მერი გურული 15 წელია, რაც ავეჯის სფეროში მოღვაწეობს. ბოლო 5 წლის მანძილზე მისი საქმიანობა ბრენდული სასტუმროების დიზაინ პროექტების რეალიზაციას მოიცავს და შესაბამისად, როდესაც მის ცხოვრებაში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მოწყობის ეტაპი დადგა, საერთოდ არ გასჭირვებია ამ ამოცანის შესრულება.
ნაკვეთი, რომელიც მერიმ დაახლოებით 12 წლის წინ შეიძინა, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ტაბახმელაში მდებარეობს. როგორც თავად გვიამბობს, მომავალი სახლის მდებარეობა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩია:
“ეს ადგილი თბილისთან ძალიან ახლოს არის, თუმცა ამავდროულად ის გარშემორტყმულია ულამაზესი მთებითა და ბუნებით. ამოსვლისთანავე იგრძნობა ჰაერისა და ტემპერატურის განსხვავება. აქ სიმშვიდეა და განტვირთვისათვის შესანიშნავი ადგილია. მაშინ ამ ადგილას იყო მხოლოდ წითელი ყაყაჩოების მდელო, ტაბახმელას ველის ახლანდელი ვერსია ნელ-ნელა სამეზობლომ შევქმენით.“
სახლი, რომელიც ან ნაკვეთზე განთავსდა, 300 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მისი ინტერიერის შექმნა მერიმ სრულად საკუთარ თავზე აიღო.
“პროფესიონალი დიზაინერი არ დამხმარებია, რადგან ასობით მსოფლიო დიზაინ გამოფენა მაქვს მოვლილი და თითქმის ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა რომ მიმეღო. მსურდა, რომ მაქსიმალურად სადა და ნათელი კედლები მქონოდა, რათა შემდგომ ავეჯის შესარჩევად გვქონოდა თავისუფლება. სახლში ახლაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, თუმცა საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მუდმივად ვაუმჯობესებ ინტერიერის დეტალებს,” – გვიამბობს მერი
სახლს გააჩნია ულამაზესი ბაღი, რომლის დიზაინზე ლანდშაფტის არქიტექტორმა, თამარ თავართქილაძემ იმუშავა. როგორც ცნობილია, ტაბახმელას ტერიტორია არ მარაგდება წყლით, რაც უდიდეს სირთულეს წარმოადგენს ბაღის მოვლის კუთხით. თუმცა, როგორც მერი გვიამბობს, თამარ თავართქილაძესთან თანამშრომლობით მან სასურველ შედეგს მაინც მიაღწია და დღეს სახლის ექსტერიერიც საუცხოოდ გამოიყურება.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე