in

საზაფხულო სახლი სევილიაში

Banner M2
Banner M2

სევილიაში მდებარე ძველი სახლი, რომელშიც მცირე ზომის ოთახები და არაფუნქციური განლაგება ბუნებრივ შუქს სივრცეში შეღწევის საშუალებას არ აძლევდა, დიზაინერმა ანტონიო კალზადომ (Antonio Calzado) სრულად გარდაქმნა და მას ახალი სიცოცხლე მიანიჭა. პროექტის ავტორის გადაწყვეტილებით, მთავარი ამოცანა გახდა ინტერიერში მზისა და დღის შუქის შემოტანა, რაც ოთახების გაერთიანებით მოხერხდა. ისინი კი ეზოს გარშემო განვითარდა, სადაც აუზი და დასასვენებელი ზონა მოეწყო.

ინტერიერი სრულად თეთრ, კრემისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, მინიმალური კონტრასტის სახით კი აქცენტი ხის მასალასა და ჭილოფის დეტალებზეა გაკეთებული, რომლებიც ბინას სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს.

გაერთიანებულ მისაღებში მოსასვენებელი და სასადილო კუთხეებია მოწყობილი, რომლებიც ერთმანეთისგან ავეჯით არის გამოყოფილი. მოსასვენებელ ნაწილში თეთრი ტახტი, ღია ყავისფერი ხალიჩა და ორიგინალური დიზაინის მცირე ზომის მაგიდაა განთავსებული, რომელსაც ღია ტონალობის დეკორატიული ბალიშები და ტექსტილი ერწყმის. სივრცე დეკორატიულადაა გაფორმებული მინის ბოთლებით, რომლებიც ლარნაკის დანიშნულებას ასრულებს და საინტერესო აქცენტს ქმნის.

ხაზგასასმელია ისიც, რომ იატაკზე, მისაღებ, სასადილო და სამზარეულო ზონაში ფილებია დაგებული, რაც სივრცის მთლიანობას უსვამს ხაზს. სასადილო კუთხეში მრგვალი ფორმის თეთრი მაგიდა დგას, რომელსაც ბამბუკის მასალისგან დამზადებული რბილი სკამები ეხამება, ზონის გამოსაკვეთად კი ჭილოფის მოცულობითი სანათია დაკიდებული.

ყურადღებას იქცევს სამზარეულოს კუნძული, რომელიც მცირე ფორმატის ფილებით არის მოპირკეთებული. ასევე მიმზიდველია ბარის თეთრი სკამებიც, საინტერესო დიზაინ-გადაწყვეტებით, რაც ინტერიერს ინდივიდუალიზმს მატებს. სამზარეულო მინიმალისტურად არის მოწყობილი, ზედმეტი თაროებისა და კარადების გარეშე, ეს კი ოთახს უფრო მსუბუქსა და ჰაეროვანს ხდის. სივრცეს ვიზუალურად აფართოებს დეკორატიული სარკე, რომელიც სამზარეულოს უკანა ნაწილშია მოთავსებული.

სამზარეულოს ავეჯის, შემრევებისა თუ განათების მასალა და ფერები ერთმანეთს ორგანულად ეხამება და ერთიან, ნაზ, მიმზიდველ სურათს ქმნის. ოთახის გასახალისებლად კი მსუბუქადაა შემოტანილი გამწვანება.

სააბაზანო ზონაც ბუნებრივი ფერთა პალიტრით ხასიათდება, სადაც თითოეულ ფუნქციურ ნივთს დეკორატიული როლიც ენიჭება. მაგალითად, კერამიკის მოხატულ ხელსაბანს, ან ტალღური ფორმის მინას, რომელიც საშხაპესა და ჰიგიენურ ზონას ერთმანეთისგან ყოფს. ამ ოთახშიც აქტიურად გვხვდება ხის ფაქტურა.

სევილიაში მდებარე საზაფხულო დასასვენებელი ბინა ორიგინალური დეტალებით, სივრცის ერთიანობის ხაზგასმით და მსუბუქი, ბუნებრივი ფერებით ხასიათდება. გეგმარებითი ცვლილების შედეგად ბინამ იერსახე იცვალა და ნათელ გარემოდ გარდაიქმნა, ხოლო ფერების, ავეჯის, განათებისა და დეკორატიული ელემენტების დახმარებით დახვეწილი და ინდივიდუალური სტილი შეიძინა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სახასიათო სტილის მქონე ინტერიერი თბილისში — ნინი ჭანტურიასა და ლუკა ჩაგანავას პროფესიული ხედვით შექმნილი საცხოვრებელი

სახლი თვალწარმტაც იზოლირებულ ყურეში — Herbst Architects-ის პროექტი