in

კონტრასტული აქცენტებით შექმნილი სახლი შინდისში — ტატა ქათამაძისა და დათკა გელაშვილის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში ტატა ქათამაძისა და დათკა გელაშვილის სახლზე გიამბობთ, რომელიც შინდისში მდებარეობს. ობიექტის მიწის ფართობი 600 მ2-ს, ხოლო საცხოვრებელი ფართი 600 მ2-ს შეადგენს.

ტატა ქათამაძე მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს, თუმცა მისი წარსული გამოცდილება ხელოვნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ტატას მრავალმხრივი პროფესია ბალერინობას, რეჟისორობასა და მარკეტინგის სპეციალობას აერთიანებს, რაც ტატას საშუალებას აძლევს, ყველა საკითხს შემოქმედებითი თვალით შეხედოს. აქედან გამომდინარე, საკუთარი სახლის ინტერიერზეც თავად იზრუნა და სრულიად დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე შექმნა დიზაინ პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში არაერთ სირთულეს წააწყდა (რაც მასალების სიმცირესა და პროფესიონალი კადრების მოძიებას უკავშირდებოდა), საბოლოოდ, დასახულ მიზანს მიაღწია და სახლი ჩაფიქრებული კონცეფციის მიხედვით მოაწყო.

„ორი წელი მთლიანად ამ სახლის მშენებლობას მივუძღვენით. ეს ძალიან დამღლელი, მაგრამ ამასთანავე, იმდენად სასიამოვნო პროცესი გამოდგა, რომ ვფიქრობ, ამ პროცესში საკუთარი თავი ვიპოვეთ და ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინეთ. შეიძლება ითქვას, რომ “ვერ ვისვენებთ”, მუდმივად ახალი იდეები გვიჩნდება და სახლში მათი განხორციელება გვსურს. პროცესში ყველა დეტალს დიდი ყურადღება სჭირდება. მათ შორის პატარა  წვრილმანსაც, რადგან სწორედ ეს არ უნდა დათმო, თუ ხარისხზე ორიენტირება და იმ იდეის შექმნა გსურს, რაც ჩაიფიქრე“, — აღნიშნავს ტატა ქათამაძე.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მან და მისმა მეუღლემ სახლის აშენება თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გადაწყვიტეს, შესაფერს  ადგილს კი შინდისში მიაგნეს, რომელიც სუფთა ჰაერით, სიმშვიდითა და ქალაქთან სიახლოვით ხასიათდება. ამასთანავე, დასახლებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს  და შესაბამისად, ოჯახის უმანქანო წევრებს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექმნებათ.

მიწის ნაკვეთის შერჩევისას გადამწყვეტი აღმოჩნდა ქალაქის ხედი, ულამაზესი ექსტერიერი და უსახური შენობების არარსებობა.

ლანდშაფტიდან გამომდინარე, დაპროექტდა ტერასული ტიპის სახლი, რომელიც სამი სართულისგან შედგება. სახლის პირვანდელი პროექტირება და გეგმარება არჩილ რამიშვილის შესრულებულია, ხოლო შემდგომში სახლის ფასადის სრულყოფილი პროექტი არქიტექტურულ კომპანია „Laboratory of Architecture #3“-ს ეკუთვნის, არქიტექტორ დიმიტრი შაფაქიძის ავტორობით, რომელმაც ნაგებობაში ოსტატურად ასახა მაცხოვრებლების სურვილები და საჭიროებები.

სახლი მოიცავს — 6 საძინებელს, 5 სველ წერტილს, 2 მისაღებს, სამზარეულოს, 2 კაბინეტს, 2 სათავსო ოთახს, სამრეცხაოს, 2 ვერანდას, 1 აივანს, აუზის ტექნიკურ ოთახსა და ავტოფარეხს, რომელიც 3-4 მანქანაზეა გათვლილი. მაქსიმალური პრაქტიკულობისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად კი ოთახები სამ სართულზე ოპტიმალურად არის გადანაწილებული.

I სართულზე გვხვდება აუზზე გასასვლელი ვერანდა, გასართობ-დასასვენებელი ოთახი, სტუმრებისთვის განკუთვნილი აბაზანა, კაბინეტი, სათავსო და სამრეცხაო.

II სართულზე, რომელიც სახლის ცენტრალური შესასვლელია უკანა ქუჩიდან, განლაგებულია დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სტუმრებისათვის განკუთვნილი სველი წერტილი.

III სართულზე კი ­6 საძინებელი და 3 აბაზანაა დაპროექტებული. თითოეული სართულის ფართობი 200 მ2-ს შეადგენს, პირველსა და მეორე სართულებზე ჭერის სიმაღლე 4 მეტრს უდრის, მესამე სართულზე კი ეს მაჩვენებელი 3 მეტრს აღწევს.

ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და მასში კონტრასტული აქცენტები ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება. სივრცეში ინდივიდუალიზმი და სიცოცხლე იგრძნობა, რაც მასალების, ფაქტურების, ავეჯის, დეკორის ელემენტებისა და ფერთა ურთიერთკავშირით მიიღწევა.

სახლის ძირითად ნაწილში – სამზარეულოში, შემოსასვლელში, მოსასვენებელ სივრცესა და ვერანდებზე – ინდუსტრიული ბეტონის პოლირებული იატაკი გვხვდება. მისაღებსა და საძინებლებში კი მუხის პარკეტია გამოყენებული. ეს საინტერესო კონტრასტი, ერთგვარად, ცივ და თბილ ელემენტებს აბალანსებს და სახლს უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება კედლის მოპირკეთებას, მთავარ სართულზე არსებული სპეციალური ფაქტურა დამუშავებული ფითხით არის მიღებული, დანარჩენ სივრცეში კი შეღებილი ქაღალდია გამოყენებული, რომელიც ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი.

