ნინუცა ჯიშიაშვილი 20 წელზე მეტია, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს. დღეს ის ხელმძღვანელობს საერთაშორისო მოდელების სააგენტოს -,,Grace Models’’-ს, რომელმაც არაერთი სუპერმოდელი აღმოაჩინა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ოპერირებს. სახლში, რომელიც წყნეთის შესასვლელთან, “ქეთქეთებში” მდებარეობს, ნინუცა 3 შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
“ცხოვრების ძალიან ჩქარი ტემპი მაქვს – მიწევს ბევრი მოგზაურობა, მრავალ ადამიანთან შეხვედრა და მუშაობა. ბავშვების გრაფიკიც საკმაოდ დატვირთულია და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეშენებინა სახლი, რომელიც ერთგვარი “გასაქცევი ადგილი” იქნებოდა ჩვენთვის და სადაც შევძლებდით განტვირთვას, დასვენებას და სიმშვიდეში ერთად დროის გატარებას,”- ნინუცა ჯიშიაშვილი
ნაკვეთი, რომელზეც დღეს 600 კვ/მ ფართობის მქონე სახლი დგას, ნინუცამ და მისმა მეუღლემ წლების წინ შეიძინეს. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, უძრავი ქონების შეძენის პროცესში მათთვის მთავარი მიზანი იყო ისეთი ადგილის პოვნა, სადაც იქნებოდა მშვიდი და ეკოლოგიური გარემო, თუმცა ამავდროულად ეს ყველაფერი არ უნდა ყოფილიყო ცენტრისგან მოშორებით, ვინაიდან ოჯახის ყოველდღიურობა უმეტესად თბილისს უკავშირდება.
“როდესაც პირველად ვნახეთ მიწის ნაკვეთი, ხედი, რომელიც ჩვენ წინ გადაიშალა, გახდა გადამწყვეტი ფაქტორი. ზუსტად წარმოვიდგინეთ, როგორი სახლი აშენდებოდა აქ და რა გარემოში ვიცხოვრებდით მომავალში. ვიზუალური მხარის გარდა, ეკოლოგია მეორე მიზეზი იყო, რატომაც ამ ნაკვეთის შეძენის გადაწყვეტილება მივიღეთ.”
სახლის მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა და პროექტზე არქიტექტორმა ნატაშა ქვრცხავამ იმუშავა. მან დამკვეთებისგან რთული და კომპლექსური დავალება მიიღო, რასაც საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი.
“პირველ რიგში, გვინდოდა სახლი, რომელიც იქნებოდა გარემოსთან ჰარმონიაში და არ გამოიკვეთებოდა ლანდშაფტისგან ძალიან მკაფიოდ. ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი ხეებში ჩაკარგული “hidden gem (“ფარული განძი”), რომელიც ნაკვეთის არაერთგვაროვან რელიეფს მოერგებოდა. მთავარი სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ პროპორციული არ ყოფილა არც ნაკვეთის ფორმა, არც რელიეფი. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს დისპროპორცია საუკეთესო ფორმით წარმოგვეჩინა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოგვეყვანა მძიმე ტექნიკა და გადაგვესწორებინა ყველაფერი,” – გვიამბობს ნინუცა
მშენებლობის პროცესში სახლის მეპატრონეების მეორე უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა სიმყარისა და სტაბილურობის განწყობის შექმნა მოცემულ არასტანდარტულ ფორმებში. ეს მიზანი კი ბეტონის ფაქტურის გაჩენით განხორციელდა. ბეტონი აქტიურად არის გამოყენებული როგორც ფასადზე, ისე ინტერიერის დიზაინში.
აღსანიშნავია, რომ ინტერიერზე მუშაობის პროცესში ნინუცას პროფესიონალის დახმარებით არ უსარგებლია და დიზაინ პროექტი თავად შექმნა.
“წლების განმავლობაში ვცხოვრობდი პარიზში და ჩემთვის ძალიან დიდი შთაგონების წყარო გახდა ფრანგული ინტერიერები, ძველისა და ახლის შერწყმა, ისტორიულისა და თანამედროვეს შეხამება. ჭაღები, დეკორატიული ელემენტები და ავეჯიც ანტიკვარის მეორად მაღაზიებში ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვეთ და შევიძინეთ. ნაწილი ავეჯისა პარიზში შევუკვეთეთ, თბილისში კი უმეტესად Objects-ის შოურუმიდან გვაქვს შეძენილი ნივთები.”
სახლი შედგება ორი სართულისგან და ის მოიცავს გაერთიანებულ სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღებ ზონას, 5 საძინებელს საკუთარი სველი წერტილებით, სახლის ოფისსა და საგარდერობო ოთახს.
მთავარი ოთახის ზონა ჰარმონიულად უერთდება აუზის ტერიტორიას და ამრიგად, გარე და შიდა სივრცეებს შორის თითქმის წაშლილია მკაფიო საზღვრები, რაც ძალიან კომფორტულია ოჯახური ტიპის დასვენებისა და გართობის მხრივ.
“ჩვენი სახლი არის მინიმალისტური, გახსნილი, მშვიდი და მყუდრო. რაც მთავარია, მიღწეულია თავდაპირველი მიზანი, რომ სახლი ყოფილიყო სიმწვანეში ჩაფლული თავშესაფარი თბილისის ურბანული ხმაურისგან გასაქცევად,” – ნინუცა ჯიშიაშვილი
არქიტექტურა: ნატაშა კვარცხავა
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი