აღნიშნული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი მდებარეობს ქვემო წყნეთში. მისი რელიეფი, პანორამული ხედების შენარჩუნების მიზნით, დაყოფილია დონეებად, რომლის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე განთავსებულია საპროექტო შენობა, ხოლო ქვედა დონეებზე იშლება ეზო.
შენობის ფასადი კომპოზიციურად არის შექმნილი ხის და ადგილობრივი კირქვის ტექსტურის მოპირკეთებით, რაც სახლს სძენს თანამედროვე იერს, რომელიც თანხვედრაშია ადგილობრივ ხასიათთან. კონსოლზე გადმოსული მოცულობითი, ღია ტერასა სახლის მაცხოვრებლებს ხედებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. ტერასის გადახურვა წარმოდგენილია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ელექტრონულად არეგულირებს მზის სხივის დაცემის კუთხეს და ამავდროულად იცავს მას წვიმისგან.
საცხოვრებელი სახლის ეზოს ზედა დონეზე განთავსებულია აუზი, რომლის აღმოსავლეთითაც მდებარეობს საჩრდილობელი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები.
ინტერიერი გამოირჩევა ბუნებრივი მასალებისა და მშვიდი ტონების სინთეზით. დიდი ვიტრაჟებისა და შემინული ჭერის ჩანართების მეშვეობით უზრუნველყოფილია ბუნებრივი განათების მაქსიმალური შემოდინება ინტერიერში. ხის ჭერისა და სხვადასხვა ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების კომბინაცია ქმნის მყუდრო გარემოს, ხოლო დამკვეთის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია განსაკუთრებულ ხიბლს სძენს საცხოვრებელ სივრცეს.
დიზაინ სტუდია: Spectrum
ფოტოგრაფი: Billy Bilikhodze Photography