in

კონტრასტული აქცენტებით შექმნილი სახლი წყნეთში — ნინი ჭანტურიას ნამუშევარი

წყნეთში მდებარე სახლი წარმოადგენს ნინი ჭანტურიას ახალ ნამუშევარს, რომელიც ავთენტური გადაწყვეტებით და სახასიათო დეტალებით გამოირჩევა.

პროექტის მთავარი ამოცანა გულისხმობდა მიწისპირა სართულის გარე სივრცესთან ინტეგრაციას და კომფორტული, ინდივიდუალური და ნათელი სივრცის შექმნას. როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, სახლის მოგრძო კონფიგურაციიდან გამომდინარე, მისთვის საინტერესო იყო ვიზუალური გადასვლების მოწყობა ფუნქციური ზონების მინიმალური დანაწევრების გარეშე. სასურველი მიზნის მისაღწევად ინტერიერისთვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ფონი შეირჩა, რომელშიც სხვადასხვა ფერისა და მასალის ავეჯისა თუ აქსესუარების დახმარებით, ფუნქციური კომპოზიციები შეიქმნა.

Chairs- Hay / tabel- Hay / wall, floor tiles – Vitra

საცხოვრებელი სახლი განაწილებულია ორ მიწისზედა და ერთ მიწისქვეშა სართულზე. აქედან მიწისპირა სართულზე განთავსებულია საერთო თავშეყრის სივრცეები, სამზარეულო, სასადილო და მისაღები ზონები. კიბის უჯრედის საშუალებით ვხვდებით მინუს სართულზე, სადაც სათამაშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია სამი საძინებელი, კაბინეტი და ორანჟერეის სივრცე.

პროექტში გამოყენებულია როგორც ბუნებრივი ხისა და ქვის მასალები, ასევე სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის კერამიკული ფილები, ლითონის ელემენტები და ფერადი ტექსტილი. თითოეული ელემენტი საკმაოდ ინტენსიურია თავისი ტონალობით, თუმცა ერთმანეთთან კომბინაციაში მშვიდ და გაწონასწორებულ გარემოს ქმნის. ავეჯის ნაწილი ადგილობრივად არის შექმნილი და დამზადებულია კონკრეტული სივრცეებისთვის, რაც კიდევ უფრო ინდივიდუალურს ხდის პროექტს. გარდა ამისა, გამოყენებულია როგორც იტალიური, ასევე ესპანური და დანიური ავეჯისა და განათების ელემენტები.

აღნიშნულ პროექტში ჩემთვის მნიშვნელოვანი ყველა იმ ელემენტის თავმოყრაა, რაც პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე მუდმივი შეგროვების, განახლების, დაკორექტირებისა და ადაპტაციის პროცესში იყო. თავსატეხივით ამოხსნილი და საბოლოო იერსახით წარმოდგენილი სივრცეები ყველა იმ ელემენტის გამაერთიანებელია, რაც გამორჩეულს და უნიკალურს ხდის ახლს როგორც მაცხოვრებლისთვის, ასევე მნახველისთვის”, — აღნიშნავს ნინი ჭანტურია.

სახლის გამორჩეული ზონაა მისაღები სივრცე, რომელშიც თეთრი და ქვიშისფერი ტონები ჭარბობს. ბალანსის მისაღწევად კი შემოტანილია შედარებით უხეში ფაქტურის, მეტალისა და ხის ავეჯი. კედელში დამონტაჟებული ბუხარი ოთახს მყუდროებასა და თბილ ატმოსფეროს სძენს, დეკორატიული ფერადი სანათი კი სივრცეს ფერადოვნებას და სიხალისეს მატებს.

Ceiling light – Stilnovo, “Sputnik”/ coffe table – NS Product / carpet – Nani Marquina / Gobi– NS Product

ელეგანტური, თუმცა არასტანდარტული და კონტრასტული ინტერიერით ხასიათდება სასადილო ზონა, სადაც აქცენტირებული კედელი მწვანე ფერის ხის პანელებით არის მოპირკეთებული, რომელსაც საინტერესოდ ეხამება მასიური შავი მაგიდა.

Table – Iakami / Chair – MDD / Lighting / MArset

სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა სახლში, რომელიც განსხვავებული ფერთა სინთეზით ხასიათდება. აქ სამზარეულოს კედელზე გვხვდება ცისფერი მცირე ფორმატის ფილები, რომელსაც ტერაკოტისფერი სამზარეულოს ავეჯი ერწყმის, კონტრასტის სახით კი ამ კომბინაციას მთელ კედელზე დამონტაჟებული ხის ჩასაშენებელი კარადები ამშვენებს.

Table and chairs – Hay / lighting – &tradition / kitchen cabinets – Iakami

ერთ-ერთ საძინებელში სამზარეულოს ფერთა პალიტრა მეორდება და ინტერიერის მიმზიდველი, სახასიათო ესთეტიკა ნარჩუნდება. კედელი ტერაკოტისფერი საღებავით არის შეღებილი, ხოლო საწოლის კუთხე და მომრგვალებული ფორმის ჩასაშენებელი კარადები ცისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი.

მთავარი საძინებელი სადა და მინიმალისტურია. აქ წამყვან როლს ხის პანელი  და კრემისფერი ტექსტილი ასრულებს, რაც ოთახში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს განაპირობებს. მთავარ საძინებელ ოთახს აქვს იზოლირებული ინდივიდუალური სააბაზანო ზონაც, სადაც ხაკისფერი მცირე ზომის ფილები ერთმანეთს მიმზიდველად ენაცვლება.

ნინი ჭანტურიას პროექტი, მისი სხვა ნამუშევრების მსგავსად, ორიგინალური გადაწყვეტებითა და ავთენტური დიზაინით ხასიათდება, რომელშიც განსხვავებული სტილისტიკა, ფაქტურები, მასალები და ფერები ჰარმონიულ და სასიამოვნო ესთეტიკას ქმნის.

„ვფიქრობ, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, შეიქმნა გარემოსთან შერწყმული კომფორტული სივრცე, რომელიც თავისი შინაარსით, კონცეფციითაა და განწყობით მრავალფეროვანია, დასამახსოვრებელი და სამომავლოდ მარტივად ადაპტირდება დამატებით ელემენტებთან”, — აღნიშნავს ნინი ჭანტურია.

პროექტის ავტორი: ნინი ჭანტურია

ინტერიერის დიზაინის სტუდია: NS STUDIO

გამოყენებული მასალები:

სამზარეულოს ავეჯი: IAKAMI

იატაკის საფარი: VitrA

აბაზანის ფილები: DUNE, VitrA

შემრევები: VitrA

განათება: Stilnovo, vibia, marset, &tradition, nemo, ingo maurer, tooy

ავეჯი: NS PRODUCT, cassina, MDD, Hey, Midj, nani marquina, moroso, Ton

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

დეკორატიული მინა-ბლოკის უპირატესობა

5 ფერი, რომლებიც 2025 წელს ტრენდული იქნება