in ,

სახლი სოლოლაკში, რომელიც ერთ დროს ერეკლე II-ს აგარაკი იყო

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, სოლოლაკში მდებარეობს.  ეს გახლავთ მე-18 საუკუნის ნაგებობა, რომელიც ერთ დროს ერეკლე მეორის აგარაკსა და მოსასვენებელს წარმოადგენდა. იმ დროს, პირველ სართულზე საჯინიბო იყო განთავსებული. როგორც ირკვევა, სახლი სრულად თბებოდა ბუხრის სისტემით, რაც მოიცავდა კედლებში გაყვანილ მილებს სხვადასხვა ოთახების ბუხრებს შორის.

„როდესაც ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა ამ სახლში გვეცხოვრა, წარმოუდგენელი მეგონა მისი გარემონტება, იმდენად ძველი და დანგრეული იყო ყველაფერი“, – გვიამბობს სივრცის ამჟამინდელი მფლობელი – ანი კვარაცხელია, რომელიც Homeis.ge-ს საკუთარ სახლში მასპინძლობს.

სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მეპატრონეებს მოუწიათ სახლის გამაგრება. ამ პროცესმა საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მოითხოვა მომავალი ბინადრებისგან. „ჩვენც არ ვიცოდით ზუსტად რასთან გვქონდა საქმე. დროდადრო გამოჩნდა ის სამუშაოები, რაც ჩასატარებელი იყო იმისთვის, რომ ბინა რემონტამდე მიგვეყვანა“– იხსენებს ანი.

სახლი ორი სართულისგან შედგება, თუმცა, სარემონტო სამუშაოების დაწყებისას პირველი და მეორე სართულები ერთმანეთს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან ადრე აქ ორი სხვადასხვა მაცხოვრებელი ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ახალმა მეპატრონეებმა ეს ორი ბინა გააერთიანეს და ისინი კიბით დაუკავშირეს ერთმანეთს.

ანისა და მისი მეუღლის მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ სახლის ორიგინალური დეტალები – აივანი, ვიტრაჟული ფანჯრები, იატაკი და კედლები. ეს საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, რესტავრირება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუმცა, წყვილმა დასახულ მიზანს მაინც მიაღწია. რენოვაციის პროცესში მოხდა სახლის სრული განახლება: მოიხსნა კედლების საფარი და გაუკეთდა რესტავრაცია ვიტრაჟებს, ბუხრებს, ფანჯრებსა და დარაბებს. სახლის პირველი სართული სრულად აგურისაა, ჭერში კი სამი საუკუნის ხის მორები გვხვდება, რაც უცვლელად იქნა შენარჩუნებული.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, როგორც ანი გვიამბობს, მისი შექმნის პროცესი საკმაოდ ბუნებრივი იყო. „ამ მხრივ დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდა, ვინაიდან სახლი ისედაც დატვირთულია ფერებითა და ვიზუალური ეფექტებით. შესაბამისად, მარტივად მოხდა მისი გაწყობა ძველი ნივთებითა და ავეჯით, რაც ბუნებრივად ჩაჯდა ამ სივრცის სტილში“, – გვიამბობს დიასახლისი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

თანამედროვე ქოხი მეხიკოში – Alberto Kalach-ის ნამუშევარი

როგორ გავაფორმოთ კედელი დივანის თავზე – 8 საინტერესო ხერხი