თაკო ფიჩხაია პირველადი პროფესიით PR სპეციალისტია, თუმცა მას იმდენად ყოველთვის იტაცებდა ინტერიერის დიზაინი, რომ მოგვიანებით მან ეს სფეროც შეისწავლა და დღესდღეობით სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს აქტიურ მუშაობას.
“ბავშვობიდან მიტაცებდა ლამაზი ნივთები, მიყვარდა მხატვრობა, მუსიკა და ხელოვნების სხვადასხვა სფერო… ჩემი აზრით, დიზაინიც ერთგვარი ხელოვნებაა, ვინაიდან ის გულისხმობს ფერებისა და სტილის ჰარმონიულ შეხამებას და ასევე დამკვეთის სურვილების რეალობად ქცევას. ძალიან მიყვარს ფერებით თამაში. ვფიქრობ, ყველა სახლის დიზაინი მისი პატრონის ხასიათს უნდა ატარებდეს – რაც უფრო ახლოს არის კონკრეტული სტილი ადამიანთან, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ის თავს საკუთარ საცხოვრებელში.”
როგორც თაკო გვიამბობს, მისმა ოჯახმა ტაბახმელაში მიწა დიდი ხნის წინ შეიძინა. თუმცა, სახლის მშენებლობა სულ რამდენიმე ხნის წინ წამოიწყეს და პროექტი პანდემიის დაწყებამდე უკვე დასრულებული იყო.
“მას შემდეგ სულ აქ ვართ და ეს ძალიან მოგვწონს. ტაბახმელა საუცხოო ადგილია სუფთა ჰაერითა და არაჩვეულებრივი ხედებით. პირადად მე, ქალაქის ხედს მთისა და ცის ცქერა მირჩევნია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეზო ისეა განლაგებული, რომ მთელი დღე მზე დაგვცქერის, საღამოს კი მთაში მზის ჩასვლით ვტკბებით.”
მიუხედავად იმისა, რომ თაკოსთვის კერძო სახლზე მუშაობა პირველი გამოცდილება იყო, ამ ფაქტმა ის არ შეაშინა და გადაწყვიტა შეჭიდებოდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც თავად იქნებოდა ერთდროულად დამკვეთიც და შემსრულებელიც. არქიტექტურულ ნაწილზე გელა იორდანაშვილმა იმუშავა, ხოლო ინტერიერი სრულად თაკო ფიჩხაიას მიერ არის შესრულებული.
“ვფიქრობ, ჩემი სახლის ინტერიერი არის თანამედროვე, საინტერესო დეტალებით და ფერებით სავსე. ყოველ ოთახს წინამორბედის სტილის ხაზი მიჰყვება, რაც ჰარმონიულად აერთიანებს ყველაფერს ერთად. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ თითქმის სრულად მოვახდინე ყველა ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება. თუმცა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება და თანდათან ვამატებ დეკორის ელემენტებს.”
სახლს აქვს ძალიან სივრცული სამზარეულო, რომლის განლაგება ყველა ოჯახის წევრისა და რამდენიმე სტუმრის ერთდროულად განთავსების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, სწორედ ეს არის თაკოსა და მისი მეგობრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ზონა.
ყურადღებას იქცევს მცენარეების კუთხე შემოსასვლელში, რომელიც პატარა ზამთრის ბაღს წააგავს და პირველ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ძალიან ინდივიდუალურ და ინტიმურ გარემოს ქმნის მთავარი საძინებელი. მისი მოლურჯო ტონები იდეალურია განტვირთვისთვის. აქვე გვხვდება ერთი ორიგინალური დეტალი: ჭერზე წერტილოვანი ნათებებით გამოსახულია ოჯახის წევრების ზოდიაქოს თანავარსკვლავედები, რაც მოციმციმე ცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია უმშვენიერესი ეზო, რომლის დიზაინზე ლანდშაფტის არქიტექტორმა, თამარ თავართქილაძემ იზრუნა. იისფერი და ვარდისფერი გამა, ნეკერჩხალი და ხასხასა ბალახი – ეს ყველაფერი ეფექტურ კომბინაციას ქმნის და ჰაეროვნად გადადის ერთმანეთში.
“ეზოს გარეშე, რა თქმა უნდა, სახლი ასეთი მომხიბვლელი არ იქნებოდა. თამარმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე წარმომედგინა. რაც მთავარია, აქ მუდამ ყვავილობაა, ერთად თუ მონაცვლეობით. დანარჩენს უკვე დრო იზამს, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ბაღია, მაგრამ პროფესიონალის ხელი ნამდვილად ეტყობა,” – თაკო ფიჩხაია
არქიტექტურა: გელა იორდანაშვილი
ინტერიერის დიზაინი: თაკო ფიჩხაია
ლანდშაფტის დიზაინი: თამარ თავართქილაძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე