in

1975 წელს შექმნილი სახლის ინტერიერი ფინეთში, რომელიც დროსა და სივრცეს დღემდე უძლებს

Banner M2
Banner M2

1974 წელს ქალაქ ლაჰტიში სტუმრობისას ფინელმა წყვილმა გაზეთში განცხადება ნახა, რომელშიც გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთის შესახებ იყო საუბარი. ამ დროს ნურმესნიემების ოჯახს უამრავი ადამიანი იცნობდა, რადგან საკმაოდ ცნობილი ინტერიერის დიზაინერები და სტუდია Antti-ს დამფუძნებლები გახლდნენ. გაზეთში ნანახი ადგილი მათთვის ნაცნობი იყო, მკაფიოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი რომ ერთ დღეს სწორედ აქ სურდათ საკუთარი სახლის დაპროექტება და აშენება.

წყვილი წლების განმავლობაში ფიქრობდა საოცნებო საცხოვრებლის დიზაინსა და გეგმაზე, მათ სურდათ რომ სახლის ძირითად ნაწილთან ერთად ინტერიერის დიზაინის ოფისიც მოეწყოთ, ამ ადგილმა კი თითოეული სურვილის რეალობად ქცევა გახადა შესაძლებელი, რის გამოც მაშინდელ მფლობელთან შეთანხმებას მალევე მიაღწიეს.

სახლი რაც შეიძლება დაბალი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ქვედა სართული ნაწილობრივ მიწისქვეშ აშენდა და ნაკვეთის წინ მდებარე კლდის ფერდებით შეინიღბა. ამ დროს ფინეთში სახლების სანაპირო ზოლიდან რამდენიმე მეტრში აშენება ჯერ კიდევ ნებადართული იყო, რამაც შესაძლებელი გახადა სანაპიროსთან ახლოს ფიჭვის ხეების დარგვა და სიმწვანით გარშემორტყმული სახლის რაც შეიძლება ახლოს აშენება. ზღვისკენ მიმართული ფასადი მოიცავდა დიდი ზომის ფანჯრებსაც, საიდანაც ეს ხედები კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანდა.

პროექტის მშენებლობას ერთი წელი დასჭირდა. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 350 კვადრატული მეტრი იყო, საიდანაც დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი დიზაინ სტუდიისთვის გამოიყო. საძირკვლისთვის თორმეტი ფოლადის სვეტი გამოიყენეს, სვეტების თავზე კი ბრტყელი ფოლადის კონსტრუქცია მოთავსდა. ექსტერიერი მთლიანად ფიჭვის ხის მასალით მოპირკეთდა, რაც საბოლოოდ ინტერიერშიც ძალიან საინტერესოდ აისახა.

შიდა სივრცეში იგრძნობა ღია, ერთიანი განწყობები, კედლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, სართულები კი ერთმანეთის გაგრძელებას ქმნიან. ინტერიერი მოიცავს მისაღებს, საძინებელსა და სააბაზანო სივრცეს, ხოლო თავისუფალი ადგილები მოსასვენებლად ან სამუშაოდ არის გამოყოფილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჭერის კონსტრუქციაც, რომელიც ლითონის თეთრი მასალისგანაა შექმნილი და შეიძლება ითქვას რომ სართულებს შორის ჰარმონიული გადასვლების შექმნაზეც არის პასუხისმგებელი.

შესასვლელშივე ვხედავთ წყვილის მიერ შექმნილ სკამებს, რომლებიც 1964 წელს დაპროექტდა და ძირითადად ტყავისა და მეტალის მასალისგან არის შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ავეჯისა და დეკორაციების სახით ძირითადად Antti-ს დიზაინ ობიექტები არის გამოყენებული.

ქვედა სართულზე ვხვდებით საუნასა და საცურაო აუზს. აქვეა სტუმრებისთვის გათვალისწინებული სამზარეულო და სასადილო ოთახი ზღვის ხედით. დაბალი კედლებით გამოყოფილი სამზარეულო რამდენიმე საფეხურით ქვემოთ მოეწყო. სამზარეულოში მოხვედრა შესაძლებელია როგორც დერეფნის გამოყენებით, ასევე მისაღებიდანაც. აქ ვხვდებით ფოლადის ქვაბებსა და ჭურჭელს, რომლებიც  წყვილმა  Wärtsilä-სთვის შექმნა.

ამ ნივთებს წყვილი ათწლეულობის განმავლობაში აგროვებდა. მათი ნაწილი იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ისინი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

ნალის ფორმის სკამი, რომელიც Antti-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინია, სახლში სანაპიროს განწყობებს აღძრავს, თუმცა მის გარდა აქ არის სკამის 001 steel-ის სახელით ცნობილი მოდელიც, რომელიც 1978 წელს German Tecta-სთვის შეიქმნა.

სასადილო მაგიდა, Antti-ს სკამები, შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი 004 armchnair და იაპონური სტილის სანათი Antti-ს ეკუთვნის. ზედაპირების სახით Vuokko-ს ქსოვილები გამოიყენეს, ხოლო მაგიდაზე დეკორაციების სახით გამოყენებული მინის ნივთები Oiva Toikka-ს კოლექციიდანაა.

რაც შეეხება ზედა სართულს, აქ ბიბლიოთეკა, დიდი მისაღები, სამუშაო ნაწილი და მეპატრონეების საძინებელი ოთახი განთავსდა. დივანსა და იატაკზე Vuokko-ს ქსოვილით შექმნილი ბალიშები სასიამოვნო კონტრასტს ქმნიან სხვა დიზაინ ობიექტებთან.

წიგნების კარადის უკან კიდევ ერთი, მსგავსი ზომის ოთახი იმალება, რომელიც წიგნებითაა სავსე. აქ განთავსებული მწვანე დივანიც Antti-ს კოლექციიდანაა და Vilka-სთვის შეიქმნა. გასაკვირი არ არის, რომ ავეჯისა და სანათების უმეტესობა თავად სახლის მეპატრონეებს ეკუთვნით, თუმცა მრავლად ვხვდებით სხვა ცნობილ ბრენდებსაც, როგორებიცაა მაგალითად Nuutajärvi და Vuokko-ს მიერ სპეციალურად მათთვის დამზადებული შუშის ნივთები. ამ ნივთების გვერდით კი მოთავსებულია თვითმფრინავის მოდელი, რადგან Antti ადრეულ პერიოდში თვითმფრინავის ესკიზებსაც ქმნიდა.

მთლიანობაში ზედა სართული დაფარულია ხის ზედაპირებით, იდეალურია სტუმრების მისაღებად და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად.

სამსართულიანი შენობა ჭკვიანურადაა დაყოფილი კიბეებითა და ფუნქციური სივრცეებით, ინტერიერში ნათელი და ღია ფერები იგრძნობა, სადაც მარადიულობის შეგრძნებები ხისფერ ცოცხალ აქცენტებს შემოაქვს.

იატაკი სამივე სართულზე თეთრი კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ სართულები ერთმანეთისგან ძალიან ჰარმონიულად არის გამოყოფილი, ქვედა სართულს შედარებით უფრო მყუდრო და პირადი განწყობები ახლავს თან.

მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს ადგილი იდეალურია სტუმრების მისაღებად და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გასამართად. აღსანიშნავია, რომ წყვილს ძალიან ფართო სანაცნობო წრეც ჰყავდა, რადგან ისინი ათწლეულობის განმავლობაში დაუღალავად ეწეოდნენ ფინური დიზაინის პოპულარიზაციას.

პროექტის დასრულებული სახე ერთგვარ ლეგენდადაც კი იქცა და მისი სული და სილამაზე დღემდე შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე. ის არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცვლის ინდივიდუალური სტილი და მიდგომები ნებისმიერი სახის ინტერიერს, რის გამოც მათივე შექმნილი ქსოვილები, სანათები და კერამიკული ნივთები სახლის ატმოსფეროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

რიკენ იამამოტო 2024 წლის „პრიცკერის პრიზის“ მფლობელი გახდა

როგორ გავახალისოთ უსიცოცხლო თეთრი სამზარეულო? – 5 მარტივი რჩევა