ნინო ეგაძე თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორია. თუმცა, ეს პროფესია მისი ერთადერთი ინტერესის სფერო არ არის. ნინო გატაცებულია ხელოვნებით და მას ეს საქმიანობა ძალიან კარგად გამოსდის. ალბათ სწორედ მისი შემოქმედებითი ბუნების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ის საკუთარი ინტერიერის შექმნის პროცესს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ორიგინალური ხედვით მიუდგა. დღეს ის სწორედ ამ გამოცდილებაზე გვიამბობს.
-ნინო, გვიამბეთ თქვენი სახლის შესახებ. როგორ შეარჩიეთ ის? რა იყო თქვენი მთავარი მოთხოვნები ახალი საცხოვრებელი სივრცისადმი?
-ბევრს ვფიქრობდი იმის თაობაზე თუ როგორია სახლი, რომელიც მინდა, სახლი რომელიც მიყვარს. ბოლოს კი მივხვდი, რომ ეს ჩემთვის არ არის ერთი ადგილი ან ერთი კონკრეტული გარემო. მიყვარდა ჩვენი ბავშვობის სახლი სოლოლაკში, ყოველთვის მომწონდა ტყესთან ახლოს ცხოვრება კიკეთში, მომწონს ახლანდელი ადგილსამყოფელიც ვაკის პარკთან და ის ფაქტიც, რომ ახალ-ახალი, საინტერესო ადგილები შეიძლება გაიხადო შენს სახლად.
თავდაპირველად ისიც ვერ გადავწყვიტე, რა სტილში მსურდა მომავალი სახლის მოწყობა, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ სივრცე თვითონ გაძლევს მიმართულებას. ხანდახან შემთხვევითი ნივთები ან ფაქტები გკარნახობს იმას, თუ როგორი იქნება სახლის ინტერიერი.
სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, შემთხვევით გახდა ჩემი. სულაც არ ვფიქრობდი მის შეძენას, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ასე გამოვიდა. ისიც არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა იქ ცხოვრებას, ამიტომ მისი ფუნქციაც ჩემი საყვარელი ნივთების ადგილსამყოფელი გახდა, ახლა კი ეს ჩემი სახელოსნო და სამუშაო სივრცეა. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ვეძებდი, იყო ძველი, ლამაზი სახლი აივნითა და მაღალი ჭერით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას უნდა დაეტია ჩემი ნახატების კოლექციაც. დიდი ხნის ძიების შემდეგ, სივრცე ჩემი არსებული პატარა ბინის თავზე ვიპოვე, საუკეთესო მეზობლებით.
-გქონიათ თუ არა ამ დრომდე რემონტის გამოცდილება? როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
-კი, რემონტის გამოცდილება მქონია, თუმცა ამ სახლს თავისი კონკრეტული წინაპირობები გააჩნდა: იატაკი ხის იყო და მისი შეცვლა დამენანა, აივანი არ იყო და ფაქტიურად, მე “შევქმენი”, კედლები მაქსიმალურად მოვხსენი და შესაძლებელი გახდა ჩვენი წინაპრების ნივთებისა და თითქმის ყველა ნახატის განთავსებაც. ჩემთვის რემონტი ძალიან სასიამოვნო საქმეა, თუმცა ძალიან მიჭირს დროის გამონახვა და შესაბამისად, კონკრეტული დეტალების სრულყოფა, რის გამოც ხშირად იმედგაცრუებულიც ვყოფილვარ. ამას გარდა, ამ ბინის რემონტის ბოლო ეტაპი პანდემიის პერიოდს დაემთხვა და კიდევ უფრო გამიჭირდა იმის მიღება, რაც რეალურად მსურდა. რა თქმა უნდა, საქმე გავირთულე და გადავწყვიტე ყველაზე რთული კომბინაციით წავსულიყავი.
-დაგეხმარათ თუ არა პროფესიონალი დიზაინერი ინტერიერის მოწყობაში?
-თავიდან რამდენიმე ჩემი ინტერიერის დიზაინერი მეგობარი გამომეხმაურა, თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ვერ მოიცალეს. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემით გამეკეთებინა დიზაინი. მიზნად დავისახე ინტერიერი მინიმალისტური ყოფილიყო, მაქსიმალურად ღია ფერებში.
-რა მიზანი გქონდათ დასახული რემონტის საწყის ეტაპზე? თავიდანვე იცოდით თუ არა როგორი ინტერიერი უნდა გქონოდათ ამ ბინაში?
-მქონდა რამდენიმე საკრალური ნივთი, რომელმაც ჩემი ინტერიერის სტილი განსაზღვრა. ეს არის დიდი ბებიის კარადა, რომელიც საუკუნეებს ითვლის (მან 1930იანი წლების გადასახლებასაც გაუძლო) და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სასადილოს ონკანი, რომელშიც ადრე წყაროს წყალი მოდიოდა და ნახატი „ნესტან-დარეჯანი”. სწორედ ამ ნივთების გარშემო მოეწყო ყველაფერი.
-რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი სახლში და რატომ?
-ჩემი საყვარელი ადგილი აივანია, რომელიც ზამთარშიც და ზაფხულშიც გამოიყენება. ეს სივრცე განსაკუთრებით შემიყვარდა, რადგან ის შეზღუდვების პერიოდში მეგობრების ნახვის საშუალებას მაძლევდა. თან მე ძალიან მიყვარს ჰაერზე ყოფნა და სანამ დანარჩენი სახლი დასრულდებოდა, იქ “დავიდე ბინა”.
-რა წარმოადგენდა მთავარ სირთულეს თქვენთვის რემონტის პროცესში?
-სირთულე იყო დროის დეფიციტი. ასევე ის მომენტი, რომ ძველმა ნივთებმა დანარჩენი ინტერიერის სტილი განსაზღვრა და შესაბამისად, ამ კონკრეტული მოცემულობით უნდა შემერჩია სხვა დეტალები. თუმცა, რეტროსა და ე.წ. “ვინტაჟური” ნივთების შოვნა თბილისში საკმაოდ რთული აღოჩნდა. ამის გამო, მიწევდა ელიავას ბაზრობაზე, სხვადასხვა მაღაზიებსა და ძველმანების სალონებში სიარული და კონკრეტული მოხაზულობის დეტალების ძებნა. ძალიან მიჭირდა ხელოსნებისთვის ამეხსნა თუ რისი მიღება მსურდა საბოლოოდ. დაძველებული მილების საპოვნელად ელიავაზე 10-ჯერ მომიწია ყველა რიგის შესწავლა (შესაბამისად, ამისთვის 10 შაბათ-კვირის ლოდინიც). ბრინჯაოსფერ ხუფს კი იმდენ ხანს ვეძებდი ყველგან, რომ ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა, სრულიად უცხო ადამიანმა მაჩუქა ის და ზომაც რაღაც ჯადოსნურად ზუსტად დაემთხვა. მე მაგალითად, მოთმინება არ მაქვს და შეკვეთას არასდროს ვთანხმდები, ყველაფერი უნდა ვნახო და ხელით შევეხო. ახლა ვხვდები, რომ ამ ძიებაში საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე და სიამოვნებით დავიწყდები ახალ რემონტსაც.
-რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაციები მათთვის, ვინც ახლა იწყებს საცხოვრებელი სივრცის რენოვაციის პროცესს?
-თუ რემონტს ახლა იწყებთ, დრო იმაზე მეტი „მოიმარაგეთ“, ვიდრე გგონიათ, რომ გჭირდებათ. თუ ფერი და დიზაინი თქვენი ძლიერი მხარე არაა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. არ შეეცადოთ სახლი მთლიანად მოაწყოთ, დაუტოვეთ მას თავისუფლება, რომ მან თავად გიკარნახოთ დანარჩენი დეტალები. ხშირად მიდით და დაათვალიერეთ სახლი, რომელშიც რემონტი მიმდინარეობს, ისიამოვნეთ ამ პროცესით. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წინაღობა შეგხვდებათ, ყოველთვის ადგილზე იყავით, როდესაც მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. გადაუღეთ სურათები ნივთებს ან დეტალებს, რომლებიც მოგეწონათ, ვინაიდან შემდეგ უკვე ვერასდროს გაიხსენებთ სად ნახეთ ან რა ნახეთ. დაიხმარეთ ახლობლები იმ საქმეში, რომელიც თქვენ არ გიყვართ. არ დაგენანოთ დრო და ენერგია და გააკეთეთ ე.წ „მუდბორდები“ – ერთად შეკრებილი მასალა ან დეტალები, რომელიც ინტერიერტში მოხვდება. აწარმოეთ სია საჭირო კონტაქტებით და ბიუჯეტით.
-გვიამბეთ ავეჯისა და აქსესუარების შეძენის პროცესზე. რამდენად მარტივად შეარჩიეთ სასურველი ნივთები?
-ჩემი სახლი ჯერჯერობით ცარიელია, ჩემს თავს შევუთანხმდი, რომ არ ვიჩქარებდი. ძალიან ხშირად ვნანობ, რომ კონკრეტულად ამ სახლისთვის სხვა ქალაქების ძველმანების ბაზარში ნაყიდი ნივთები ვერ ჩამომაქვს, იმასაც ვნანობ, რომ დრო არ მაქვს. ძალიან მიყვარს მშრალი ხიდი და პლეხანოვი-ნინოშვილის ტერიტორია ახალი ნივთების აღმოსაჩენად. ახალ მაღაზიებში არავის უყვარს ჩემნაირი მომხმარებელი და ხშირად მეუბნებიან ხოლმე შემდეგ ფრაზას: არა, არაფერი მსგავსი ჩვენ არ გვაქვს! ვფიქრობ, რომ წინ ბევრი დრო მაქვს და ყოველ დღე ახალ დეტალებს ვამატებ სახლს. ახლა მთავარია, რომ მაქვს სკამები, რამდენიმე ჭიქა და ყველაფერი სახატავად და სამუშაოდ.
-როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვით რემონტის პროცესში?
-ჩემ შემთხვევაში შეცდომა იყო რემონტის პირველი ფაზის ზედამხედველზე მინდობა. ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპზე თავად უნდა აკონტროლო პროცესი და ამ საქმის გადაბარება არავისზე არ ღირს. ასევე შეცდომა იყო გამოუმშრალი ხის გამოყენება ინტერიერში და ელიავას შესაძლებლობების არ ცოდნა.
-და ბოლოს, რა არის თქვენთვის ეს სახლი?
-დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი აზრით, ამ სივრცის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო იმ დროში, როცა ყველანი სახლიდან ვმუშაობთ. ზუსტად ამ პერიოდში სწავლაც მომიწია და ეს სახლი ჩემთვის სრულად დაკავშირებულია თვითშემეცნებასთან და საყვარელ ნივთებთან.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი