლის ფართობი 180 კვადრატულ მეტრს შეადგენს. როგორც პროექტის ავტორისგან ვიგებთ, საპროექტო დავალებას წარმოადგენდა სადა, მაგრამ ამავდროულად ფერადი ინტერიერის შექმნა მუქი აქცენტებით. რუსა თუმანიშვილი გვიამბობს, რომ აღნიშნული პროექტის შთაგონების წყარო ინტერიერში გამოყენებული რამდენიმე მასალა გახდა, რომლებმაც საბოლოო შედეგი განსაზღვრა.

რაც შეეხება სივრცის გეგმარებას, ამ მხრივ მინიმალური ცვლილებების შეტანა მოხდა. გაერთიანდა სამზარეულო და სამყოფი ოთახი, ასევე აბაზანის გეგმარება დამკვეთის სურვილისამებრ გაკეთდა. შედეგად კი სახლში განთავსდა 4 სველი წერტილი, 3 საძინებელი და ერთი სტუდიო.

ინტერიერში გამოყენებულია ხის იატაკი, რომელსაც თბილი და პოზიტიური განწყობა შემოაქვს, ცისფერ-ნაცრისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ კედლების ვიზუალს აბალანსებს და მთლიანობაში ერთმანეთთან შეთანხმებულ, ჰარმონიულ სურათს ქმნის. უნდა აღინიშნოს სამზარეულოს სივრცეში დაგებული თეთრი ფერის ფილები, რომლებიც შავი ორნამენტებითაა გაფორმებული და მას საინტერესო, ორიგინალურ იერს ანიჭებს. ამასთან ერთად, იატაკის ეს საფარი ზონირების შესაძლებლობას იძლევა და გაერთიანებული სასადილოსა და სამზარეულოს მიუხედავად, მას ცალკე, აქცენტირებულ ნაწილად გამოყოფს.

პროექტში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული მასალა და ტექსტურაა გამოყენებული – კლასიკური ჭაღი, ფრანგული სტილის მოლდინგების დეკორი კედლებზე, მძიმე სარკე ოქროსფერი ჩარჩოთი და სადა, მინიმალისტური ავეჯი. როგორც რუსა თუმანიშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბარში, მთავარი გამოწვევა სწორედ ინტერიერში გამოყენებული განსხვავებული სტილის აქსესუარებისა და მასალის დაბალანსებული შეხამება აღმოჩნდა, რაც ადგილზე მუშაობის პროცესში გარკვეულ ცვლილებებსაც მოიცავდა.

ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია აქცენტირებული, დიდი ზომის ჭაღები, რომლებიც მუქ ნაცრისფერ კედლებს იდეალურად ეხამება. მისაღებ ოთახსა და საძინებელში კლასიკური დიზაინის ჭაღები ფიგურირებს, ხოლო სამზარეულოსა და სასადილო სივრცეში თანამედროვე ტიპის სანათებს ვხვდებით, რაც საკმაოდ საინტერესო კონტრასტს ქმნის სივრცეში.

პროექტში ასევე ყურადღებას იქცევს მინიმალისტური დიზაინის ავეჯი. მისაღებში არსებულ შავი ფერის მაგიდასა და სკამებს კლასიკური და მკაცრი შტრიხები შეაქვს სივრცეში. სასადილოში განთავსებული ხის ყავისფერი მაგიდა და ღია ვარდისფერი სკამები კი, ვიზუალს ანეიტრალებს და მას თბილი და დადებითი ელემენტებით ავსებს. განსაკუთრებით ელეგანტური და თვალშისაცემი ლურჯი ფერის დივანია, ის სივრცეში არსებულ ზოგად ტონალობას იმეორებს და მას დახვეწილ, მდიდრულ და ესთეტიკურ გარეგნობას ანიჭებს.

საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორმა შეძლო, შეექმნა დახვეწილი ინტერიერი, რომელშიც მდიდრული აქცენტები ფიგურირებს. სივრცე, რომელშიც უმშვენიერესი ლურჯი ფერი დომინირებს, გამოყენებული მასალებისა და აქსესუარების იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. ამას გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ განსხვავდება რუსა თუმანიშვილისა და დიზაინ სტუდია The Wall-ის აქამდე არსებული პორტფოლიოსგან, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს და ორიგინალურს ხდის.

დიზაინ სტუდია: დიზაინ სტუდიო The Wall

პროექტის ავტორი: რუსა თუმანიშვილი

7 რამ ინტერიერში, რაც განწყობას გვიფუჭებს

Pantone-ის 2023 წლის ფერი: Viva Magenta ინტერიერის დიზაინში