in

ვაბი-საბის ესთეტიკით შექმნილი სახლი პოკონოს მთებში — ქეთი ჭიჭინაძის პროექტი

ქეთი ჭიჭინაძის მორიგი პროექტი ნიუ-იორკთან ახლოს, პოკონოს მთებში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 200 მ2-ს შეადგენს.

პანდემიის შემდგომ ქეთიმ და მისმა მეუღლემ საკურორტო ზონაში საინვესტიციო ქონების შეძენა გადაწყვიტეს, რომელსაც სრულად განაახლებდნენ და შემდგომ გააქირავებდნენ.

იმის გამო, რომ პანდემიის შემდეგ მაცხოვრებლებმა აქტიურად დაიწყეს ქალაქგარეთ სახლების შეძენა, სასურველი სივრცის საპოვნელად დიზაინერს დიდი დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ, ზუსტად ისეთი ფართი შეარჩია, როგორიც თავდაპირველად სურდა.

დიზაინის კონცეფცია მინიმალისტური, ვინტაჟური სივრცის შექმნას გულისხმობდა, სადაც  ბუნებრივი მასალები და დედამიწის ტონები იქნებოდა გამოყენებული. რემონტის მიმდინარეობისას მთავარ სირთულეს  შესაფერისი სარემონტო მასალების მოძიება, ლანდშაფტის დიზაინი და გარე გაფორმებების მოწყობა წარმოადგენდა, რადგან სახლი ტყესთან ახლოს მდებარეობს და ირმები ირგვლივ ყველაფერს ჭამენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთიმ და მისმა მეუღლემ სახლში არაერთი სარემონტო სამუშაო თუ ტექნიკური საკითხი საკუთარი ხელით შეასრულეს, რაც პროექტს უნიკალურსა და ორიგინალურს ხდის.

პროექტში გეგმარებითი ცვლილება არ მომხდარა. თუმცა სამზარეულოს კუნძულის ხარჯზე,  სასადილო ზონის ფართობი გაიზარდა. ინტერიერში წამყვან ფერად თეთრი ტონალობა შეირჩა, იატაკზე კი ბუნებრივი ხის ზედაპირი დამონტაჟდა. დიზაინი სადა, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელშიც ვაბი-საბის ელემენტებიც გვხვდება, რაც ბუნებრივ მასალებში, აქტიურად გამოყენებულ ხის და თიხის დეტალებში და  დედამიწის ფერებში გამოიხატა.

გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოში ყურადღება ვინტაჟურ ავეჯსა და საინტერესო აქსესუარებზე მახვილდება, რომლებიც ღია ფერებს ახალისებს და ამდიდრებს. ოთახში ვაბი-საბის სტილის სიმარტივე და სისადავე ნათლად ჩანს, რომელსაც ხისგან დამზადებული ავეჯი, დიზაინ ობიექტები, თიხის დეკორატიული ელემენტები და ლევან მინდიაშვილის მიერ ხელით ნაქარგი გრძელი გობელენი მრავალფეროვან და საინტერესო იერს სძენს.

ოთახში დეკორატიული განათება მინიმალურადაა გამოყენებული, სამაგიეროდ, გვხვდება სასანთლეები და შანდლები, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

სახლს გამორჩეულ ელფერს სამზარეულოს ზონა ანიჭებს, სადაც მუქი ფერებისა და თეთრი ტონალობის საინტერესო კონტრასტი იჩენს თავს. სამზარეულოში თუჯის ანტიკვარული ავეჯია გამოყენებული, ნიჟარა კი ძველი, 1900-იანი წლების ფერმის სახლიდანაა წამოღებული და განახლებული. იატაკზე შავ-თეთრი ტერაკოტას ფილებია დაგებული, რაც ოთახს ელეგანტურობასა და დახვეწილობას სძენს.