სახლი გაფორმებულია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი აქსესუარებითა და დეკორატიული ნივთებით. მათ შორის ულამაზეს აქცენტებს ქმნის ბრაზილიიდან ჩამოტანილი მანგოს ხის ლარნაკი, ხელნაკეთი აფრიკული სკულპტურები, რომელთა ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ამასთანავე, ყურადღებას იქცევს ხელოვნების ნიმუშები და ნახატები, რომლებიც მთელ სივრცეშია განლაგებული.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და მთელი 2 წლის მანძილზე, სანამ სახლი შენდებოდა და რემონტდებოდა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ნივთები შევაგროვეთ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, სახლში რომ გადავედით, ყველაფერი გვქონდა — ავეჯიდან დაწყებული, აქსესუარებით დამთავრებული. ჩვენი სამოგზაურო ჩემოდანი ყოველთვის სახლის ნივთებითაა სავსე, რადგან ვფიქრობთ, რომ სახლს უნიკალურს ხდის სწორედ მისი ხასიათი, რომელსაც თუ სული არ შთაბერე, ვერ ჩამოყალიბდება“, — გვიამბობს ტატა ქათამაძე.

დიდი ყურადღება ექცევა ავეჯსა და დიზაინობიექტებს. მაგალითად, პირველ სართულზე, მოსასვენებელ-გასართობ ზონაში, კომფორტული, მასიური ტახტი და სავარძლებია განლაგებული, რომლებიც ორგანულად ერწყმის იატაკის საფარს და ერთიან სურათს ქმნის. აღსანიშნავია ხის ჩუქურთმებიანი ტელევიზორის მაგიდა, რომელსაც მიმზიდველი ესთეტიკა შემოაქვს სივრცეში. კედელის ფარდაგები, ჭილოფის ელემენტები და ფერადი სკამები კი ოთახს სიხალისესა და სიმყუდროვეს სძენს.

განსაკუთრებით მიმზიდველი სასადილო კუთხეა, სადაც ერთი კედელი სრულად ნახატებითაა გაფორმებული. ავეჯი დახვეწილი, ორიგინალური ფორმებით ხასიათდება. გამორჩეულ იერსახეს მას ხის ფაქტურა ანიჭებს ­ — ხის ტელევიზორის მაგიდა, ხის ელემენტები მოსასვენებელ ტახტზე, ხის სასადილო მაგიდა ­— რომელიც იდეალურად ერწყმის მუხის პარკეტს  და ერთგვარ კონტრასტს ქმნის დომინანტურ ბეტონის ჭერთან. ოთახს საოცრად ალამაზებს საერთაშორისოდ აღიარებული ჩეხური ბრენდის, „TON“-ის სკამები და „ნემოს“ უმშვენიერესი ტორშერი.

სამზარეულოში საინტერესოდ შემოდის მწვანე აქცენტები, რომლებიც ბუნებრივ გამწვანებას ეხამება და ინტერიერს აცოცხლებს. იტალიური მასალითაა დამზადებული ინდივიდუალური დიზაინის სამზარეულოს ავეჯი, რომელიც კრემისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი.

მთავარ საძინებელში დახვეწილობა და სკანდინავიური ესთეტიკა იგრძნობა, რაც ხის ფაქტურის სიმრავლით, ჭილოფის დიზაინობიექტებით, სადა ფერთა პალიტრითა და დეკორატიული განათებით მიიღწევა. საძინებლის გამორჩეული დეტალი კედელია, რომელზეც იაპონელი ხელოვანის, Kamisaka Sekka-ს ნახატი ხელნაკეთ შპალერზეა  დატანილი. ეს დეკორატიული ჩანართი ოთახს ეგზოტიკურ იერს სძენს და საუცხოო ატმოსფეროს ქმნის.

ტატა ქათამაძისა და დათკა გელაშვილის სახლში ერთმანეთს გემოვნებიანად ეხამება მინიმალიზმი და კონტრასტული აქცენტები. სივრცე  მაცხოვრებლის ხასიათსა ირეკლავს და უნიკალური სტილით გამორჩევა.

„ჩვენ გვსურდა მინიმალიზმის, სიმყუდროვისა და სითბოს სინთეზი, რაც საბოლოოდ, სადა და ფერადოვან ინტერიერს შექმნიდა. ზოგადად, კონტრასტები ძალიან მიყვარს ცხოვრებაში და ამ სივრცეშიც ბევრი ელემენტი შინაარსობრივად ამ იდეით შევქმენი. ვფიქრობ, სახლი არის სიცოცხლე და ინდივიდუალიზმი, სადაც უნდა შეივსო, დაისვენო და ყოველთვის იპოვო საკუთარი თავი“, — ტატა ქათამაძე.

არქიტექტურული პროექტი — „Laboratory of Architecture #3

სარემონტო კომპანია — „დომუსის“ სამშენებლო და სარემონტო ჯგუფი; დამოუკიდებელი სამშენებლო ჯგუფი 

გამოყენებული მასალები:

აბაზანის ფილები: „Belle Maison“

შემრევები:  „Hansgrohe“

განათება: „ახალი ნათება“; „KARE“

ავეჯი: „IKEA“; „TON“; „ლაბორატორია ჩემი სახლი“; „KARE“; „FORUM By New Light“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

“ტალღოვანი” სახლი კანადაში – არქიტექტურული სტუდია PARTISANS-ის პროექტი

არქიტექტურული კომპანია MUA-ს ვორქშოპი – სილოს შენობის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობები