in

კერძო სახლი ტაბახმელაში რძისფერი ინტერიერით – ნია მგელაძის ნამუშევარი

ტაბახმელაში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე კერძო სახლის დიზაინ პროექტი ინტერიერის დიზაინერ ნია მგელაძეს ეკუთვნის. ობიექტის ფართობი 400 კვადრატულ მეტს შეადგენს და ის შედგება მისაღები ოთახის, სამზარეულოს, 3 სველი წერტილის, 4 საძინებლის, 3 ღია ვერანდის, აივნისა და მარნისგან.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მუშაობის პროცესში მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტორი, რომ დამკვეთი არ იმყოფებოდა საქართველოში და დეტალების შეთანხმება ონლაინ ხდებოდა. შესაბამისად, დამკვეთს ყველა ჩატარებული სამუშაო ფოტო და ვიდეო მასალით ეგზავნებოდა, რაც პროექტის ავტორში მღელვარებასა და მოუთმენელ მოლოდინს იწვევდა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო სახლის მფლობელის რეაქცია. სამუშაო პროცესი ნამდვილად დიდ ნდობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა. ამ ამოცანას ნიამ, საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი საქმეთა მმართველის, მამუკა ტყებუჩავას დახმარებით და დამკვეთის კმაყოფილება დაიმსახურა.

დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო გამორჩეული ინტერიერის მქონე სახლი მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელიც მიმზიდველ ვიზუალთან ერთად. პრაქტიკული და სწორად დაგეგმილი დეტალებით უნდა დაკომპლექტებულიყო. დამკვეთის სურვილს იყო, მიეღო გაშლილი სივრცე ნათელი ფერებით, ბუნებრივი განათებითა და იზოლირებული სამზარეულო ოთახით.

დასახული მიზნის მისაღწევად, მისაღები და სამზარეულო სივრცეები გაიშალა და მათ შორის შუშის ვიტრაჟული კარი მოთავსდა, რომელიც დეკორატიულთან ერთად, გამყოფის ფუნქციას ასრულებს და განსაკუთრებული ელფერი შეაქვს ინტერიერში. ერთი მხრივ, ის ორი ოთახის ზონირებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, მათ ორიგინალურად აერთიანებს და სივრცეს ბევრად უფრო ნათელსა და მოცულობითს ხდის.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, პირველ სართულზე განლაგდა მისაღები, სტუმრების საძინებელი, სველი წერტილი და სამზარეულო, რომელიც დიდ დახურულ ტერასაზე გასვლისა და არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა.

მეორე სართულზე კი მოთავსდა სამი საძინებელი, 2 სველი წერტილი და სამრეცხაო ოთახი, რომელიც ამ ადგილას სწორედ დიასახლისის სურვილით დაიგეგმა, რადგან მეტად პრაქტიკული იქნებოდა ამავე სართულზე მომხდარიყო იქვე არსებული საძინებლისა და გარდერობების დასუფთავება თუ რეცხვა. სახლის ამ ნაწილშია განლაგებული ორი ულამაზესი ტერასა და1 შედარებით მცირე ზომის აივანი. მინუს ერთი სართული კი მარანს დაეთმო, რომელიც ღვინის შესანახ ადგილს, მცირე ზომის მოსასვენებელ კუთხესა და პატარა ბიბლიოთეკას მოიცავს.

დიზაინერის თქმით, მისთვის ყველაზე გამორჩეული ადგილი სამზარეულოს უკავია. ფანჯრის გარშემო მოწყობილი ჩასაჯდომი სივრცე განსაკუთრებული ჩანართია სამზარეულოს დიზაინში. მის უკან დამალულია გათბობის რადიატორი, რომელიც დიზაინის თვალსაზრისით ორიგინალურად და მოხდენილად გაჰყვება რაფას. ეს ზონა განსაკუთრებით კომფორტული ზამთრის ცივ დღეებშია და მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, თბილად მოკალათდნენ დასაჯდომ სივრცეში, საყვარელი წიგნი წაიკითხონ ან ფინჯანი ყავა/ჩაი მიირთვან.

ინტერიერი სადა და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც დომინანტურ ფერს თეთრი წარმოადგენს. შესაბამისად, მთლიან სახლში ჰარმონიულობის, ერთიანობისა და საოცარი სიმშვიდის ატმოსფერო იქმნება. აქ არ გვხვდება ზედმეტი ფერებისა და აქსესუარების სიჭარბე. პირიქით, ელეგანტურობისა და სისადავის შეთანხმებული ნაზავი იგრძნობა და დახვეწილ ესთეტიკას ქმნის.

კედლებზე გამოყენებულია თეთრი ფერის კედლის ქაღალდი და საღებავი. ღია ფერის მდფ-ის იატაკის საფარს კი ერთგვარი კონტრასტი შემოაქვს და მყუდრო გარემოს ქმნის. სიმყუდროვის განცდას ელექტრო ბუხარიც ამძაფრებს, რომელიც სარკის დეტალებით არის შეფუთული.

ყურადღებას იქცევს მეტალის მოაჯირიც, რომლის დიზაინიც თავად დამკვეთს ეკუთვნის. სხვადასხვა აქსესუარისა და ავეჯის მასალაში გამოყენებულია: მარმარილო, ლითონი, შუშა. ინტერიერში გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩაშენებული ავეჯი, შიდა კარები და სამზარეულო, რომლებიც კომპანია IAKAMI Factory-ის მიერ არის დამზადებული.

გარემოში ჰარმონიულად ინტეგრირებული დაფარული კარი (კარი ჩარჩოს გარეშე) სივრცეს მეტ სისადავესა და მინიმალიზმს ანიჭებს, საოცარი სიმსუბუქის განცდას წარმოშობს და უწყვეტი ზედაპირის ილუზიას ქმნის. ამასთანავე ის სივრცის ვიზუალურად გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. რძისფერი სამზარეულოს ავეჯი კი ინტერიერს ეხმიანება და ერთიანობის შეგრძნებას ბადებს. ავეჯზე გამოყენებული ოქროსფერი სახელურები მდიდრული ელფერის აქცენტირებას ახდენს. საინტერესოა ჩაშენებული სათავსოების ვიზუალიც, რომელიც უჩინარი კარის დიზაინს იმეორებს და საერთო იერსახეს იდეალურად ერწყმის.

დიზაინერის თანახმად, აღნიშნული პროექტი შეიძლება დახასიათდეს როგორც ზომიერი, დახვეწილი და კლასიკური ელემენტების მქონე ინტერიერი, რომელიც დროის გასვლის შემდეგაც კი არ არის მოსაბეზრებელი. დომინანტურ თეთრ ფერსა და ღია ხისფერ იატაკს, სახლში მინიმალისტური, სადა და მიმზიდველი ხაზი შემოაქვს, რომელსაც ორიგინალური და მომხიბლავი ავეჯი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თითოეული დეტალი – უჩინარი კარი, შუშის ვიტრაჟული კარი, სამზარეულოს ფანჯრის გარშემო მოწყობილი დასაჯდომი სივრცე, ელექტრო ბუხარი, განათების სწორი გადანაწილება და პრაქტიკულად დაგეგმარებული სივრცე სახლს ინდივიდუალურ, მოსახერხებელ და ძალიან ელეგანტურ გარემოდ აქცევს, რომლის დამახასიათებელი სტილი დროს უძლებს და მოდიდან არ გადადის.

პროექტის ავტორი: ნია მგელაძე 

ჩაშენებული ავეჯი, შიდა კარები, სამზარეულო: IAKAMI Factory

ფოტოები: ოთო გორდელაძე 

ყველაფერი, რაც ფერმის სახლის სტილის შესახებ უნდა იცოდეთ

ტრენდული ჩამრთველები როგორც ინტერიერის მთავარი განმასხვავებელი ელემენტი