in

მინიმალისტური სახლი პორტუგალიაში

პორტუგალიაში, ლისაბონის სიახლოვეს მდებარე დასასვენებელი სახლი მინიმალისტური გადაწყვეტებით, რბილი მსუბუქი შტრიხებით და თანამედროვე ინტერიერით გამოირჩევა, სადაც ერთმანეთს ორგანულად ერწყმის ბუნებრივი ტონები, ხმელთაშუაზღვის ესთეტიკა და სკანდინავიური დიზაინის ელემენტები.

ინტერიერში კონტრასტი მინიმუმამდეა დაყვანილი, იატაკისა და კედლის ფერები ერთმანეთის იდენტურია, ავეჯი კი მონოქრომულ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი, რაც სივრცის ერთიანობას უზრუნველყოფს.

სახლი გაშლილი, ერთიანი სივრცეებითა და დიდი ვიტრაჟებით ხასიათდება. აქ ბუნებრივი მასალები მთავარ როლს თამაშობს, რაც ხმელთაშუა ზღვის სტილისთვის არის დამახასიათებელი.

ვრცელი მისაღები ზონა სიმსუბუქით გამოირჩევა, რაც მინიმალური რაოდენობის ავეჯითა და დეკორაციით მიიღწევა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ფორმებსა და მასალებზე, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირს ქმნის. აღსანიშნავია ჭერის ხაზოვანი წყობა, რომელიც საინტერესო რელიეფურ ფორმას სძენს სივრცეს და ფანჯრის დარაბებს ეხმიანება. სიმყუდროვის და სითბოს შესაქმნელად დაფენილია ღია ყავისფერი ბეწვის ხალიჩა, რომელიც იდეალურად ერწყმის რბილ ავეჯს. ერთიანობის შესანარჩუნებლად კი სათავსოებად კედელში გამოყვანილია ღია თაროები. მიმზიდველი ელემენტია ხის მცირე ზომის მაგიდა და მოძრავი სავარძელი, რომელიც სკანდინავიურ ატმოსფეროს ქმნის, ასევე ბუნებრივი გამწვანება და მინიმალისტური დეკორაცია.

ღია გეგმარებით ხასიათდება სამზარეულო და სასადილო სივრცე, სადაც ფერები თუ მასალები მეორდება, შესაბამისა,დ განწყობაც უცვლელი რჩება.

სამზარეულოს ავეჯი თეთრი ხის ფაქტურით არის მოპირკეთებული, ფილები მინიმალისტურად მხოლოდ სამზარეულოს წინასაფარზეა გამოყენებული. ავეჯი კარადებით გადატვირთული არ არის და მხოლოდ ერთი ღია თაროა დამონტაჟებული, რაც მინიმალიზმის შეგრძნებას ამძაფრებს.

მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტია კუნძული, რომელიც სასადილო და სამზარეულო ზონებს ერთმანეთისგან მიჯნავს. სასადილო სივრცეში თეთრი ოვალური ფორმის მაგიდა და ხისა და ჭილოფის სკამები დგას, რომლებიც ასევე ჭილოფის მასალისგან დამზადებულ სანათს ესადაგება. ოთახში დეკორაცია არ გვხვდება, სიცოცხლის შემოსატანად მხოლოდ გამწვანებაა გამოყენებული.

მეორე სართული საძინებელსა და სააბაზანო ოთახებს ეთმობა. განსხვავებით პირველი სართულისგან, ამ ზონებში მუქი ხის იატაკია დაგებული, რაც კონტრასტის განცდას ტოვებს. ასევე ტექსტილის სახით დამატებულია ფერებიც.

მაგალითად, ერთ-ერთ საძინებელში მიმზიდველ დეკორატიულ ელემენტად გვევლინება მუქი ხაკისფერი საწოლის გადასაფარებელი, რომელიც ინტერიერის მთავარი აქცენტია. ასევე ყურადღებას იქცევს თეთრი ტილოს ფარდები და ყვავილების ლარნაკი.

მეორე საძინებელი შედარებით მცირე ზომისაა. ინტერიერი აქაც სადა და მინიმალისტურია, ოთახის გამოსაცოცხლებლად კი ჭრელი ტექსტილია შემოტანილი.

სააბაზანო გამორჩეული ზონაა, რადგან ფერადი, ვარდისფერი მონოქრომული ფილებით განსხვავებული ინტერიერი მიიღება. სივრცის ერთიანობას აძლიერებს ჩაშენებული შავი შემრევები. თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად კი ხის ავეჯია განთავსებული.

პორტუგალიაში მდებარე საზაფხულო, დასასვენებელი სახლი გამორჩეულია სახასიათო დიზაინითა და საინტერესო გადაწყვეტებით. რბილი მინიმალისტური ხიბლი, სკანდინავიური, ხმელთაშუა ზღვის შტრიხები და თანამედროვე ესთეტიკა მთელ სივრცეს გასდევს თან და ორიგინალურ სურათს ქმნის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რთული კონფიგურაციის მქონე სახლის ტრანსფორმაცია ფუნქციონალურ საცხოვრებლად — გიორგი გუგუნავას პროექტი წყნეთში

საქართველო WOMEN IN LIGHTING-ის გლობალური საზოგადოების წევრი გახდა