სასადილო კუთხეში, რომელიც სამზარეულოსთანაა დაპროექტებული, ხის მაგიდა და სკამები გვხვდება. ბუნებრივი ქსოვილები, მინიმალისტური ჭურჭელი და თიხის ელემენტები კი დეკორატიულ როლს ასრულებს, რომლებსაც გამწვანება და ბუნებრივი განათება ბრწყინვალებას მატებს და მინიმალიზმისა და ვაბი-საბის საოცარ სინთეზს ქმნის.

საცხოვრებელში განსაკუთრებულ ადგილს სამუშაო ოთახი იკავებს, რომელიც მეორე სართულზეა მოწყობილი. თეთრი კედლები და ღია ხისფერი იატაკი ჰარმონიულად ეხამება თეთრ სავარძლებსა და მინიმალისტური სტილის ავეჯს. გამორჩეული ელემენტია ორიგინალური დიზაინის ხის მაგიდა და წიგნის თაროები. ამ ზონაშიც, სახლის სხვა ნაწილების მსგავსად, მთავარი დატვირთვა დეკორატიულ ელემენტებზე, აქსესუარებსა და გამწვანებაზე ხდება. განსაკუთრებულ შტრიხს გიორგი დოლიძის სკულპტურული ნამუშევარი ქმნის, რომელიც კედელს ამშვენებს და მარინა ჭყონიას შალის ფარდაგი, რომელსაც სივრცეში მყუდროება და მიმზიდველი ესთეტიკა შეაქვს.

სახლის ზოგიერთ ნაწილში დეკორატიული ლესვაა გამოყენებული, მათ შორის დიზაინერისა და მისი მეგობრის, Kerry Lessard-ის ხელითაა მოპირკეთებული საძინებლის კედლები. ერთ-ერთი საძინებელი ე.წ. დედამიწის ტონებშია გაფორმებული. ხაკისფერი, შავი და თეთრი ფერები იდეალურ და მყუდრო გარემოს ქმნის, რომელშიც სასიამოვნო განწყობას იგრძნობა. მსუბუქი განათება კი ინტიმურსა და მშვიდს ხდის სივრცეს. აღსანიშნავია ელენე კირვალიძის ნახატიც, რომელიც შემოსასვლელ კედელს ამშვენებს და გამორჩეულ ატმოსფეროს განაპირობებს.

მეორე საძინებელი უფრო ნათელია. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას საინტერესო დეკორატიული ელემენტები და ავეჯი იპყრობს. სივრცეში ვხვდებით თიხისა და კერამიკის ელემენტებს, გამწვანებასა და შანდლებს.

სააბაზანოში გამორჩეული ესთეტიკა ვინტაჟური ელემენტებით, ოქროსფერი დეტალებითა და კედლის სკულპტურით მიიღწევა, რომელიც გიორგი დოლიძეს ეკუთვნის. ხაკისფერი და ლურჯი ტონალობა, გალესილი კედლები და გამწვანება ბუნებრივ, მარტივ დიზაინს ქმნის და ამაღლებული განწყობა შემოაქვს სივრცეში.

სახლი ასევე გაფორმებულია კარლო კაჭარავასა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების პრინტებით და გიორგი ჟორჟოლიანის კედლის ქანდაკებით. მინიმალისტური და ვაბი-საბის სტილთა სინთეზით ძალიან დახვეწილი, გამორჩეული და უნიკალური სივრცე იქმნება, რომელშიც მყუდროება, თბილი ატმოსფერო და გემოვნებიანი დიზაინი ნათლად შეიგრძნობა.

პროექტის ავტორი: ქეთი ჭიჭინაძე

სარემონტო სამუშაოები, ლანდშაფტის დიზაინი: ქეთი ჭიჭინაძე,  დავით ლომთაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: ketiasuli

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ალექსი აფციაური

12 ადგილი თბილისში, სადაც ხალიჩას შეიძენთ

ფილიპ სტარკის ცნობილი წვენსაწური, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს